(თბილისი, 12 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – დეპუტატმა ივერი ჭელიძემ დღეს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთმა კოდორის ხეობაში რამდენიმე ათეული სამხედრო პირი გადმოსხა. ამავე დროს გუშინ ღამით კოდორის თავზე 4 ამოუცნობი სამხედრო და რამდენიმე სამოქალაქო ვერტმფრენი დაფრინავდა.
პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ამ ცნობის დადასტურების შემთხვევაში, ეს რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევა იქნება.
11 აპრილს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ 2 აპრილს ხელმოწერილი პროტოკოლი შეასრულა და კოდორის ხეობიდან რეგულარული ჯარები გამოიყვანა.