ქართული ჯარები კოდორს ტოვებენ

სამთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ ქართულ-აფხაზურმა მხარეებმა კოდორის ხეობასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.

2 აპრილს თბილისში ხელი მოეწერა პროტოკოლს, რომლის თანახმადაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 10 აპრილამდე ზედა კოდორიდან შეიარაღებულ ძალებს გამოიყვანს. აფხაზური მხარე კი ვალდებულია კოდორის ქვედა ნაწილიდან და ტყვარჩელის რაიონიდან მძიმე შეიარაღება გაიყვანოს.

შეთანხმების შემდეგ მხარეები აცხადებდნენ, რომ პროტოკოლი ხელს შეუწყობს სამშვიდობო პროცესის შემდგომ განვითარებას.

“ჩვენი მხრიდან პროტოკოლზე ხელის მოწერა კიდევ ერთი გამოხატულებაა ქართული მხარის კეთილი ნებისა გაგრძელდეს სამშვიდობო პროცესი,” განაცხადა ხელმოწერის შემდეგ საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრმა მალხაზ კაკაბაძემ.

სტრატეგიული მნიშვნელობის ხეობა ერთადერთი ტერიტორიაა აფხაზეთში, რომელსაც ოფიციალური თბილისი ამ სეპარატისტულ რეგიონში აკონტროლებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ხეობაში დამატებითი ძალები, დაახლოებით 350 სამხედრო მოსამსახურე, შარშან ოქტომბერში გაგზავნა. ეს იყო დრო, როდესაც ქართველ-ჩეჩენ ერთობლივ დაჯგუფებებსა და აფხაზ მეომრებს შორის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეტაკებები მიმდინარეობდა.

ამავე პერიოდში გახშირდა ამოუცნობი (სავარაუდოდ რუსული) თვითმფრინავების მიერ ხეობის დაბომბვები. კოდორში დამატებითი ძალები ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის დაცვის საბაბით შევიდნენ.

მას შემდეგ მოყოლებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული მთავრობა გამუდმებით აცხადებდა, რომ ოფიციალური თბილისი კოდორში მყოფ შენაერთებს აფხაზეთზე შეტევისთვის გამოიყენებდა., რადგან სტრატეგიული მნიშვნელობის ხეობიდან სოხუმზე გასვლა თავისუფლად შეიძლება.

კოდორის ხეობაზე შეთანხმებას მხარეებმა ჯერ კიდევ 17 იანვარს მიაღწიეს. სწორედ მაშინ დათანხმდა ქართული მხარე ხეობიდან ჯარების გამოყვანას. თუმცა ხეობის ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის უსაფრთხოების საკმარისი გარანტიების არარესებობის საბაბით თბილისს ჯარები ხეობიდან არ გამოყავდა.

საქართველოს საგანგებო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ამჟამად უსაფრთხოების გარანტიები არსებობს. ამასთან, მისი თქმით, 2 აპრილს ხელმოწერილი პროტოკოლის თანახმად კოდორიდან გამოდიან საქრთველოს რეგულარული ჯარები, რაც იმას ნიშნავს, რომ კოდორს მხოლოდ თავდაცვის სამინიტროს კუთვნილი ქვედანაყოფები დატოვებენ.

ოფიციალური თბილისი ირწმუნება, რომ ხეობის დაცვა შესაძლებელია შინაგანი ან სასაზღვრო ჯარების მეშვეობითაც, რომლებიც თავდაცვის სამინიტროს დაქვემდებარებაში არ შედიან. სავარაუდოდ, საქართველოს რეგულარულ ჯარს კოდორში სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ქვედანაყოფები ჩაენაცვლებიან.

ეს ფაქტი სოხუმსა და თბილისს შორის ახალი დაძაბულობის მიზეზი შეიძლება გახდეს. 2 აპრილს, პროტოკოლის ხელმოწერის შემდეგ, თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწემ ასტამურ ტანიამ ამასთან დაკავშირებით უკმაყოფილება უკვე გამოთქვა.

“სოხუმში შეშფოთებულნი არიან საქართველოს განზრახვით თავდაცვის სამინიტროს ჯარები მესაზღვრეებით ჩაანაცვლოს. აფხაზეთი ამისი წინააღდეგი იქნება,” განაცხადა ტანიამ.

არსებული პრობლემის მიუხედავად 2 აპრილს მიღწეული შეთანხმების შემდეგ ქართული მხარე გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელთან ერთად კმაყოფილებას გამოთქვამდა და აცხადებდა, რომ ხელმოწერილი პროტოკოლი მხარეებს შორის არსებული სხვა პრობლემების მოგვარების საწყისი უნდა გახდეს.

“ამიერიდან ყველა საფუძველი არსებობს, რათა მხარეებმა სხვა სადავო საკითხებიც გადაწყვიტონ,” განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საკითხში დიტერ ბოდენმა.

მისი განცხადებით, ასეთ საკითხთა შორის არის ქართველთა დაბრუნება გალის რაიონში და სოხუმსა და თბილისს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტზე მსჯელობა.

ამ უკანასკნელ საკითხზე ქართული მხარეც ამახვილებს ყურადღებას. “თბილისსა და სოხუმს შორის კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ” დოკუმენტის დეტალები კონფიდენციალური რჩება, თუმცა ოფიციალური თბილისი მას იწონებს და მასზე დიდ იმედებსაც ამყარებს.

აფხაზური მხარე დოკუმენტის გარშემო მოლაპარაკებების დაწყებაზე ქართულ მხარეს ჯერჯერობით უარს უცხადებს. 

გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია

Exit mobile version