“რეზონანსი”
“საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის პირობებში, პარლამენტის რეგლამენტის შესახებ კანონის თანახმად, უმცირესობაც აღარ არსებობს. მოქალაქეთა კავშირის დაქუცმაცების პარალელურად, ბლოკ “აღორძინებაშიც” ამდაგვარი ტენდენციეს არსებობაზე კარგა ხანია, საუბრობენ”, წერს “რეზონანსი”.
ბლოკიდან პირველი აკაკი ასათიანი და მისი ფრაქცია “ტრადიციონალისტი” წავიდა. ახლა თავად “აღორძინება” საუბრობს, რომ მალე ბლოკს ჯუმბერ პატიაშვილიც დატოვებს. ამის მიზეზი ალექსანდრე ჭაჭიასთან ერთად შექმნილი პარტია “ერთობა” და “შორს მიმავალი გზებია”, წერს გაზეთი.
ბლოკის წევრები თავად აღიარებენ გაერთიანების დაშლას და ეს პროცესი მათ აღარ აღიზიანებთ. “ბლოკში მოქმედი ყველა ძალა დამოუკიდებელი მოქმედების სუბიექტს წარმოადგენს”, განუცხადა “რეზონანსს” ფრაქცია “აღორძინების” წარმომადგენელმა ვალერი გელბახიანმა.
ფრაქცია “ახალი აფხაზეთი – ქრისტიან-დემოკარების” ლიდერი გოჩა ჯოჯუა გაზეთთან საუბრისას აღნიშნავს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერის ასლან აბაშიძის გუნდში ბლოკის მხოლოდ ორი ფრაქცია “აღორძინება” და “ერთიანი საქართველო” რჩება. მისი თქმით, ბლოკის თავდაპირველი მიზანი საპარლამენტო უმრავლესობაში გარკვეული ცვლილებების შეტანა იყო. ცვლილებები დღეს უკვე სახეზეა. ახლა მისი მიზანი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გავლენის მოპოვებაა, აღნიშნავს გაზეთი.