პრეზიდენტი და დეპუტატები რწმუნებულისა და მინისტრთა კაბინეტის საკითხს განიხილავენ

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 22 ივლისი, 2002) – ფრაქციათა ლიდერები და საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები ბიუროს სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ რწმუნებულის ინსტიტუტის გაუქმების საკითხი და მინისტრთა კაბინეტის შემოღების შესახებ ინიციტივა პრეზიდენტთან ერთად უნდა განიხილონ.

სავარაუდოდ, დეპუტატები პრეზიდენტს 26 ივლისს შეხვდებიან. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 21 ივლისს ქობულეთში გამართული ბიუროს სხდომის შემდეგ განაცხადა, ამ სახის მნიშვნელოვანი საკითხები ჯერ პრეზიდენტთან უნდა შეთანხმდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა განიხილოს ისინი პარლამენტმა. 

რწმუნებულს პირდაპირ პრეზიდენტი ნიშნავს და მისი გაუქმების ინიციატორად ძირითადად ოპოზიცია გამოდის. 

რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის საკითხს, დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია გამოსწორდეს მთავრობის სტრუქტურა და მხოლოდ ამის შემდეგ დაისვას მინისტრთა კაბინეტის შემოღების საკითხი.

Exit mobile version