(თბილისი, 19 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – “გამორიცხული არ არის, რომ მრავალეროვნული ძალები, რომლებიც ვაზიანის ბაზაზე სამხედრო წვრთნებში იღებენ მონაწილეობას, მოგვიანებით ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგებაში იქნას გამოყენებული”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ “სივილ ჯორჯია”-სთან საუბრისას 18 ივნისს ვაზიანის ბაზაზე ნატოს სამხედრო წვრთნების “კოოპერატივ ბესთ ეფორტ 2002”-ის გახსნის ცერემონიის მსვლელობისას.
ვაზიანის ბაზაზე სამხედრო წვრთნები “კოოპერატივ ბესთ ეფორტ 2002” ნატო-ს პროგრამა “პარტნიორობა Mმშვიდობისათვის” ფარგლებში 17 ივნისს გაიხსნა და 28 ივნისამდე გასტანს.
წვრთნებში ქართველ სამხედროებთან ერთად 800 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს ნატო-ს 6 წევრი და 9 პარტნიორი ქვეყნიდან. სწავლებების მიზანია ინდივიდუალურ და მცირე ქვედანაყოფების დონეზე ურთიერთქმედების გამომუშავება სამშვიდობო ოპერაციების მსვლელობისას მიღებული გამოცდილების გაზიარების გზით.