(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 25 ივლისი, 2002) – ჩარჩო-ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებით შექმნილი რუსეთის სამთავრობო კომისიის თავმჯდომარის ბორის პასტუხოვის თქმით, ჩარჩო-ხელშეკრულებას საქართველო და რუსეთი მიმდინარე წელს მოაწერენ ხელს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი 24 ივლისს მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც რუს დიპლომატებთან გამართა მოლაპარაკებები. საუბარი ორ ქვეყანას შორის მეგობრობის, მშვიდობიანი ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო-ხელშეკრულებას შეეხებოდა.
როგორც მენაღარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, “თუ მოლაპარაკებები ამ სახით გაგრძელდა, ხელშეკრულების პროექტმა საბოლოო სახე შესაძლოა უახლოეს კვირეებშიც კი მიიღოს”.
“მოლაპარაკებები კონსტრუქტიული იყო. ჩვენ ნაკლები ვიკამათეთ და შევეცადეთ, პრობლემათა გადასაჭრელად გზები გვეპოვნა”, დასძინა მინისტრმა.
ჩარჩო-ხელშეკრულების ყველაზე პრობლემატური ასპექტი საქართველოში არსებული რუსული სამხედრო ბაზებია.