რუსეთი მორიგ შეტევაზე გადმოდის

“დილის გაზეთი”

(ქართული პრესის მიმოხილვა. 24.11.01. “სივილ ჯორჯია”) – “დილის გაზეთი” კოდორის ხეობასთან დაკავშირებით შექმნილ მძიმე ვითარებაზე საუბრობს. რუსეთის ფედერაცია ეყრდნობა რა 1994 წლის აპრილის “შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და მხარეთა დაშორიშორების შესახებ” კოდორის ხეობიდან ქართული შეიარაღებული ძალების სასწრაფოდ გაყვანას ითხოვს. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ აფხაზეთის ავიაცია დაბომბავს კოდორის ხეობას, “თუ საქართველოს შეიარაღებული ფორმირებები დაუყოვნებლიც არ დატოვებენ აფხაზეთის ტერიტორიას”.

“აღნიშნულ შეთანხმებას მოსკოვში ხელი მოეწერა გაიძვერა პასტუხოვის დიდი ძალისხმევით და გაეროს გენერალური მდივნის – ბუტროს ბუტროს გალის შუამავლობით”, წერს გაზეთი.  იგი ცნობს ხელშეკრულებას, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეიარაღებული ძალების გაყვანასთან ერთად, იქ მცხოვრები ქართველი მოსახლეობაც უსაფრთხოებაც უნდა იყოს გარანტირებული. 250 ქართველი ჯარისკაცი კოდორში შეიყვანეს ადგილობრივი ქართვეული მოსახლეობის დასაცავად, რაკი რამდენჯერმე დაიბომბა კოდორის ხეობა, წერს გაზეთი.

“დილის გაზეთის” აღნიშნავს, რომ მოსკოვში დღეს სერიოზულად განიხილავენ საქართველოში სამოქალაქო ომის გაჩაღების ალბათობას. “საამისოდ საკმარისია კოდორის ხეობაში ეთნიკური წმენდის მოწყობა და ქართული სოფლების განადგურება საჰაერო დარტყმებით”, წერს გაზეთი. სტატიიდან გამომდინარე შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ საქართველოს უჭირს რუსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის ზეწოლის მოგერიება.

“ვითარების მიუკერძოებელი და უემოციო ანალიზი ცხადყოფს, რომ კოდორის ხეობას მართლაც ემუქრება სერიოზული საფრთხე”, წერს “დილის გაზეთი” და ამ საფრთხეში რუსეთის დიდ წვლილზე საუბრობს.
 

Exit mobile version