(თბილისი, 6 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი დღეს პარლამენტის წინაშე მოხსენებით გამოდის. მოხსენება 2001 წლის მეორე ნახევარში ადამიანის უფლებათა მდგომარეობასა და სახალხო დამცველის ოფისის მუშაობას ეხება.
მოხსენების დაწყებამდე ნანა დევდარიანი იძულებული გახდა კომენტარი გაეკეთებინა ზოგიერთი დეპუტატის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ რადიკალურ განცხადებებზე.
რამდენიმე დეპუტატმა დღეს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ნანა დევდარიანი იცავს იეღოვას მოწმეების და არა ქართული მართლმადიდებლული ეკლესიის უფლებებს.
დეპუტატებმა ასევე გააკრიტიკეს 15 მაისს აშშ-ის 15 სენატორის მიერ საქართველოს პრეზიდენტისადმი გაგზავნილი წერილი, სადაც აშშ-ს სენატეს წევრნი პრეზიდენტს რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ.
დეპუტატმა გურამ შარაძემ განაცხადა, რომ ეს წერილი “საქართველოსთვის შეურაცხმყოფელია”. შარაძის აზრი სხვა დეპუტატებმაც გაიზიარეს. მისი თქმით, ნანა დევდარიანი და ადამიანის უფლებების დამცველი ზოგიერთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩამშვებები” არიან, ვინაიდან ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებს აცნობებენ, რომ თითქოს საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა.
ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ისევე როგორც ევროსაბჭო, რელიგიური უმცირესობების და განსაკუთრებით იეღოვას მოწმეების მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ.
სხვა ინფორმაცია შესაბამის თემაზე:
ამერიკელი კონგრესმენები შევარდნაძეს რელიგიური ძალადობის აღკვეთისკენ მოუწოდებენ
სახალხო დამცველის ანგარიში