(თბილისი, 3 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტებმა 2 მაისს ტელეფონით ისაუბრეს, – იუწყება საქართველოს სახელმწიფო კანცელარია.
კანცელარიის ოფიციალური მონაცემებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მადლობა გადაუხადა ედუარდ შევარდნაძეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერის გამო.
ბუშის თქმით, საქართველო ანტიტერორისტული კოალიციის წევრია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
შევარდნაძემ კი, თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოში “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის განხორციელების გამო.