როგორ ხვდებიან თბილისელები ახალ წელს

ქართველთა უმეტესობა ახალი წლის დღესასწაულს უფრო მეტად აღნიშნავს ვიდრე შობას. მას, როგორც წესი სახლში, ოჯახთან ერთად ხვდებიან. ამ დროს ქართველები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საახალწლო სუფრას, რომლის ძირითადი კომპონენტი ალბათ გოზინაყია.   

რას ნიშნავს ახალი წელი თბილისელებისთვის? როგორ ხვდებიან ისინი ამ დღესასწაულს? “სივილ ჯორჯია” გთავაზობთ უბრალო თბილისელების პასუხებს ამ შეკითხვებზე.  

“ახალი წელი, პირველ რიგში, ახალი იმედია, მომავლის იმედი. მე ვთვლი და ყოველთვის ვთვლიდი რომ ყველა ადამიანი ნათელი მომავლისკენ მიისწრაფის და უკან დახევა არ სურს. ახლა კი ყველაფერი პირიქით არის, რაც დრო გადის, მით უფრო უარესი ხდება,” ბორის ნაჟევსკი, წიგნების გამყიდველი.

“ჩემთვის ახალი წელი ჩემი შვილებისა და ოჯახის კეთილდღეობას ნიშნავს. ჩვენი ახალი წლის სუფრა ჩვეულებრივია და ის არაფრით განსხვავდება სხვებისგან. გვაქვს ინდაური, გოზინაყი და ლიქიორი,” – რუსუდან ტყემალაძე, ლექტორი.

“ახალ წელს განსაკუთრებულად არ ვხვდები. არც მიხარია, ჩვეულებრივი დღესავით არის ჩემთვის. ახალი წელი ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი უბრალო მორიგი წელი ჩემს ცხოვრებაში,” – მანანა გუჯაბიძე, დიასახლისი.

“წელს ახალ წელს შედარებით უკეთ ვხვდებით, მაგრამ სამწუხაროა, რომ ქვეყანაშია ამდენი პრობლემაა – უშუქობა, უგაზობა. ახალი წელი, ცემი აზრით, ნიშნავს იმას, რომ ყველაფერს თავიდან ვიწყებთ, ახალი იმედებით,” – მარინა გელაშვილი, ინჟინერი.

“ახალი წელი ალბათ რაღაც ახალს ნიშნავს, მაგრამ ახალს და სასიკეთოს ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვერ ვხედავ. ვხვდები ჩვეულებრივად, ისე, როგორც ბოლო 10 წლის განმავლობაში – ცუდად,” – კახაბერ ადამია, ჟურნალისტი. 

“მე ძველ ახალი წელს უფრო კარგად ვხვდები, რადგან ის მიმაჩნია მართებულად.  ძველით ახალ წელს ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად დავჯდები და ვიქეიფებ,” – ზვიად ბერიძე, სტუდენტი.

“ჩემთვის ახალ წელზე მეტად მნიშვნელოვანი შობაა. შობას ეკლესიაში მივდივარ ხოლმე,” -მაია მარგველაძე, ჟურნალისტი.

“ახალ წელს ოჯახში ახალი იმედებით ვხვდები. ალბათ წელსაც სახლში შევხვდები და შემდეგ მეგობრებთან წავალ. ჩემთვის შობა უფრო დიდი დღესასწაულია,” – მაიკო აზარაშვილი, ხელოვნებათმცოდნე.

“ახალი წელი ყველაფერს კარგს და ახალს ნიშნავს. ახალი წლის ღამეს ძირითადად ოჯახში ვატარებ,” – რუსიკო შინჯიკაშვილი, მე-9-ე კლასის მოსწავლე.

“ეეე, მძიმე შეკითხვაა, მაგრამ ქალი არა ვარ რომ დავწყევლო: შევარდნაძეებმა გაატარონ ახალი წელი ისე როგორც ჩვენ ვატარებთ,  როგორც ნებისმიერი ქართველი, ქუჩაში რომ დადის.  ახალი წელი ჩემთვის იმედებია, ოპტიმისტი კაცი ვარ და იმედით ვცოცხლობ,” – გოდერძი პეტრიაშვუილი, უმუშევარი აგრონომი.

“ჩემთვის ახალი წელი ალბათ რაღაცის მოლოდინს ნიშნავს, იმედს, რომ ყველაფერი უკეთესად იქნება ვიდრე ახლა არის,” – ნათია ადამია, სტუდენტი. 

Exit mobile version