გონიო – პოპულარობის პერსპექტივა

საბჭოთა პერიოდში ტურისტებისთვის დახურული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნაწილი უკანასკნელ დროს სულ უფრო პოპულარული ხდება ტურისტებს შორის. მაგრამ ამ რაიონის ეკონომიკა მთლიანად დამოკიდებულია ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობაზე. ჯერ-ჯერობით აჭარის სანაპირო ზოლი. რომელიც მდინარე ჭოროხის შესართავს იქით მდებარეობს, ასლან აბაშიძის არაოფიციალური განკარგულებით, დახურულია როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ინვესტორებისთვის.
აკრძალვის მოხსნის შემთხვევაში აჭარაში ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან კურორტად შეიძლება იქცეს სოფელი გონიო.

… საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის ცივი ომის პერიოდია. აწ გასული საუკუნის 60-70-იანი წლები. საბჭოთა სამხედრო ხელმძრვანელობა სსრკ-ის სამხრეთ საზღვრებს ამაგრებს. საქართველო-თურქეთის საზღვარს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა: თურქეთი ნატო-ს წევრია და აშშ-ის მოკავშირე. საქართველოში ბირთვული იარაღისგან დასაცავ ბუნკერებს აშენებენ, შემოაქვთ შეიარაღება, გადმოჰყავთ დამატებითი სამხედრო ნაწილები. აჭარის მთელი საზღვრისპირეთი, რომელიც უკვე მანამდე დიდი ხნით ადრე გახდა ერთ-ერთი დახურული ზონა იმ მრავალთაგან, რომლებიც საბჭოთა კავშირში არსებობდნენ, ერთ დიდ პოლიგონად გადაიქცა.

ვარაუდობდნენ, რომ თუ ნატო-ს სახმელეთო ჯარები თურქეთიდან საქართველოში შემოიჭრებოდნენ, მთელ საზღვირსპირა ტერიტორიას – მდინარე ჭოროხიდან თვით საზღვრამდე, მჭიდრო ცეცხლით დაფარავდნენ. მომზადებული იყო მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა, მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში, სამხედროები ამ მოსახლეობის გასაწირადაც მზად იყვნენ…

დღეს აქ ყველაფერი შეიცვალა. მოსახლეობის დიდი ნაწილი 90-იანი წლების დასაწყისიდან რეგულარულად დადის თურქეთში სხვადასხვა საქონლის შესაძენად, რომელიც საქართველოში დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს. თურქული ენა აქ გავრცელებულია ისევე, როგორც ქართული. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ინგლისურის შესწავლაც მოუწევს, რადგან გონიო სულ უფრო პოპულარული ხდება ტურისტებს შორის, რომლებიც ზაფხულში დასასვენებლად ჩადიან ზღვაზე. მაგრამ ჯერ-ჯერობით გონიოს ეკონომიკის ძირითადი ნაწილი ტურისტებს კი არ ემყარება, არამედ თურქ მძღოლებს, რომლებსაც ტვირთები გადააქვთ შორ მანძილზე.

მათთვის გონიოში აშენებულია ავტოსადგომები, სასტუროები და სასადილოები. საქართველოში ეს ყველაფერი ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე თურქეთში. გასაკვირი არცაა, რომ თურქმა მძღოლებმა თავიანთი Dდისლოკაციის ადგილად ქართული სოფელი აირჩიეს, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად ძალიან მოხერხებულ ადგილზე მდებარეობს – პირდაპირ გზატკეცილზე, რომელიც საქართველოსა და თურქეთს აერთებს.

გონიოს კაფეებსა და სასადილოებს, ყველას ერთი და იგივე თურქული წარწერა ამშვენებს – “ლოქანთა”, რაც თურქულად “სასადილოს” ნიშნავს. საღამოობით ყველა “ლოქანთა” თურქი მძღოლებითა და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებით ივსება, რომლებიც “საგასტროლოდ” აქ ბათუმიდან, თბილისიდან და რუსეთის ზოგიერთი ქალაქიდან ჩადიან. ადგილობრივი მოსახლეობა, როგორც წესი, ამ სასადილოებში არ შედის.

_ იქ თურქები მიდიან, ქართველებს იქ არაფერი ესაქმებათ, – ამბობს თენგიზი, – არა, ეს საშიში სულაც არ არის, უბრალოდ ჩვენთან ასეა მიღებული.

124 წლის წინ თურქეთმა აჭარა საქართველოს დაუბრუნა. გავიდა საკმაოდ დიდი დრო, მაგრამ თურქების მიმართ აქ მაინც გაორებული დამოკიდებულება აქვთ. ერთი მხრივ, თურქეთი ეს ინვესტიციებია, ბიზნესი და სამუშაო ადგილები. მეორე მხრივ კი, ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობას თურქებთან ურთიერთობაში დისტანცია უკავია და თურქების მიმართ არც თუ ისე იშვიათად ქართული სტუმართმასპინძლობის წესებიც არ მოქმედებს სრულად.

გონიოს მოსახლეობა ამტკიცებს, რომ მარტო თურქული ხომალდები ცლიან ნაგავს ზღვაში საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსვლისას – ამ სახით თურქები გამოხატავენ თავიანთ გულისწყრომას იმის გამო, რომ საქართველო “იბირებს” იმ ტურისტებს, რომლებიც თურქეთში უნდა ჩასულიყვნენ. ძნელი სათქმელია, რამდენად სერიოზულია ეს ჭორები, მაგრამ ტურისტების “გადაბირების” ვერსია სავსებით დამაჯერებლად ჟღერს.

თუმცა, რაც შეეხება გონიოს, ეს სოფელი დღემდე თურქ მძღოლებში უფრო პოპულარულია, ვიდრე ტურისტებში. მიუხედავად იმისა, რომ გონიოში თავისუფლად შესვლა უკვე 10 წელია შეიძლება, მასობრივად ამ ადგილისკენ დამსვენებლები მხოლოდ გასულ 2001 წელს გაემართნენ. თანდათანობით გონიო საყოველთაოდ აღიარებული დასასვენებელი ადგილის სახელს იხვეჭს, თუმცა სულ რამდენიმე წლის წინ ბევრმა თბილისელმაც კი ამ ადგილის სახელი არ იცოდა. გინიოს პოპულარობა ერთი ფაქტორითაც აიხსნება. აქ მდებარეობს უძველესი ციხე-სიმაგრე, სადაც უკანასკნელი წლების განმავლობაში არქეოლოგებმა მრავალი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს.

ჭოროხს იქით თვით თურქეთის საზღვრამდე სანაპიროზე მხოლოდ 4 სოფელი მდებარეობს: ახალსოფელი (სანაპირო სამხედრო პოლიგონს უკავია, ამიტომ ეს ადგილი ტურიზმის განსავითარებლად უინტერესოა), გონიო, კვარიათი, და სარფი. მაგრამ თუკი ჭოროხამდე დამსვენებლებს აკვირვებთ სასტრუმროების, კაფეების, რესტორნების, ბენზინგასამართი სადგურებისა და მაღაზიების სიმრავლე, ჭოროხს იქით მათ გაკვირვებას უჩვეულო სიცარიელე იწვევს. შეუმჩნეველი სასტუროები და კაფეები თურქი მძღოლებისთვის სათვალავში არც შედის. იქ, როგორც ცნობილია, მხოლოდ თურქები შედიან.

– დიახ, ჭოროხს იქით არაფერი შენდება, – დაადასტურა ჩემი დაკვირვებები ადგილობრივმა ბიზნესმენმა დურსუნმა, – ეს “წითელი ზონაა”, და “ბაბუ” (ასლან აბაშიძე) მას უფრთხილდება. არცერთი ახალი ნაგებობა, მცირერიცხოვანი კერძო სახლების გარდა. ეს მისი ეკონომიკური “კოზირია”. შეიძლება იგი ამ ადგილს თავისუფალი ეკონომიკური ზონისთვის ინახავს? ვინ იცის…

– მე შემიძლია მშვენივრად მოვაწყო ადგილობრივი პლიაჟი, – ამბობს სხვა ადგილობრივი მცხოვრები აბდულა, – ჩამოვიტან მოტოციკლებს, ავაშენებ კაფეებს, ბარს, მაგრამ… ასლანი თვლის რომ ჯერ ადრეა. რაგდანაც ასეა, აშენებით კი ავაშენებ, მაგრამ აშენებულით სარგებლობის საშუალებას არავინ მომცემს. მით უმეტეს, რომ ამ მიწების დიდი ნაწილი სახელმწიფოს ეკუთვნის. ჯერ-ჯერობით ვაპირებ, რომ გავჩეხო საკუთარი მანდარინის ბაღი და იქ ორ პატარა კოტეჯს ავაშენებ დამსვენებლებისთვის.
მრავალი ადგილობრივი მოსახლე ასევე აპირებს მოქცევას. მანდარინი კაპიკები ღირს – ბევრი მოდის, მაგრამ საზღვარგარეთ გატანა ძალიან ძვირია და არამომგებიანი. ტურისტული ბიზნესი გაცილებით მომგებიანია და პერსპექტიული.

მაგრამ ჯერ-ჯერობით გიონიში მხოლოდ ზღვაში ცურვის მსურველები თუ ჩადიან, და არა მთელი შვებულების გასატარებლად. კაფეების, ბარების, მაღაზიების, აფთიაქების და საერთოდ, ტურისტული ინფრასტრუქტურის მთელი შემადგენლობის არარსებობა მრავალს აფრთხობს. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობა სიტუაციის თავის სასარგებლოდ შეცვლას ცდილობს. ყოველ შემთხვევაში, პლიაჟზე უკვე მაშველები გამოჩნდნენ.

მართალია, სინამდვილეში ადგილობრივი მაშველები კომერსანტები აღმოჩნდნენ. სამაშველო პუნქტი მხოლოდ იმისთვის გახსნეს, რომ არალეგალური ბიზნესის წარმოების საშუალება ჰქონოდათ – გაყიდონ ლუდი, ნაყინი, გააქირაონ წყლის ველოსიპედები, ქოლგები და შეზლონები. თვიტონვე აშენებენ მაშველთა კოშკურებს ზღვაში დაჭერილი პიცრებისგან, ნელ-ნელა ასუფთავებენ პლიაჟს. მათგან შევიტყე, რომ 6 ადამიანის გადარჩენისთვის პრემიაა დაწესებული.
– პრემია, რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ეშმაკსაც წაუღია ასეთი პრემია, – ბუზღუნებენ მაშველები, – ჯობია, რომ უბედური შემთხვევა საერთოდ არ მოხდეს, საბედნიეროდ, ჩვენთან ასეთი რამ არც მომხდარა. თუმცა, ყველაზე მთავარი მაინც ტურისტებია.

გიგა ჩიხლაძე, გონიოდან

Exit mobile version