(თბილისი, 22 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს ფრაქცია “ტრადიციონალისტის” წევრის თემურ ფიჩხაიას მანქანა დისტანციური ასაფეთქებელი მოწყობილობით ააფეთქეს. აფეთქება ქალაქგარეთ, ოქროყანა-თბილისის გზაზე მოხდა.
აფეთქებისას მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოშია მოთავსებული, თუმცა არცერთი დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ნაპოვნია დისტანციური მართვის პულტი. სავარაუდოდ, დამნაშავე დილიდანვე იმყოფებოდა ახლომდებარე ტყეში და მანქანის გავლას ელოდებოდა.
დეპუტატი თემურ ფიჩხაია აფეთქების მიზეზს ვერ ასახელებს. ის კომპანია “აიეტის” ყოფილი მფლობელია, ახლა კი ერთ-ერთ სასტუმროს ფლობს.
მომხდარს უშიშროების სამინისტრო იძიებს.