უმრავლესობა და “მოქალაქეთა კავშირი” დაშლას განაგრძობენ
პარლამენტის ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირი”, რომელიც 1999 წლის არჩევნების შემდეგ თავის რიგებში 100-მდე პარლამენტარს აერთიანებდა, ამჟამად განახევრებულია. ფრაქციას დეპუტატთა ორი გაერთიანება გამოეყო – “თანადგომა”, რომელიც პრეზიდენტ შევარდნაძის თანამოაზრეებმა შექმნეს და “ალიანსი ახალი საქართველოსათვის”. მეორე ფრაქციის წევრთა დიდ ნაწილს პარლამენტში საქართველოს რეგიონის, ქვემო ქართლის წარმომადგენლები წარმოადგენენ. ეს ორი ფრაქცია უშუალოდ პრეზიდენტის დასაყრდენად შეიძლება მივიჩნიოთ.
დაშლა დაემუქრა საპარლამენტო უმრავლესობასაც. არჩევნების შემდეგ, უმრავლესობაში 130-ზე მეტი პარლამენტარი იყო გაერთიანებული. ბოლო მონაცემებით, უმრავლესობა 118 წევრისგან შედგება. ეს კი ქმნის იმის საშიშროებას, რომ უმრავლესობა დაიშლება, თუ ამ გაერთიანებას თუნდაც ერთი დეპუტატი დატოვებს. პარლამენტის რეგლამენტით, უმრავლესობის დაშლით იგივე ბედი ეწევა უმცირესობასაც.
1 ოქტომბერს უმრავლესობის დახურულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ზურაბ ჟვანიამ წარმოადგინა პარლამენტის უმრავლესობის პლატფორმის ძირითადი პრინციპების პროექტი. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის დებულებები უმრავლესობის წევრთა დიდი ნაწილისთვის მისაღები აღმოჩნდა, ამან არათუ ვერ შეაფერხა ამ გაერთიანების რღვევა, არამედ ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირიდან” დეპუტატთა გასვლა დააჩქარა.
დებულების თანახმად, უმრავლესობა უნდა ჩამოყალიბდეს რამდენიმე სტრატეგიული მიზნის მისაღწევად. მათ შორის, უნდა შეიქმნას და მიღებული იქნას ანტიკორუფციული საკანონმდებლო პაკეტი, გათვალისწინებულია ისეთი კანონმდებლობის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს მთავრობიდან იმ მაღალჩინოსნების დათხოვნას, რომლებიც დაუსაბუთებელ ქონებას ფლობენ. პროექტის მიხედვით, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ქმედუნარიანი მინისტრთა კაბინეტის შექმნის მიზნით საკონსტიტუციო რეფორმების გატარება. პროექტის თანახმად, საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებამდე აუცილებელია გატარდეს აღმასრულებელი ხელისუფლების ძირეული რეფორმა, რომლის მიზანიც მთავრობის ეკონომიკური გუნდის ერთიანობა იქნება.
პლატფორმის პროექტზე მუშაობა უმრავლესობაში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მას ხელი მოასწერეს, ძირითადად, ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” წევრებმა. დაუზუსტებელი მონაცემებით, 50-მდე პარლამენტარმა. მათ შორის, უმრავლესობის ლიდერმა, ნიკო ლეკიშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. დოკუმენტს ხელი არ მოაწერა “მოქალაქეთა” ე.წ. რეფორმატორული ჯგუფის ორმა წევრმა – კოტე კემულარიამ, რომელიც ამასთან უმრავლესობიდანაც გავიდა და ვანო მერაბიშვილმა. ის, ჯერჯერობით, რჩება უმრავლესობაში, თუმცა შეაჩერა თავისი წევრობა ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირში”.
ქვემო ქართლის დეპუტაცია ახალი საქართველოსთვის
2 ოქტომბერს პირველი ოფიციალური შეკრება გამართეს ფრაქცია “ალიანსი ახალი საქართველოსათვის” წევრებმა. ეს ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” წიაღში იშვა. თავდაპირველად მის შემადგენლობაში 18 წევრი ირიცხებოდა, მათ შორის, 8 არაქართული ეროვნებისა. ორი დღის შემდეგ, ფრაქციაში გაწევრიანების სურვილი დამატებით ორმა პარლამენტარმა გამოთქვა, რომლებიც მანამდე უმრავლესობის შემადგენლობაში შემავალი ფრაქცია “მაჟორიტარების” წევრები იყვნენ. ფრაქციის თავმჯდომარედ არჩეულია ირაკლი გოგავა, რომელიც პარლამენტის დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობის ქვეკომიტეტს ხელმძღვანელობდა.
“ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირში” გადაწყვეტილებების მიღების პროცესი არ იყო გამჭვირვალე. გადაწყვეტილებები მიიღებოდა პატარა ჯგუფის დიქტატის შედეგად”, – ამით ახსნა ახალი ფრაქციის შექმნა ირაკლი გოგავამ. მისი თქმით, უახლოეს ხანებში ფრაქცია აპირებს, ამხილოს ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” ის წევრები, რომლებსაც სხვადასხვა კანონების ლობირებისას ფინანსური ინტერესები გააჩნიათ.
ფრაქციის ლიდერის განცხადებით, ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირი” ანალოგიური დასახელების პარტიას გაემიჯნა და ამით “იგნორირება გაუკეთა პარტიის ათასობით წევრსა და მხარდამჭერს”.
ფრაქცია “ალიანსი ახალი საქართველოსთვის” რჩება საპარლამენტო უმრავლესობაში.
ოპოზიციამ ალიანსი “ცენტრი” შექმნა
8 ოქტომბერს პარლამენტში ოფიციალურად გატარდება რეგისტრაციაში სამი ოპოზიციური ფრაქციის – “ტრადიციონალისტის”, “მრეწველებისა” და “ახალი აფხაზეთი და ქრისტიან-დემოკრატის”, ალიანსი. მასში 37 პარლამენტარი გაერთიანდება.
ფრაქცია “მრეწველების” ლიდერის, გოგი თოფაძის განცხადებით, ალიანსი მხარს დაუჭერს ყველა პოზიტიურ წინადადებას და ითანამშრომლებს როგორც უმრავლესობასთან, ასევე ოპოზიციასთან.
ფრაქცია “ტრადიციონალისტის” თავმჯდომარის, აკაკი ასათიანის განცხადებით კი, იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობა დაიშალა, ალიანსმა შეიძლება ითანამშრომლოს უმრავლესობის ბაზაზე ჩამოყალიბებულ ფრაქციებთანაც.
ალიანსის ლიდერთა განცხადებით, ოპოზიციური ფრაქციების ალიანსი რამდენიმე ამოცანის გადასაწყვეტად ჩამოყალიბდა. მათ შორისაა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საგადასახადო კანონმდებლობის ლიბერალიზაცია, ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის რეფორმირება რეგიონალიზმის მიმართულებით, ასევე საარჩევნო კანონმდებლობისა და მმართველობითი სტრუქტურის დახვეწა.
თბილისში აფხაზეთის ე.წ. პრემიერი ჩამოდის
3 ოქტომბერს პარლამენტის აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომაზე ქართველი პარლამენტარების წინაშე საინფორმაციო მოხსენება გააკეთა გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა საქართველოში დიტერ ბოდენმა. მისი თქმით, 9 ოქტომბერს თბილისში დეგეგმილია აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში ვითარების ერთობლივ-შემფასებელი კომისიის სხდომა, რომლის მუშაობაშიც აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ანრი ჯერგენია მიიღებს მონაწილეობას.
დიტერ ბოდენის განცხადებით, კომისიის სხდომაზე განხილული იქნება საერთაშორისო ექსპერტების მიერ 2001 წლის აპრილში მომზადებული დასკვნა გალის რაიონში არსებული ვითარების თაობაზე. მისი თქმით, დასკვნის განხილვა აქამდე გალის რაიონში არსებული დაძაბული მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა.
გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ე.წ. “გალის დასკვნა” რამდენიმე რეკომენდაციას შეიცავს. მათ შორის, გალის რაიონის ტერიტორიაზე სამართალმცველი სტრუქტურების გააქტიურებას, პოლიციის რიგებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვით. დასკვნის თანახმად, გალში გაერო, ეუთოსთან ერთად, გახსნის ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისს. დოკუმენტის ორი სხვა რეკომენდაცია შეეხება გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის სწავლებასა და რაიონის ეკონომიკურ-სოციალური რეაბილიტაციის ღონისძიებების გატარებას.