პარლამენტმა პრეზიდენტს ულტიმატუმი წაუყენა?

“რეზონანსი”; “დილის გაზეთი”

“პარლამენტარებმა პრეზიდენტს ერთი დღის ვადა მისცეს, რათა მთავრობაში საკადრო წმენდა განახორციელოს. დეპუტატები მხლოდ ამის შემდეგ აპირებენ 2001 წლის ბიუჯეტის სეკვესტრისთვის ხმის მიცემას”, წერს “რეზონანსი”. სხვათა შორის, ბიუჯეტის სეკვესტრის კანონი აუცილებელი პირობაა საერთაშორსო სავალუტო ფონდისაგან, რათა ამ ორგანიზაციის დირექტორთა საბჭომ საქართველოსთან საფინანსო პროგრამის აღდგენის საკითხი განიხილოს.

სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, “რეზონანსი” ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი უნდა გამოეთხოვოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს.

“დილის გაზეთი”, მეორეს მხრივ, პრლამენტის სისუსტეზე საუბრობს. “საქმე, ამ შემთხვევაში, თვითონ პარლამენტმა მიიყვანა აბსურდამდე… კამერის წინ თითქმის ყველა პარლამენტარი წრფელი და პრინციპული ოპოზიციონერია”. ამის მიუხედავად, მთელი მთავრობის დათხოვნის იდეას მხოლოდ 29 მომხრე გამოუჩნდა, ხოლო მთავრობის მხოლოდ ეკონომიკური გუნდის გადადგომას 44-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

“ასეთი კენჭის ყრების შემდეგ პრეზიდენტს სრული სერიოზულობით შეუძლია გამოაცხდოს, რომ პარლამენტს არც მთელი მთავრობის გადაყენება სურს და არც ეკონომიკური ბლოკის მინისტრების”, წერს “დილის გაზეთი”.

Exit mobile version