“რეზონანსი”, “დილის გაზეთი”, “ახალი თაობა”
“დილის გაზეთი” მიმოიხილავს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ ნათქვამ სიტყვას აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით. მისი აზრით, ყველაზე საინტერესო, რაც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხდა იყო ის, რომ “მიუხედავად აფხაზეთში შექმნილი პრობლემებისა, რუსეთი უარს არ ამბობს მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებაზე და აფხაზეთიდან გუდაუთის სამხედრო ბაზის გაყვანაზე”. პუტინის განცხადებების მიუხედავად, გრძელდება საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ, ხოლო რუსეთის სათათბირო კვლავ ანტიქართულ პოზიციაზე დგას.
“რუსი ექსპერტები იმედოვნებენ, რომ რუსეთი აფხაზეთის კონფლიქტში ჩაერევა… თუმცა, საკუთარი პრეზიდენტისაგან განსხვავებით, მათ ავიწყდებათ, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა საერთაშორისო ნორმებით დაუშვებელია”, წერს “დილის გაზეთი”. მისი თქმით, რუსული მას-მედია განსაკუთრებით არის შეშფოთებული შევარდნაძის სურვილით – საქართველო საბოლოოდ ჩამოშორდეს რუსეთს.
საუბრობს რა აფხაზეთის კონფლიქტზე, გაზეთი იხსენებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე აფხაზეთში სიტუაციის დაძაბვამდე შეჰპირდა საქართველოს მოსახლეობას, რომ აფხაზეთის საკითხი მალე გადაწყდებოდა. “ცხადია, ქვეყნის პირველი პირი სხვებზე მეტ ინფორმაციას ფლობს და, აქედან გამომდინარე, უკეთესად შეუძლია მოვლენების განვითარების პროგნოზირება”, წერს გაზეთი.
“დილის გაზეთი” ასევე აღნიშნავს, რომ აფხაზეთში მიმდინარე პროცესი სამი სავარაუდო მიმართულებით შეიძლება განვითარდეს. პირველი ვარიანტის თანახმად, აფხაზეთში მიმდინარე ლოკალური შეტაკებები აფხაზეთის სასარგებლოდ დასრულდება და აფხაზები კიდევ უფრო მიუახლოვდებიან რეალურ დამოუკიდებლობას. მისი აზრით, მოვლენების ასეთი განვითარება მომაკვდინებელი იქნება როგორც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის, ისე მთლიანად ქართული სახელმწიფოებრიობისათვის. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება ინარჩუნებს პრინციპულობას აფხაზეთთან დაკავშირებით, რაც, თავის მხრივ, გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს გარკვეული გარანტიები აქვს მიღებული აშშ-ს ან თუდაც რუსეთის მხრიდან.
მეორე ვარიანიტის თანახმად, აფხაზეთი დეფაქტოდ და დეიურედ საქართველოს შემადგენლობაში შევა. იმ შემთხვევაში, თუ მოვლენები მართლაც ამ მიმართულებით განვითარდა, “დილის გაზეთი” ორ ყველაზე რეალურ შესაძლებლობაზე მიუთითებს. პირველი – როდესაც აფხაზები დაინახავენ, რომ რუსეთის მხარდაჭერით ვეღარ სარგებლობენ, ისინი ქართველებთან ერთიან სახელმწიფოში ცხოვრებაზე დათანხმდებიან; მეორე – თუ სეპარატისტები ანგარიშს არ გაუწევენ ახალ არეალებს და ბრძოლას ბოლომდე განაგრძობენ, ეს მათთვის მომაკვდინებელი იქნება როგორც საბოლოო პოლიტიკური შედეგის, ისე გენოფონდის მდგომარეობის თვალსაზრისით.
მესამე ვარიანტის მიხედვით, დაძაბულობა ნელ-ნელა ჩაცხრება, მცირემასშტაბიანი საბრძოლო შეტაკებები შეწყდება და აღდგება სტატუს-კვო, ანუ აფხაზეთის პრობლემა ისევ დაკონსერვდება, რაც, შესალოა, დროთაAგანმვლობაში საქართველოდან აფხაზეთის ჩამოშორებით დასრულდეს. გაზეთის ვარაუდით, ასეთ შემთხვევაში, არ შეწყდება პარტიზანული ბრძოლები აფხაზეთის ტერიტორიაზე და აფხაზებიც დაკარგავენ სიმშვიდეს. ამის შემდეგ, სეპარატისტული ხელისუფლება იძულებული გახდება თბილისთან სერიოზულ პოლიტიკურ დათმობებზე წავიდეს.
“ახალი თაობის” პოზიცია აფხაზეთთან დაკავშირებით შემდეგია: აფხაზეთის დაბრუნების შემთხვევაში, სწრაფად აღდგება საქართველოს მოსახლეობის რწმება საკუთარი ხელისუფლების მიმართ; გარდა ამისა, აფხაზეთის დაბრუნება საქართველოს განვითარების დასაწყისი იქნება. “შევარდნაძეს ალტერნატივა არ დარჩა, მან საქართველოს უნდა დაუბრუნოს აფხაზეთი და, თუ არ გამოსდის მშვიდობიანი გზებით, მაშინ აირჩიოს ომი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი სახელი ისტორიაში “დამანგრევლის” მეტსახელით შევა”, წერს გაზეთი.
მოამზადა სალომე ჯაშმა