“დილის გაზეთი”
“დილის გაზეთში” ვხვდებით სტატიას სათაურით “როდის დავბრუნდეთ აფხაზეთში?”, რომელშიც განხილულია აფხაზეთის პრობლემა საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების ჭრილში. “აფხაზეთის პრობლემის სამართლიანი გადაწყვეტა ამ ეტაპზე მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ საბოლოოდ რა პოლიტიკურ ორიენტაციაზე დადგება საქართველოს ხელისუფლება”.
“პრობლემის მოგვარების უამრავ ხერხს თუ საშუალებას გვთავაზობენ, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, დასავლეთიდან თუ ჩრდილოეთიდან”, წერს სტატიის ავტორი. მისი აზრით, ამ საკითხთან დაკავშირებით, ქართველი პოლიტიკოსები ორ ნაწილად გაიყვნენ. მათი ნაწილი ორიენტირებულია დასავლეთზე, ნაწილი – რუსეთზე. “ამის შედეგად, გაურკვეველი რჩება ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაცია, ისევე როგორც აფხაზეთიდან სამასი ათასი დევნილის მომავალი”.
დღეს საქართველოს მოსახლეობის ყურადღება ყოველდღიური სარჩოს მოპოვებაზეა გადატანილი. ამ ვითარებაში ძნელია, ქვეყნის დაკარგული ტერიტორიების აღსადგენად საზოგადოების იდეურად გამთლიანება, აღნიშნავს ავტორი. “მშობლიურ, გადამწვარ სახლ-კარს დაბრუნებული მოსახლეობა, რომელსც ენგურსგადმოღმა თავის დროზე ვერ შეუქმნეს მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობები, აშკარად გრძნობს თავისი ქვეყნის ხელისუფლების უნიათობას და, სამწუხაროდ, დღითიდღე იცვლის მენტალიტეტს”, წერს ავტორი. მას მიაჩნია, რომ მოსახლეობას დროთა განმავლობაში ნაკლებად აღელვებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
“დევნილი მოსახლეობა უკიდურეს ეკონომიკურ სიდუხჭირეს განიცდის, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოველთვიურად ათეულობით ადამიანი იღუპება”, წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე დათარეშობენ კრიმინალური ბანდები რომლებიც პარტიზანების სახელს არიან ამოფარებულნი.
ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციული ფაქტები თითქმის ყოველდღიური ცხოვრების წესად აქცია. ამასობაში კი საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა ხელს უწყობს აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის დამოუკიდებლობისაკენ მიმართულ მოქმედებებს, აღნიშნავს გაზეთი.
სტატიის ავტორის აზრით, აფხაზეთის დაბრუნება შესაძლებელი გახდება მხოლოდდამხოლოდ მაშინ, როდესაც სახელისუფლებო ბერკეტები უმოქმედოდ აღარ იქნება, სახელმწიფო მოხელეები გაითავისებენ საქართველოზე თავდატეხილ უბედურებას და საქართველოს მოსახლეობის დუხჭირი ცხოვრებით არ ისპეკულირებენ მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე.