(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 16 აგვისტო, 2002) – “საქართველოს ხელისუფლებას არადროს ჰქონდა და არც ექნება ასლან მასხადოვთან კონტაქტები”, – განაცხადა 16 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კახა სიხარულიძემ.
15 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებისგან განმარტებები მოითხოვა პრესაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ასლან მასხადოვთან საქართველოს ხელისუფლების შესაძლო კონტაქტების თაობაზე.
კახა სიხარულიძემ გაკვირვება გამოხატა იმის გამო, რომ რუსეთის საგარეო-პოლიტიკური უწყება მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებულ დაუდასტურებელ ცნობებზე დაყრდნობით აკეთებს განცხადებებს.