რუსეთ-საქართველოს შორის შეთანხმება ჭიანურდება
1994 წლის 3 თებერვალს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ჩარჩო-ხელშეკრულებას მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის შესახებ. ამავე წლის იანვარში საქართველოს პარლამენტმა მოახდინა მისი რატიფიკაცია, თუმცა რუსეთის დუმას ხელშეკრულების რატიფიკაცია არ მოუხდენია. ორ მეზობელ ქვეყანას შორის ცივილიზებული ურთიერთობების დამყარების მიზნით საქართველო კიდევ ერთხელ გამოხატავს კეთილ ნებას და რუსეთის ფედერაციას ახალი ჩარჩო-ხელშეკრულების მომზადებას სთავაზობს.
ჩარჩო-ხელშეკრულება არის ყოვლისმომცველი იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ორ ქვეყანას ზოგად ვალდებულებებს აკისრებს. იგი არის ძირითადი დოკუმენტი სხვა დანარჩენი კონკრეტული ხელშეკრულებებისთვის და ფაქტობრივად ყველა სფეროს მოიცავს. მას შემდეგ, რაც ყველა სახელმწიფო უწყება საკუთარი კომპეტენციის გათვალისწინებით დამოუკიდებლად დააფიქსირებს თავის პოზიციას, საგარეო საქმეთა სამინისტრო ახდენს მათ შეჯერებას და ერთ ჩარჩო-ხელშეკრულებად აყალიბებს.
ჩარჩო-ხელშეკრულებას ცალ-ცალკე ამზადებს ორი პარტნიორი ქვეყანა. მოლაპარაკებათა შედეგად ხდება მათი შეჯერება. ძალაში შესვლამდე ჩარჩო-ხელშეკრულებას ხელს აწერს ორივე ქვეყნის პრეზიდენტი და ამის შემდეგ მას რატიფიკაციას უკეთებს ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო.
საქართველოს ჩარჩო-ხელშეკრულებები დადებული აქვს როგორც მის ყველა მეზობელ ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან, ასევე მის არამოსაზღვრე უკრაინასთან.
რუსეთის მხრიდან ჩარჩო-ხელშეკრულებაზე რატიფიკაციის არმოხდენის მიზეზი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზრით, რუსეთის დუმის მხრიდან პოლიტიკური ნების არქონა იყო. შესაბამისად, ხელშეკრულება ძალაში ვერ შევიდა, რამაც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ სამართლებრივ ბაზაში არსებული არასახარბიელო მდგომარეობა კიდევ უფრო გაამყარა.
საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში არსებული ახალი რეალობის გათვალისწინებით (რუსეთის სასაზღვრო ჯარებმა დატოვეს საქართველოს ტერიტორია, საქართველოდან გავიდა რუსული სამხედრო ბაზების ნაწილი, საქართველო გაწევრიანდა ევროპის საბჭოში, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში და ა.შ.), საჭირო გახდა ძველი ჩარჩო-ხელშეკრულების გადამოწმება და მასში ცვლილებების შეტანა. რუსული მხარე ინიციატივას ახალი ხელშეკრულების შემუშავების შესახებ კეთილგანწყობით შეხვდა.
დაახლოებით ნახევარი წლის წინ ორივე მხარე შეთანხმდა, შეექმნათ კომისიები, რომლებიც ახალი ჩარჩო-ხელშეკრულების შემუშავების თაობაზე მოლაპარაკებებს წარუძღვებოდნენ. საქართველოს მხრიდან კომისიას სათავეში ჩაუდგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, ხოლო რუსეთის მხრიდან – დ.ს.თ.-ს ქვეყნებთან თანამშრომლობისა და ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ბორის პასტუხოვი. კომისიების შემადგენლობაში თითქმის ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი შევიდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს საგანგებო დავალებათა ელჩი მიხეილ უკლება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც ქართულმა მხარემ კომისია ჯერ კიდევ ზაფხულში შექმნა, რუსულმა მხარემ ის მხოლოდ სამიოდე კვირის წინ ჩამოაყალიბა. “წესით, ორივე მხარემ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ჩარჩო-ხელშეკრულების ძალაში შესვლის პროცესს. თუმცა რუსეთის მხრიდან არ არსებობს პოლიტიკური და ეკონომიკური ნება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად და ხელშეკრულების დასამტკიცებლად,”, აცხადებს მიხეილ უკლება.
კომისიების შექმნის შემდეგ ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ჩარჩო-ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ნოემბრის მეორე ნახევარში უნდა დაწებულიყო. თუმცა, იმის გამო, რომ საქართველოს ჯერჯერობით არ ჰყვას საგარეო საქმეთა მინისტრი, 16-18 ნოემბერს დაგეგმილი რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ვიზიტი ბორის პასტუხოვის ხელმძღვანელობით გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამ შეხვედრაზე უნდა დაწყებულიყო მოლაპარაკებების პროცესი და შეჯერებულიყო ორივე მხარის მიერ შემუშავებული ხელშეკრულების ვარიანტები.
“დღევანდელი მსოფლიოს ინტეგრაციისა და გლობალიზაციის პირობებში არ შეიძლება, რომ ორ მეზობელ ქვეყანას არ ჰქონდეს ნორმალური სახელშეკრულებო სამართლებრივი ბაზა, მითუმეტეს ჩარჩო-ხელშეკრულება, რომელშიც გამოხატულია როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ნება”, აცხადებს მიხეილ უკლება. მისთვის გაუგებარია, როდესაც ერთის მხრივ, რუსეთი თანამშრომლობასა და სამართლებრივი ხელშეკრულებების შექმნას ითხოვს, ხოლო მეორეს მხრივ, ძირითადად სახელმწიფო სათათბიროსა და რუსი გენერალიტეტის სახით, საპირიპიროდ მოქმედებს და საქართველოს მიმართ აშკარა აგრესიას ამჟღავნებს.
დასკვნის სახით შეიზლება ითქვას, რომ, თუ ორი მეზობელი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის არ არსებობს პოლიტიკური ნება, მხოლოდ ჩარჩო-ხელშეკრულება ქვეყნებს შორის ნორმალიზებულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობს ვერ დაამყარებს. თუ რუსეთის ფედერაცია, ბომბავს საქართველოს ტერიტორიას და ამ ქმედებით არღვევს საერთაშორისო სამართალის პრინციპს, რა შეუშლის მას ხელს, ასეთივე წარმეტაბით დაარღვიოს ჩარჩო-ხელშეკრულება, რომელიც იერარქიულად საერთაშორისო სამართლის პრინციპზე დაბლა დგას.