“დილის გაზეთი”, “რეზონანსი”
(ქართული პრესის მიმოხილვა. “სივილ ჯორჯია”. 14.11.01) – გუშინ დასრულდა პოლონეთის პრეზიდენტის ალექსანდრ კვასნევსკის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. ქართული პრესა საქართველოსა და პოლონეთს შორის მომავალი ურთიერთობების პერსპექტივაზე საუბრობს.
პოლონეთი განიხილება როგორც კავკასიისა და ევროპის საერთაშორისო ინტერესების შემაკავშირებელი. იგი ევროკავშირის გაფართოების პირველ ტალღაში მოიაზრება. “ბუნებრივია, ასეთ სახელმწიფოსთან მჭიდრო ურთიერთობა ძალზე ხელსაყრელია საქართველოსთვის. პოლონეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად განვითარებადი სახემწიფოა შესანიშნავი პერსპექტივით”, წერს “დილის გაზეთი”. პოლონეთის პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა მისი ქვეყნის გამოცდილება საქართველოს გაუზიროს.
“პოლონეთმა, თურქეთთან ერთად, შესაძლოა, გადამწყვეტი როლი ითამაშოს საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხში… ქართველი ექსპერტების აზრით, პოლონეთი საქართველოსთვის დასავლეთთან ურთიერთობის ყველაზე სასურველი შუამავალია”, წერს “რეზონანსი”.
ალექსანდრ კვასნევსკი მზადაა მონაწილეობა მიიღოს აფხაზეთის კონფლიქტის სამართლებრივი გზით მოგვარების პროცესში. “აფხაზეთის ტერიტორიიდან რუსი მშვიდობისმყოფელების გაყვანის პარალელურად, უკრაინისა და თურქეთის სამშვიდობო ძალებთან ერთად, შესაძლოა, რუს სამხედროებს პოლონელებიც ჩაენაცვლნონ”, ვერაუდობს “რეზონანსი”.
პოლონეთი ასევე მზადაა, საქართველოს ენერგეტიკული პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს. “ანუ საქართველოს აქვს შანსი, რუსეთის ენერგეტიკული გავლენისაგან თანდათან გათავისუფლდეს”, წერს გაზეთი.
პრეზიდენტმა შევარდნაძემ კვასნევსკის ტრასეკაში პოლონეთის გაწევრიანების წინადადება მისცა. ამ ორგანიზაციაში პოლონეთის რესპუბლიკის გაწევრიანება კავკასიისა და ევროპის დამაკავშირებელი ახალი მარშრუტის რეალურად ამოქმედებას ნიშნავს, რაც თავად პოლონეთისთვის იქნება ხელსაყრელი. ეს მარშრუტი მას საშუალებას მისცემს ჰქონდეს ალტერნატიული გზა “რუსული ტრანზიტისა”, რომელიც პოლონელებს არცთუ საიმედოდ მიაჩნიათ, წერს “დილის გაზეთი”.