სამინისტროების კვირის მუშაობის მიმოხილვა. 29 სექტემბერი – 6 ოქტომბერი, 2001.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

გასულ კვირას საქართველოში ადამიანის გატაცების კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა. საქართველოს მოქალაქე აზიზ ხალილოვი კრიმინალებმა 4 ოქტომბერს გაიტაცეს. პოლიცია გამტაცებლებს დაედევნა. სროლის შედეგად დაიჭრა თავად ხალილოვი. სამართალადამცველებმა მისი განთავისუფლება ვერ შეძლეს. კრიმინალებმა იგი პანკისის ხეობაში წაიყვანეს.

მძევლის განთავისუფლების ოპერაციას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ზურაბ ჩხაიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც ახმეტაში 5 აგვისტოს გაემგზავრა. იმავე დღეს გამტაცებლებმა მძიმედ დაჭრილი აზიზ ხალილოვი გაანთავისუფლეს, თუმცა მის სანაცვლოდ მამამისი დაიტოვეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით კრიმინალები გამოსასყიდის სახით 500,000 დოლარს ითხოვენ, თუმცა თავიდან 30,000 დოლარი სახელდებოდა.

პოლიცია აცხადებს, რომ მათთვის ცნობილია გამტაცებლების ვინაობა. ხალილოვების ოჯახი კი გამოსასყიდის გადახდაზე თანაახმაა. ამის წინააღმდეგია პოლიცია.

* * *

ესპანეთის მთავრობა საქართველოში გასულ ნოემბერს გატაცებული ორი ესპანელი ბიზნესმენის განთავისუფლების საქმეში აქტიურად ჩართო. კვირის დასაწყისში საქართველოში ესპანეთის პოლიციის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ თბილისში, რომლებიც გამოძიებას ადევნებენ თვალს. კვირის ბოლოს, 5 ოქტომბერს კი საქართველოში რუსეთში ესპანეთის ელჩი და გენერალური კონსული ჩამოვიდნენ, რომლებმაც შეხვედრები გამართეს შინაგან საქმეთა მინისტრ კახა თარგამაძესა და გენერალურ პროკურორ გია მეფარიშვილთან. მათთან საუბრის დეტალები არ ხმაურდება.

გატაცებული ბიზნესმენების მეუღლეები კრიმინალებთან კონტაქტზე გასვლას აპირებენ. ესპანელი დიპლობატების განცხადებით გატაცებულთა ნათესავების ეს გადაწყვეტილება სრულიად ბუნებრივია, რადგან მათ აღარ სჯერად, რომ ქართველი სამართალდამცველები 10 თვის წინ გატაცებული ესპანელების განთავისუფლებას შეძლებენ.

წინა კვირას კრიმინალები დაუკავშირდნენ ბიზნესმენების ნათესავებს და გამოსასყიდის სახით 250,000 დოლარი მოთხოვეს.

* * *

გასულ კვირას კვლავ დაიძაბა მდგომარეობა აფხაზეთში. რუსეთის საინფორმაციო საშუალებები აფხაზებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას კოდორის ხეობაში ჩეჩნურ-აფხაზური სამხედრო დაჯგუფებების ყოფნისა და აფხაზებთან შეტაკებების თაობაზე. ამ ინფორმაციის მიხედვით აფხაზეთში პირველი შეტაკებება 3 ოქტომბერს მოხდა.

ამ დაჯგუფებებში ფიგურირებენ შინაგანი ჯარების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებიც (შინაგანი ჯარები შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში შედის). შინაგან საქმეთა სამინისტრო და შინაგანი ჯარები ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ. საქართველოს ხელისუფლება ჩეჩნურ-აფხაზური ერთობლივი დაჯგუფების არსებობას თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ ადასტურებს.

1 ოქტომბერს მოსკოვიდან შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე დაბრუნდა, რომლის განცხადებით მან დაარწმუნა თავისი რუსი კოლეგა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტები არ იმყოფებიან. მისი ვიზიტი სწორედ აფხაზეთში სიტუაციის შესაძლო გაუარესების გამო შედგა.

თავდაცვის სამინისტრო

3 ოქტომბერს იაღლუჯას პოლიგინზე პირველმა ქართულმა სპეცდანიშნულების მსუბუქმა საბრძოლო ავტომობილმა “დელტა 1”-მა წარმატებით გაიარა გამოცდა. მანქანა აღჭურვილია 7,62 კალიბრიანი “კალაშნიკოვის” ორი ტყვიამფრქვევით და ავტომატური ყუმბარმტყორცნით. მანქანა შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სპეცდანიშნულების რაზმების მიერ. საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძემ ავტომობილი დადებითად შეაფასა. “დელტა 1”-ის ღირებულება 6,000 დოლარია.

* * *

6 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ა.შ.შ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადმოსცემდა 6 სამხედრო ვერტმფრენს UH-1H-ს და ოთხ ვერტმფრენს სათადარიგო ნაწილების სახით. საჩუქარი უსაფრთხოების საკითხებში ერთჯერადი დახმარების ფარგლებში დანხორციელდება. გადმოცემა 7 ოქტომბერს განხორციელდება. დახმარების ღირებულება 2,3 მილიონი დოლარია.

საგარეო საქმეთა სამინისტრო 

2-6 ოქტომბერს შედგა საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ა.შ.შ.-ში ოფიციალური ვიზიტი. მასთან ერთად ა.შ.შ.-ში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილიც იმყოფებოდა. 5 ოქტომბერს გაიმართა ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრო, რომელზეც ყურადღება ანტიტერორისტულ ოპერაციაზე გამახვილდა. პრეზიდენტმა შევარდნაძემ კიდევ ერთხელ დაადასტყრა, რომ საქართველო მზად არის  ყველანაირი დახმარება აღმაუჩინოს ა.შ.შ. ანტიტერორისტულ ოპერაციებში. შეხვედრისას მნიშვნელოვანი დრო საქართველოს გავლით ენერგომატარებლების გატარების საკითხსაც დაეთმო. აღინიშნა რომ ამ მხრივ, ა.შ.შ. პრიორიტეტებს არ შეცვლის.

პრეზიდენტ ბუშთან შეხვედრამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 3 ოქტომბერს ჰარვარდის უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო საგარეო ორიენტაცია ნატოსკენ არის მიმართული და იგი არ გამორიცხავს, რომ საქართველომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა დატოვოს. თუმცა მოგვიანებით პრეზიდენტმა თავად უარყო ეს ინფორმაცია და განცხადა, რომ ასეთი რამ საერთოდ არ უთქვამს.

ა.შ.შ.-ში ვიზიტისას პრეზიდენტი შევარდნაძე სენატის უმრავლესობის ლიდერს, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობას, კომპანიების “ბრიტიშ პეტროლიუმისა” და “ეი-ი-ეს”-ის პრეზედენტებს შეხვდა.

* * *

1 ოქტომბერს ჟურნალ “ფაინენშალ თაიმსში” გამოქვეყნებულ მოსაზრებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციის მაღალი რანგის პირის განცხადება (საგარეო უწყება ამ პირის ვინოაბას არ აკონკრეტებს). სტატიაში ლაპარაკი იყო სტამბოლის სამიტზე მიღწეული შეთანხმების განხორციელების პროცესში რუსეთის სასარგებლოდ ნატო-ს პოზიციის შერბილების შესახებ. ნოტო-ს მაღალი რანგის პირი აცხადებს, რომ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებისა და სტამბოლის შეთანხმების საკითხებთან მიმართებაში არავითარ ცვლილებას ნატო-ს წევრი ქვეყნების პოზიციებში ადგილი არ ექნება.

ნატო-ს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი რუსეთისგან შეთანხმების შესრულებას და გუდაუთის სამხედრო ბაზის ლიკვიდაცია მოითხოვს.

Exit mobile version