“რეზონანსი”, “ახალი თაობა”, “დილის გაზეთი”
(ქართული პრესის მიმოხილვა. 30.11.01. “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს ტერიტორია რუსეთმა პირველად 1999 წლის აგვისტოში დაბომბა. მას შემდეგ საქართველოს საჰაერო სივრცე არაერთხელ დაირღვა და ბომბიც მრავალი ჩამოვარდა. “რეზონანსს” მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფრენი საშუალებების ჩამოგდება თავისუფლად შეუძლია, თუმცა პოლიტიკური ნების არარსებობის გამო ამას არ აკეთებს.
“ახალი თაობის” განცხადებით კი, რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება რუსეთისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს და დასძენს, რომ ომის გამოცხადების და შემდეგ მისი მოგების შესაძლებლობა საქართველოს არ გააჩნია. “დილის გაზეთის” ინფორმაციით კი, ის საზენიტო რაკეტები, რომლებიც საქართველოს გააჩნია, რუსულ სუ-24-ს ვერაფერს დააკლებს.
“ვერც საპროტესტო ნოტები დაიცავს რუსული ბომბებისგან მოსახლეობას. აღარც ჩვენი პრეზიდენტის “დიდი პოლიტიკოსობა” ჭრის, ამერიკა და დასავლეთიც შორს არის”, წერს “დილს გაზეთი”. ის ასევე საუბრობს სამხედრო სფეროში ფინანსების ნაკლებობაზე, რადიოსალოკაციო სადგურების გაუმართავ მუშაობაზე და შექმნილ ვითარებაში მთლიანად ხელისუფლებას ადანაშაულებს.
“საქართველოს ვერც ერთი ოფიციალური უწყება იმის გარანტიას ვერ იძლევა, რომ რუსეთის ავიაცია ისევ არ მოისურვებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეების დაბომბვას”, წერს “ახალი თაობა”. ის არ გამოკიცხავს, რომ, შესაძლოა, რუსეთის ავიაციმ მალე თბილისიც დაბომბოს. მისი თქმით, შევარდნაძისა და პუტინის შეხვედრას საქართველოში იმედით არ უყურებენ.
“დილის გაზეთი”, მეორეს მხრივ, აცხდებს, რომ მოსკოვში ჩასული შევარდნაზე პუტინს აუცილებლად მოსთხოვს პასუხს დაბომბვების გამო, მითუმეტეს, როდესაც რუსული თვითმფრინავების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევა ამერიკის კოსმოსურმა დაზვერვამაც დაადასტურა. “პუტინის პასუხი ამ კითხვაზე მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმ ურთიერთობებს, რომელიც მომავალში რუსეთსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბდება”, წერს გაზეთი.