სომხეთზე საგარეო-პოლიტიკური ზეწოლა იზრდება

ერევანი მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას კვლავ ერიდება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადება ზოგიერთი სომხური კომპანიის მიმართ სანქციების შემოღების თაობაზე ბოლო დროს ერევანზე გაზრდილი პოლიტიკური ზეწოლის კიდევ ერთი გამოხატულებაა.

გასულ კვირას სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა განაცხადა, რომ სანქციები სომხეთის, ჩინეთისა და მოლდოვას რამდენიმე ფირმას დაუწესდება, რომლებიც ირანთან ბირთვული შეიარაღების სფეროში თანამშრომლობენ. ბაუჩერის თქმით, აშშ-ის კონგრესი წინა დღით გაფრთხილებული იქნა და გადაწყვეტილება “ფედერალ რეჯისტერი”-ში მალე გამოქვეყნდება.

ნიშანდობლივია სომხეთში აშშ-ის ელჩის ჯონ ორდვეის კომენტარი. მისი თქმით, (ამერიკა) სომხეთის ირანთან მჭიდრო თანამშრომლობას არ ეწინააღმდეგება, მაგრამ იმედოვნებს, რომ ერევანი თეირანის მიერ “ტერორიზმის დასპონსორებას” მხარს არ დაუჭერს. “ჩვენ გვესმის, რომ სომხეთი რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში იმყოფება, მაგრამ სომხეთმა მხედველობაში უნდა მიიღოს აშშ-ის შეშფოთება ირანის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის წარმოებასთან დაკავშირებით და ამ საკითხის შესახებ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს”.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც შეერთებული შტატების ხელისუფლების ოფიციალურმა წარმოამდგენელმა სომხეთ-ირანის ურთიერთობებთან დაკავშირებით თავისი დამოკიდებულება საჯაროდ გამოხატა.

ამჟამად სომხეთი ძალზე რთული რეალობის წინაშე იმყოფება. ერთის მხრივ, თვალსაჩინოდ იზრდება აშშ-ისა და თურქეთის გავლენა რეგიონზე. საქართველოში “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამა უკვე დაიწყო. ამავდროულად, ტრაბზონში უსაფრთხოების სფეროში საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც მილსადენების დაცვას ითვალისწინებს.

მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, სომხეთი შედარებით დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის წარმართვას ცდილობს. თუმცა, საზოგადოებრივი აზრის ზეწოლით,  რუსეთთან და ირანთან მჭიდრო თანამშრომლობით ყარაბაღის ომში მოპოვებული გამარჯვების შენარჩუნებასა და თურქეთიდან მომდინარე რეალური/აღქმული საფრთხის დაბალანსებას ცდილობს.

უკანასკნელ პერიოდში აზერბაიჯანული და თურქული მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები სომხეთს შეშფოთების საფუძველს უქმნის. 6-8 მაისს აზერბაიჯანში თურქეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე დევლეთ ბაჰჩელი და თავდაცვის მინისტრი საბაჰათინ ჩაკმანოღლუ ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ. ერთობლივ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ (აზერბაიჯანის) არმია ყარაბაღის ტერიტორიაზე “ტერორისტული ცენტრების” გასანადგურებლად და მიწის გასათავისუფლებლად მზად არის. მანამდე ჩაკმანოღლუმ განაცხადა, რომ ანკარა “მხარს დაუჭერს ბაქოს ამ საკითხთან (ყარაბაღი) დაკავშირებით, როგორიც არ უნდა იყოს მისი გადაწყვეტილება”.

თუმცა, მილიტარისტული რიტორიკის პარალელურად, 15 მაისს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისმაელ ჯემი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთად პირველად შეხვდა. შეხვედრა ნატო-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის მსვლელობისას შედგა რეიკიავიკში. საყურადღებოა, რომ სამმხრივი შეხვედრის გარდა, თურქეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს პირისპირაც შეხვდნენ.

ამ შეხვედრაზე თურქეთის ხელმძღვანელობა და თურქი ექსპერტების ნაწილი დიდ იმედებს ამყარებდა. სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე ინგლისურენოვან “თურქიშ დეილი ნიუსში” გაჩნდა ცნობა, რომლის თანახმად, შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის საზღვრის გასახსნელად მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო. თუმცა, სამიტის შემდეგ გამართულ მოკლე პრეს-კონფერენციაზე გაკეთებულმა მშრალმა განცხადებემა ცხადყო, რომ თურქეთ-სომხეთის ურთიერთობებში გარღვევა ვერც ამჯერად მოხერხდა.

სააგენტო “არმინფო”-ს ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხურ მხარეს დიპლომატიური ურთიერთობების დასამყარებლად ოთხი წინაპირობა დაუყენა: სომეხთა გენოციდის საკითხის პოლიტიზაციის აღკვეთა, თურქეთისადმი ტერიტორიულ პრეტენზიებზე უარის თქმა და სომხეთის კონსტიტუციიდან შესაბამისი თავების ამოღება, “აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან” სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა და აზერბაიჯანსა და ნახიჭევანს შორის “უსაფრთხოების დერეფნის” შექმნა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გულიევმა კი განაცხადა, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარიც არ ყოფილა.  

როგორც ჩანს, შეერთებული შტატები ერევანსა და ანკარას შორის ურთიერთობების დარეგულირებას ახალი საგარეო-პოლიტიკური ვითარების ფონზე უფრო ინტენსიურად შეეცდება. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით სომხეთში არსებულ ნაციონალისტურ განწყობას ვერც საერთაშორისო თანამეგობრობა და ვერც სომხეთის ხელმძღვანელობა იგნორირებას ვერ გაუკეთებს.  

სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის ინტერესების ზრდის ფონზე მრავალი ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთი შეეცდება ყარაბაღის კონფლიქტის შენარჩუნებას სომხეთზე და აზერბაიჯანზე ზეწოლის მოსახდენად. აზერბაიჯანის ყოფილი სახელმწიფო მრჩევლის ვეფა გულუზადეს აზრით, სამშვიდობო პროცესში გარღვევის მოსახდენად დასავლეთის სახელმწიფოებმა, სომხეთის ნაცვლად, უპირატესად, რუსეთის დამოკიდებულების შეცვლაზე უნდა იმუშაონ.

თუმცა, სომხეთის მხოლოდ რუსეთის სატელიტად განხილვა, რომელსაც დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, შეცდომაა. ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია სომხეთის შიდა-პოლიტიკური ვითარება: ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები სომხეთში და სულ უფრო ინტენსიური ხდება პრეზიდენტის წინააღმდეგ ოპოზიციური პარტიების გამოსვლა, პოპულარობას კარგავს ნაციონალისტი პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი, რომლის მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებენ. ამასთანავე, საყურადღებოა, რომ მრავალი ანალიტიკოსის აზრით, მოსალოდნელია სომხეთში ანდრანიკ მარკარიანს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი სერჟ სარქისიანი ჩაენაცვლოს.

ამგვარ ვითარებაში კი, ძნელი წარმოსადგენია, რომ კოჩარიანის ხელისუფლება რაიმე დათმობაზე წავიდეს. მზარდი სოციალური უკმაყოფილება და რადიკალური შეხედულებების მქონე სერჟ სარქისიანის შესაძლო გაპრემიერება იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ სომხეთი რეგიონულ სახელმწიფოებს შორის იძულებითი ბალანსირების პოლიტიკას გააგრძელებს.  

Exit mobile version