“დილის გაზეთი”
დღეს საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა. “ამ ვიზიტს მართლაც დიდ მინიშვნელობა ექნება რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით”, წერს “დილის გაზეთი”, რომელიც საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ურთიერთობას მიმოიხილავს.
აფხაზურ წყაროებზე დაყრდნობით, სომხური პრესა იუწყება, რომ აფხაზეთში ცოტა ხნის წინ განვითარებული მოვლენების დროს აფხაზეთში მცხოვრები “17 მშვიდობიანი სომეხი მოკლეს”. გაზეთისთვის გაუგებიარია, თუ საიდან გაჩნდა ეს ციფრი მაშინ, როდესაც გიორგიევსკში მოკლული იქნა 5 ეთნიკური სომეხი (მაჰმადიანი). გაზეთის ინფორმაციით, მათგან არც ერთი არ ყოფილა ქალი, ბავშვი ან მოხუცი. სავარაუდოდ ისინი იყვნენ სომეხი “ბოევიკები”, ეგრეთ წოდებული, “მარშალ ბაგრამიანის” ბატალიონიდან. “ყველაფრის მიუხედავად, ამ ინციდენტს სომხეთში ბობოქარი რეაქცია მოჰყვა. დაიბეჭდა უპრეცენდენტოდ შეურაცხმყოფელი პასკვილები”, წერს გაზეთი.
“დილის გაზეთი” ასევე საუბრობს ახალქალაქში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე, რომლის გაყვანის კატეგიორული წინააღმდეგია სომხეთი. “ახალქალაქში არსებული რუსული ბაზა, სინამდვილეში, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სომხური ბაზაა, ვინაიდან რიგითთა და ოფიცერთა შემადგენლობის 80 პროცენტი ადგილობრივი მოსახლეობით (სომხებით) არის დაკომპლექტებული”, წერს გაზეთი. მისი განცხადებით, ამ ბაზას სომხეთისა და რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან, სომხეთის ინტერესებში შედის, რომ საქართველო მთლიანად ექვემდებარებოდეს რუსეთს. “სტაბილური საქართველო” მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევს ხელს სომხეთს, თუ იგი რუსეთის მიერ კონტროლირებადი იქნება, ანუ (მოსკოვთან სტრატეგიული პატინიორობის გათვალისწინებით) ერევნიდან კონტროლსაც დაექვემდებარება. ასე რომ, არ არის შემთხვევითი, რომ, როგორც კი საქართელომ ბაზის გაყვანა მოითხოვა, უმალვე გამწვავდა “საქართველოში სომხური უმცირესობის უფლებათა დარღვევის” საკითხი, წერს გაზეთი.