ოპოზიცია პრეზიდენტთან შეხვედრით უკმაყოფილოა

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 26 ივლისი, 2002) – ოპოზიციური ფრაქციის ლიდერები უკმაყოფილოები არიან 26 ივლისს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრით, სადაც მინისტრთა კაბინეტისა და მხარეებში პრეზიდენტის რწმუნებულის ინსტიტუტის საკითხები განიხილებოდა.

ფრაქცია “ახალი დემოკრატების” ლიდერმა გიორგი ბარამიძემ ‘სივილ ჯორჯიას” განუცხადა, რომ “ეს იყო მორიგი ჩვეულებრივი შეხვედრა შედეგების გარეშე”. მისი თქმით, თუ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას და მინისტრთა კაბინეტს შემოიღებს, მაშინ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს, რადგან ეს პრეზიდენტის უფლებების შეკვეცად აღიქმება.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ პარლამენტს სპეციალური კომისიის შექმნა შესთავაზა, რომელიც მინისტრთა კაბინეტის შექმნასთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლის.

პრეზიდენტი ასევე არ დაეთანხმა პარლამენტარების მოთხოვნას გუბერნატორის თანამდებობის გაუქმების თაობაზე. მხარეებში გუბერნატორები უშუალოდ პრეზიდენტის მიერ ინიშნებიან.

Exit mobile version