მილსადენების მშენებლობა 2002 წლის ზაფხულში დაიწყება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენის პროექტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ მხრივ, რომ მისი ამოქმედების შემთხვევაში საქართველო არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ რუსულ კომპანია “იტერა”-ზე, რომელიც დღესდღეობით ერთადერთი გაზის მიმწოდებელი პარტნიორია საქართველოსთვის.
19 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა რატიფიკაცია გაუკეთა ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის ხელშეკრულებას. აღნიშნული ხელშეკრულება უკვე რატიფიცირებულია თურქეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების მიერ.
ორშაბათს, 17 დეკემბერს, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის მშენებლობასის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირებასთან დაკავშირებით თბილისს ეწვია აზერბაიჯანის საერთაშორსიო საოპერაციო კომპანიის პრეზიდენტი, “ბრითიშ პეტროლიუმ”-ის ხელმძღვანელი აზერბაიჯანში დეივიდ ვუდვორდი. ის საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს და პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა.
შეხვედრებზე შეჯამდა უკვე დასრულებული სამუშაოები და განხილულ იქნა მომავალი წლის პერსპექტივები ორივე მილსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით.
ბაქო-თბილისი-ერზრუმის, ისევე როგორც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, მილსადენის მშენებლობა სავარაუდოდ 2002 წლის ზაფხულისთვის დაიწყება და 2004 წელს დასრულდება. მშენებლობაში ჩართული იქნება 70 ათასი ადამიანი, მათგან 80 პროცენტი ადგილობრივი სპეციალისტი. დღესდღეობით მიმდინარებოს მილსადენების დეტალური საინჟინრო დაპროექტების საბოლოო სამუშაოები.
ბაქო-თბილის-ერზრუმის პროექტის წარმატებულობის შემთხვევაში, გაზსადენში გაივლის 950 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. საქართველო 40 წლის განმავლობაში უფასოდ მიიღებს 50 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს, რაც მთლიანი რაოდენობის 5%-ს შეადგენს და რომლის საფასურიც მილიარდნახევარი დოლარია. ამავდორულად, საქართველოს ექნება უფლება გაზის სანაცვლოდ შესაბამისი თანხა ტარიფის სახით მიიღოს. გარდა ამისა, საქართველოს შეეძლება 8,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შეღავათიან ფასში შეისყიდოს.
საქართველოს საერთაშორიო ნავთობკორპორაციის პრეზიდენტის გია ჭანტრურიას განცხადებით, ნავთობსადენი მნიშვნელოვნად წასწევს წინ აფხაზეთის პრობლემის დარეგულირებას. როდესაც ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ნავთობსადენი მთლიანად ამოქმედდება, შესაძლებელი იქნება თენგიზის საბადოებიდან ნოვორისიისკში მისული ნავთობი, ბოსფორის სრუტის სივიწროვის გამო, დამაკავშირებელი მილის საშუალებით შეუერთდეს ან პარალელურად გაყვეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს. ეს სავარაუდო დამაკავშირებელი მილი აფხაზეთის მთელ ტერიტორიას გაივლის. მისი რეალიზაციის შემთხვევაში, აუცილებელია აფხაზეთში არსებობდეს მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტია.
მილსადენის პროექტის პრეზენტაცია მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება. პრეზენტაციები ტარდება ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. ეს არის რეგიონები, რომლებზეც გაზსადენი გაივლის. ყველა შეხვერდას ერთობლივად წარმართავს ნავთობის კორპორაცია და “ბრითიშ პეტროლიუმი”. გია ჭანტურიას განცხადებით, ეს იქნება ყველაზე ღია და გამჭვირვალე პროექტი. “საზოგადოების აქტიური მონაწილეობა პროექტის წარმატებით რეალიზაციის გარანტიაა”, აცხადებს იგი.
ორივე პროექტი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა იმ მხრივ, რომ ეკონომიკურის გარდა მათ პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. პროექტების საშუალებით საქართველო თავისუფლდება რუსულ კომპანია “იტერაზე” დამოკიდებულებისგან, რომელიც ხშირად რუსეთის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის საშუალებაა.
სალომე ჯაში, სივილ ჯორჯია