პარლამენტი მინისტრებს ჯერჯერობით ერთსულოვნად ამტკიცებს

“რეზონანსი”, “დილის გაზეთი”

(ქართული პრესის მიმოხილვა. 22.11.01. “სივილ ჯორჯია”) – გუშინ ძალოვანი მინისტრები პარლამენტმა ხმების უმრავლესობით დაამტკიცა. თუმცა, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ასეთი მხარდაჭერა დეპუტატებს ყოფილი მინისტრებისადმიც არაერთხელ გამოუხატავთ, ხოლო შემდეგ მათ დაპირისპირებიან, აღნიშნავს “რეზონანსი”. მისი ვარაუდით, ახალ მთავრობაში წარდგენილ არც ერთ ძველ მინისტრს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს.

საკანონმდებლო ორგანომ კობა ნარჩემაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე 208 ხმით დაამტკიცა. “მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში კობა ნარჩემაშვილს კახა თარგამაძის საკმაოდ ერთგული მოადგილეობაც შეახსენეს, მაინც “ენდნენ სიტყვაზე” და მხარი დაუჭირეს”, წერს “დილის გაზეთი” და იქვე დასძენს: “ამგვარი ერთსულოვანი დამოკიდებულება მინისტრობის კანდიდატს, ვინ იცის, რა გარიგებები დაუჯდა”. გაზეთის აზრით, კადნიდატის გეგმები და რეფორმების გატარების სურვილი, რაზეც მან დეპუტატთა წინაშე გამოსვლისას ისაუბრა, მხოლოდ ფორმალურ სახეს ატარებდა.

საპარლამენტი ოპოზიცია ყოველთვის აკრიტიკებდა უმრავლესობას და “მოქალაქეთა კავშირს”, რომ მან იმ მინისტრებს დაუჭირა მხარი, რომლებსაც ყველა კორუფციაში ამხელდა. “დილის გაზეთს” მიაჩნია, რომ ახლა ე.წ. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა მინისტრობის კანდიდატებთან კულუარებში გარიგებას მიაღწია. სწორედ ამიტომ მოითხოვდა გუშინ ოპოზიცია, რომ კენჭისყრა ფარული ყოფილიყო. ის ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერდა ახალ მინისტრებს და, ამავე დროს, მათი არაეფექტური მუშაობის შემთხვევაში თავიდან აიცილებდა პასუხისმგებლობას.  

შინაგან საქმეთა მინისტრის გარდა, გუშინ პარლამენტმა დიდი უმრავლესობით დაამტკიცა თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე, უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია, რომელიც დეპუტატებს ლუსტრაციის კანონის მიღებას დაჰპირდა და იუსტიციის მინისტრი როლანდ გილიგაშვილი.

“დილის გაზეთის” აზრით, პარლამენტში ყველაზე დიდ გართულებას ფინანსთა მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის კანდიდატურა გამოიწვევს. “საინტერესო ის კი არ არის, ვინ ჩააგდებს მინისტრს, რომელსაც ჰქონდა უნარი, ზემძლავრ კლანებს დაპირისპირებოდა, არამედ ის, თუ მის ადგილზე ვის დაამტკიცებენ”, წერს გაზეთი და აშკარაა, ნოღაიდელისადმი სიმპათიით არის განწყობილი.

Exit mobile version