სამმა პარტიამ ახალი საკოორდინაციო საბჭო შექმნა

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 19 აგვისტო, 2002) – 19 აგვისტოს ედპ-ს ოფისში შეკრებილმა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის, “ტრადიციონალისტებისა” და “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას.

დეკლარაციის მიხედვით, აღნიშნულმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა ჩამოაყალიბეს საკოორდინაციო საბჭო, რომლის მიზანიცაა კონკრეტულ საკითხთა გარშემო დამოუკიდებელ პოლიტიკურ სუბიექტთა შორის შეთანხმებული, ერთიანი მოქმედებების კოორდინაცია.

საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ორგანიზაციები მიზნად ისახავენ საქართველოში პოლიტიკური პროცესების კრიმინალიზაციის ხელახლა არდაშვებას და პოლიტიკური პროცესების ძალადობრივი, ანტიკონსტიტუციური გზით განვითარების თავიდან აცილებას.

დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ნაციონალური მოძრაობისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა წინა რამდენიმე შეხვედრას დაესწრენ და სხვებთან ერთად ხელი მოაწერეს საერთო განცხადებებს ხელისუფლების კრიმინალიზაციის წინაარმდეგ.

დღევანდელი შეხვედრა გია ჭანტურიას დაბადების დღეს სიმბოლურად დაამთხვიეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მისი მონაწილენი ჭანტურიას საფლავზე გაემართნენ პატივის მისაგებად.

Exit mobile version