(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 9 აგვისტო, 2002) – დღეს თბილისში ჩამოვიდა რუსეთის გენერალური პროკურატურის დელეგაცია, რომელიც ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს მართავს ქართველი მესაზღვრეების მიერ დაკავებული 13 ჩეჩენის რუსეთისთვის გადაცემის აუცილებლობაზე.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამჯერად რუსული მხარის წარმომადგენლები უფრო მომზადებულნი ჩამოვიდნენ, ვიდრე ამასწინათ, როცა რუსეთის გენერალური პროკურორი ვლადიმირ უსტინოვი ჩამოვიდა თბილისში 6 აგვისტოს და ცდილობდა საქართველოს ხელისუფლება ჩეჩენთა ექსტრადიციაზე დაეყოლიებინა.
მაშინ საქართველომ უარი განუცხადა უსტინოვს ჩეჩენთა გადაცემაზე, რადგან რუსულმა მხარემ, არ წარმოადგინა ექსტრადიციის პროცესის დასაწყებად აუცილებელი დოკუმენტაცია დაკავებულთა დამნაშავეობის დამამტკიცებელი საბუთების სახით.
ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ ცამეტივე ჩეჩენს 3-3 თვით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ დაკავებულებს საზღვრის დარღვევისა და საზღვაზრე ავტომატური იარაღისა და ასაფეთქებელი მასალების უკანონო გადატანის ბრალდებები წაუყენა.