შეიარაღებული შეტაკება კოდორში

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 13 აგვისტო, 2002) – ქართული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, დღეს კოდორის ხეობაში შეიარაღებული შეტაკება მოხდა ქართულ მხარესა და აფხაზების ჯგუფს შორის, რომელიც ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შევიდა. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ არსებობს.

აფხაზური მხარე, ისევე როგორც ქართული, ადასტურებს ინფორმაციას შეტაკების თაობაზე, მაგრამ ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის პირველად გახსნაში.

შეტაკება მოხდა იმ დროს, როცა სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე და აფხაზეთის თვითმარქვია რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანრი ჯერგენია მოლაპარაკებებს მართავენ გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში კოდორში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ ასევე საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჰეიდი ტალიავინი და აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობის წარმომადგენლები. დღესვე ავთანდილ ჯორბენაძე კოდორშიც აპირებს გამგზავრებას.

სიტუაცია კოდორში მას შემდეგ დაიძაბა, რაც შეიარაღებულ აფხაზთა ჯგუფი ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შევიდა. კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულმა ემზარ კვიციანმა აფხაზებს ულტიმატუმი წაუყენა, რომ ზემო კოდორი 13 სექტემბრამდე დაეტოვებინათ.

ამჟამად კოდორის ხეობას ქართველ მესაზღვრეებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობის შეიარაღებული ჯგუფებიც იცავენ.

Exit mobile version