(თბილისი, 14 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი როგოზინის განცხადებით, ამჟამად პანკისის ხეობაში იმალება პიროვნება, რომელიც 9 მაისს დაღესტნის ქალაქ კასპიისკში მომხდარ ტერორისტულ აქტში არის ეჭვმიტანილი.
როგორც როგოზინმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსთან” საუბრისას აღნიშნა, “რუსეთს აქვს მორალური უფლება, პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაცია განახორციელოს, ისევე როგორც ეს აშშ-მა ავღანეთში გააკეთა”.
კასპიისკში მომხდარი აფეთქების შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა.
როგოზინის თქმით, 14 მაისს დაგეგმილ სათათბიროს სხდომაზე, რომელიც ჩეჩნეთის საკითხს მიეძღვნება, ის პანკისის ხეობის საკითხს დააყენებს.