“დილის გაზეთი”, “რეზონანსი”
(ქართული პრესის მიმოხილვა. “სივილ ჯორჯია”. 04.01.02.) – აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებულ რუს სამშვიდობო ძალებს მისიის შესრულების ვადა 31 დეკემბერს ამოეწურათ. პრეზიდენტი პარლამენტისგან ვადის გაგრძელებას ითხოვს. პარლამენტმა კი სამშვიდობოების მანდატის შეწყვეტისა და კონფლიქტის ზონიდან მათი გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო.
“დილის გაზეთის” აზრით, სამშვიდობოების სამშობლოში გასტუმრების საკითხი არც პოლიტიკური და არც ტექნიკური თვალსაზრისით არ არის მომწიფებული. გარდა ამისა, “საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება დიდ რუსეთის პოლიტიკურ ნებასთან შედარებით ფარატინა ქაღალდია და, რაც მთავარია, საქართველოს პრეზიდენტის ნებაც სწორედ ჩრდილოელი მეზობლის ნებას ემთხვევა”, წერს გაზეთი.
რადიკალური პოზიციებით გამორჩეული აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი კომპრომისებზე ალაპარაკდა. იგი კვლავ ემხრობა რუსი სამშვიდობოების გაყვანას, თუმცა ამ მიზნის მიღწევის შედარებით რეალურ გზად რუსეთის წინაშე გარკვეულ დათმობებზე წასვლა ესახება. მაგალითად, მისი აზრით, სანაცვლოდ საქართველოს შეუძლია დათმოს თავისი პოზიციები საქართველოში არსებულ სამხედრო ბაზებთან დაკავშირეიბთ.
“რეზონანსი” პოლიტიკოსთა და ექსპერტთა აზრს გვთავაზობს რუს “მშვიდობისმყოფელებთან” დაკავშირებით. პარლამენტის წევრი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ პარლამენტის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას. თუმცა ხმალაძე ეჭვქვეშ აყენებს მშვიდობის შენარჩუნებას რეგიონში სამშვიდობოების არყოფნის პირობებში.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი გაზეთთან საუბრისას აღნიშნავს, რომ კონფლიქტის ზონაში, მსოფლიო პარაქტიკიდან გამომდინარე უნდა იყოს სამშვიდობოების შერეული კონტინგენტი.
“პრეზიდენტს თავისი არგუმენტები აქვს. მისი თქმით, დსთ-ს სამშვიდობოებს მანდატი უნდა გაუგრძელდეთ, რადგან დღეისთვის მათი სხვა კონტინგენტით ჩანაცვლება შეუძლებელია”, წერს “რეზონანსი”.