ჩარჩო ხელშეკრულებაზე მუშაობის გაგრძელება პუტინის პოზიციაზეა დამოკიდებული, – აცხადებს შევარდნაძე

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 19 აგვისტო, 2002) – საქართველოსა და რუსეთს შორის ჩარჩო ხელშეკრულებაზე მუშაობის გაგრძელების საკითხი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უნდა გადაწყვიტოს, – განაცხადა 19 აგვისტოს ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

“პუტინი თვითონ უნდა გაერკვეს ამ საკითხში”, – თქვა შევარდნაძემ ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას, რომლებშიც ისინი აღნიშნავდნენ, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში ბოლო დროს შექმნილი მდგომარეობის გამო ჩარჩო ხელშეკრულებაზე მუშაობის გაგრძელება შეუძლებელია.

შევარდნაძის თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობა დაინტერესებულია, რომ “რაც შეიძლება მალე მომზადდეს ისეთი დოკუმენტი, რომელიც ორივე ქვეყნის ინტერესებს გაითვალისწინებს”.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ ასევე განაცხადა, რომ აპირებს ვლადიმირ პუტინს თხოვნით მიმართოს, რათა მან შეზღუდოს ის ანტიქრთული კამპანია, რომელმაც ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსის მხრიდან თავშეუკავებელი ხასიათი მიიღო.

Exit mobile version