თავდაცვის სამნისტომ საჩუქრად 8 იროქეზის ტიპის ვერტმფრენი მიიღო
გივი ორდენიძე, სივილ ჯორჯია
ნატოსთან დაახლოების პირველი ეტაპი საკუთარი სამხედრო აღჭურვილობის ამ ალიანსის წევრი ქვეყნების შეიარაღების სტანდარტებთან მიახლოებაა. 90-იანი წლების შუა ხანებიდან საქართველოში ეს პროცესი ძალიან ნელი ტემპით, თუმცა მაინც დაიწყო და იგი მთლიანადაა დამოკიდებული დასავლეთის ქვეყნების სამხედრო მხარდაჭერასა და დახმარებაზე.
23 ოქტომბერს ალექსეევკას სამხედრო ნაწილის აეროდრომზე ოფიციალურად გაიხსნა 8 ამერიკული იროკეზის ტიპის UH-1H “Huey”-ს ვერტმფრენების გადმოცემის საზეიმო ცერემონიალი. აქედან 6 ვერტმფრენი ქართველ სამხედროებს ამერიკის, ხოლო ორი კი თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ აჩუქა. ამას გარდა, ქართულმა მხარემ უსასყიდლოდ მიიღო ორ ვერტმფრენზე გათვლილი სათადარიგო ნაწილები. საჩუქრის მთლიანი ღირებულება 6 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
ვერტმფრენების საზეიმო ცერემონიალს საქართველოს ხელისუფლების, აშშ-თურქეთის სამხედრო წამრმომადგენდები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები ესწრებოდნენ. ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ სახელმწიფო მინისტრი გია არსენიშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე, აშშ გენშტაბის ყოფილი მეთაური ჯონი შალიკაშვილი, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ფილიპ რამლერი და სხვა პოლიტიკური თუ სამხედრო მოღვაწენი.
იროქეზის ტიპის ვერტმფრენები ძირითადად მობილური სამხედრო ჯგუფების გადასაყვანად: დესანტის ჩამოსასხმელად ან ასაყვანად გამოიყენება. ამ მოდელის ვერტმფრენი აშშ-ს სამხედრო შეიარაღებაში 60-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა და მასიურად გამოიყენებოდა ვიეტნამის ომის დროს. იროქეზ UH-1H “Huey”-ს აშშ-ს ნებართვით ასევე აწარმოებს ჩინეთი და თურქეთი. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ვერტმფრენის ტყვიამფრქვევითა და სხვა საბრძოლო იარაღით აღჭურვა. ხომალდის ეკიპაჟის რაოდენობა ორ ადამიანს შეადგენს და მას 13 კაციანი სამხედრო ჯგუფის გადაყვანა შეუძლია. ვერტმფრენში ასევე თავისუფლად თავსდება 10-ზე მეტი საკაცე მედ პერსონალთან ერთად. სწორედ ამიტომ აღნიშნული ვერტმფრენები ფართოდ გამოიყენება სამხედრო სამედიცინო დახმარებისთვისაც.
როგორც თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს ნაჩუქარი ვერტმფრენების ასაკი დაახლოებით 10-12 წელს შეადგენს. ამავე სამინისტროს წარმომადგენლის მტკიცებით აღნიშნული ასაკის ვერტმფრენები ექპლუატაციისათვის სრულიად დასასვებია.
საგრანტო ხელშეკრულება, რომელიც თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის 5 წლის ვადით გაფორმდა ვერტმფრენების გადმოცემასთან ერთად, სხვა უამრავ დახმარებასაც ითვალისწინებს. ამ პერიოდის განმავლობაში თურქეთი აღნიშნული ვერტმფრენებისათვის 40 ტონა საწვავს გამოჰყოფს, თურქეთივე უზრუნველყოფს ყველანაირ ტექნიკურ დახმარებას, იქნება ეს ნაწილები, სპეციალური კონსულტანტების მოვლინება თუ ტექნიკური პერსონალის მომზადება.
ვერტმფრენების ეკიპაჟის მომზადება აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ითავა. ამ პირობით ქართველ სამხედრო სტუდენტთა დელეგაცია აშშ-ში ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გაემგზავრა. თუმცა ერთ-ერთი სტუდენტის არასწორი ქმედების გამო მთელი დელეგაცია ერთ კვირაში უკანვე გამოაბრუნეს. ჟურნალისტის კითხვაზე თუ კერძოდ რა ჩაიდინა ქართველმა სტუდენტმა, თავდაცვის მინისრმა მოკლედ უპასუხა შემდეგი: “არაადექვატური საქციელი”. სამხედრო სტუდენტთა ახალი შემადგენლობა ჯერ-ჯერობით აშშ-ში არ გამგზავრებულა, თუმცა მათი მომზადება ალბათ უახლოეს მომავალში დაიწყება.
უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთის მიერ ნაჩუქარი ორი ვერტმფრენის ეკიპაჟის მომზადება თავად ამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ ცალკე უზრუნველყო. საბედნიეროდ თურქეთში არანაირი ექსცესი არ მომხდარა, ასე რომ იროქეზის ორი პილოტი საქართველოს უკვე ჰყავს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით ვერტმფრენებს გამოიყენებს როგორც თავდაცვის სამინისტრო, ასევე საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თავის მხრივ სასაზღვრო ნაწილებს რამდენიმე თვის წინ აშშ-მ, უკრაინის სამხედრო ქარხანაში გარემონტებული ორი მი-8 ტიპის ვერტმფრენი შეუძინა, რითაც ამერიკამ ქართველ მესაზღვრეებს ფაქტიურად სულზე მოუსწრო.
ასე, რომ როგორც ვხედავთ აშშ-თურქეთ-საქართველოს თანამშრომლობა რეალურ სახეს იძენს და თავდაცვის მინისტრის განცხადებით ამდაგვარი მეგობრული ურთიერთობა აღნიშნული ქვეყნების თავდაცვის უწყებებს შორის უფრო გაიზრდება. ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვაზე თუ რა იქნება შემდეგი რეალური ნაბიჯი? საზეიმო ცერემონიით კმაყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე სიცილით პასუხობს: “ალბათ ჩამოვიტანთ დიდ ზარბაზანს”.
იმ პერიოდში, როდესაც რეგიონში პოლიტიკური ვითარება საკმაოდ დაძაბულია, უფრო მეტიც არსებობს არაერთი სამხედრო კონფლიქტის კერა, აშშ-თურქეთის ზემოთმოყვანილი რეალური სამხედრო დახმარება ერთგვარი პოლიტიკური მინიშნება უნდა იყოს რეგიონში არსებული ძალებისათვის. თუმცა მინიშნებებს რაც შეეხება თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე რუსულად დასძენს “без всякого намека, прилетели и стоят”.