ზეინო ბარანი
საქართველოს ფორუმის დირექტორი,
ენერგიისა და ეროვნული უსაფრთხოების პროგრამის ასოცირებული მკვლევარი.
სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრი, ვაშინგტონი.
ტერორიზმის წინააღმდეგ ახალი გლობალური ომის ძირითადი წესების ირგვლივ შექმნილი თავდაპირველი გაურკვევლობა რეგიონული კონფლიქტების ესკალაციის წარმოქნის რისკს ქმნის. ამ პირობებში ძველ აგრესორებს შეუძლიათ “ტერორისტული მიდგომა” საკუთარი თავდასხმების გასამართლებლად გამოიყენონ. რუსეთი უკვე ცდილობს კავკასიაში ცივი ომის დასრულების შემდეგ დაკარგული გავლენის დაბრუნებას. მოსკოვსა და სხვა სახელმწიფოებს სჭირდებათ შეხსენება, რომ ახალი ომი აშშ-ის ხელმძღვანელობით წარიმართება და ის არ იქნება ცივი ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის გადასინჯვის საშუალება.
კავკასიის სამი სახელმწიფოდან რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა მხოლოდ სომხეთს აკავშირებს. სომხეთი ასევე ყველაზე ნაკლებად განიცდის ტერორიზმის პრობლემას. რუსეთის ხედვით, აზერბაიჯანმა ტერორიზმთან ბრძოლაში რამდენიმე სერიოზული ნაბიჯი გადადგა, ჩეჩენი მებრძოლების ექსტრადიციის ჩათვლით. საქართველომ კი ვერ შეძლო ჩეჩნეთთან სასაზღვრო მონაკვეთზე ეფექტური კონტროლის დამყარება და ახლა თბილისი მოსკოვის ანტიტერორისტული პოლიტიკის ეპიცენტრში მოექცა.
რუსეთის მიზანი: ტერორიზმთან ბრძოლა და/ან კავკასიის კონტროლი
აშშ-ის მიერ “გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ომის” გამოცხადების შემდეგ, რუსეთი აცხადებს, რომ საქართველოს რუსეთთან თანამშრომლობა სჭირდება, რათა საზღვარზე მკაცრი კონტროლი უზრუნველყონ და ჩეჩენი ტერორისტების მფარველობა შეაჩერონ, განსაკუთრებით იმათი, რომლებსაც შეიძლება ოსამა ბინ ლადენის ქსელთან ჰქონდეთ კავშირები. ამ ღონისძიებების წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსეთს, როგორც ზოგიერთი აცხადებს, შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრას იმ პირთა დასაკავებლად, რომლებიც “გლობალური ტერორიზმის” ნაწილად მიიჩნევიან. სანამ საქართველო ტერორისტების მფარველობას უარყოფს, რეალური საფრთხეა იმისა, რომ რასაც არ უნდა აკეთებდეს ახლა საქართველო, რუსეთს შეუძლია ტერორისტების დევნა საქართველოზე და მოგვიანებით მთელ კავკასიაზე სამხედრო და პოლიტიკური ზეწოლის გაზრდის წინაპირობად გამოიყენოს.
რაც უფრო უარესია, ცალკეულ სამხედრო ხელმძღვანელებს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე შეუძლიათ საკუთარი შეხედულებებისამებრ იმოქმედონ – მოსკოვის ნებართვით ან მის გარეშე. რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში ასევე შესაძლოა იფიქრონ, რომ აშშ იმდენად არის დაკავებული საკუთარი ომით ტერორიზმის წინააღმდეგ, რომ ვაშინგტონმა შეიძლება კავკასიაში განვითარებულ მოვლენებს საკმარისი ყურადღება არ მიაქციოს. უფრო მეტიც, პრეზიდენტმა პუტინმა აშშ-თან გარიგების სურვილზეც მიუთითა. მოსკოვს სურს ცენტრალური აზიის ქვეყნების ავღანეთზე შეტევისათვის გამოყენების სანაცვლოდ, კავკასიაში გავლენის აღსადგენად აშშ-საგან გარკვეული თავისუფლება მიიღოს.
სტრატეგიული ფაქტორები კავკასიაში
იმ ტერორისტებისათვის, რომლებიც ავღანეთიდან გაღწევას ახერხებენ, ყველაზე მისაღები თავშესაფარი კავკასიის მთიანი რეგიონია. ირანით, რუსეთითა და თურქეთით გარშემორტყმული კავკასიის რეგიონი ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სტრატეგიული სატრანზიტო დერეფანია.
კავკასიაში სტაბილურობა მსოფლიო ბაზარზე კასპიური ნავთობისა და გაზის უწყვეტი ტრანსპორტირებისათვის გადამწყვეტი ფაქტორია. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ მოსალოდნელ ომში სპარსეთის ყურიდან ენერგორესურსების გარანტირებული ექსპორტის ირგვლივ არსებული გაურკვევლობის პირობებში, კასპიური რეგიონიდან მიღებული ნავთობი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისათვის სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდება.
ენერგორესურსების ექსპორტის უსაფრთხოების განმტკიცებისათვის აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს აზერბაიჯანთან და საქართველოსთან (და თურქეთთან) აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში, რათა მსოფლიო ბაზრებამდე კასპიური ენერგორესურსების ტრანსპორტირებისათვის რეგიონის არარუსული ალტერნატივები განამტკიცოს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და შაჰ-დენიზის გაზსადენი კასპიიდან მომავალ სატრანსპორტო მარშრუტებზე რუსეთის მონოპოლიას დაამხობს. რუსეთს ჯერ კიდევ არ უთქვია უარი თავის სურვილზე – ცენტრალურ აზიური და კასპიური ენერგორესურსებისა და საქონლის ევროპაში ტრანსპორტირებაზე მონოპოლია შეინარჩუნოს. რუსეთმა იცის, რომ ამ პროექტების წარმატება კასპიის რეგიონის ეკონომიკურ ცხოვრებაში, და მოგვიანებით პოლიტიკაში, მისი მონოპოლიის დასასრული იქნება. რუსეთი ამიტომაც არ უჭერს მხარს ამ პროექტებს.
პრობლემები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში
აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანში საქართველო განაპირა კავკასიური სახელმწიფოა და შესაბამისად მისი მონაწილეობა გადამწყვეტია მილსადენების პროექტებში წარმატებისათვის. თუკი საქართველო ტერორიზმის ირგვლივ ატეხილ რეგიონულ ომში აღმოჩდება ჩათრეული, ან რუსეთი საქართველოსგან პოლიტიკურ დათმობებს მიიღებს, მაშინ რუსეთი დე ფაქტო მოიპოვებს კონტროლს აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანზე და შედეგად ცენტრალურ აზიასა და კავკასიაზე.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა დამოუკიდებლობის შემდეგ დაძაბულია, მეტწილად რუსეთის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისადმი მტრული დამოკიდებულების გამო, რომელიც მთავარი მოქმედი პირი იყო საბჭოთა კავშირის დაშლასა და გერმანიის გაერთიანებაში. მკაცრი კურსის მომხრე ზოგიერთ პოლიტიკოსს ჯერ კიდევ არ დავიწყებია და უპატიებია ეს შევარდნაძესათვის და მასზე რამოდენიმე დავდასხმაც განახორციელეს. ისინი დროდადრო საქართველოს დესტაბილიზაციის შესაძლებლობებს ეძებენ, რომელიც ახლა მათ შეუძლიათ ნახონ.
საქართველოს შიდა სისუსტე რუსეთისათვის დიდი ცდუნებაა. აშკარაა, რომ ცვალებად მსოფლიო წესრიგში, თუ საქართველოს რუსეთის საკუთარი ტერიტორიიდან გაძევება სურს, თბილისმა უფრო სერიოზული ნაბიჯები უნდა გადადგას. ერთი უსწრაფესი ღონისძიება კორუფციასთან ბრძოლის უკომპრომისო პოლიტიკის შემუშავებაა. საქართველოში მასშტაბური კორუფციის პირობებში, საქართველოს ხელმძღვანელობისათვის რთულია წარმატებით მოიგერიოს ჯგუფები, რომლებსაც ქვეყნის გარეთ მყოფ ტერორისტებთან აქვთ კავშირი. ეს ვითარება სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს.
ჩეჩნეთი ორცეცხლსშუა
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ჩეჩნეთის მეორე ომის პერიოდში კიდევ უფრო გაუარესდა. ჩეჩნეთი რუსეთის სამხედროებისათვის სირცხვილის, ხოლო პოლიტიკური ხელმძღვანელობისათვის მუდმივი შიშის წყაროა. რუსეთი ადანაშაულებს ჩეჩენ ტერორისტებს 1999 წელს მოსკოვში საცხოვრებელი სახლის აფეთქებაში, რომელმაც რამდენიმე ასეული ადამიანი შეიწირა. მაშინდელმა რუსეთის პრეზიდენტმა, ბორის ელცინმა შევარდნაძეს ნებართვა სთხოვა საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზები ჩეჩნეთზე შეტევისათვის გამოეყენებინა. მას აგრეთვე სურდა რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე საქართველოს მხრიდან რუსეთის სასაზღვრო ჯარები განეთავსებინა. ჩეჩნეთის ომში საქართველოს შესაძლო ჩათრევის შიშით, შევარდნაძემ მსგავს თანამაშრომლობაზე უარი თქვა. ამის შემდეგ, რუსეთი საქართველოს საზღვრების არაეფექტურ კონტროლში და ჩეჩენი და ისლამისტი მოჯაჰედების პანკისის ხეობაში შეფარებაში ადანაშაულებს. ბოლო პერიოდში, რუსეთი პანკისის ხეობას “(რუსეთ-ჩეჩნეთის) ფრონტის ხაზზე საერთაშორისო ტერორიზმის მხარდამჭერ ბაზად” მოიხსენიებს.
11 სექტემბრის შემდეგ რუსეთი ჩეჩნების მიმართ ტერმინ “საერთაშორისო ტერორისტებს” იყენებს. აშკარაა, რომ რუსეთი ცდილობს საერთაშორისო კოალიციისათვის პრეცედენტი შექმნას, რაც შემდგომში ჩეჩენი ტერორისტების განადგურებასა და ასევე საქართველოს ტერიტორიის გამოყენებაში უნდა აისახოს. საქართველო საკუთარი ტერიტორიის მსგავსი ქმედებებისათვის გამოყენების წინააღმდეგია. ამავე დროს, საქართველომ მზადყოფნა გამოთქვა ავღანეთში ტერორისტების წინააღმდეგ ამერიკელთა სამხედრო ოპერაციისათვის საკუთარი ტერიტორია გამოიყენონ. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ რუსეთში მრავალს ჩეჩნები იმდენადვე ეზიზღება, რამდენადაც ამერიკელებს თალიბები, საქართველოს პოლიტიკის ამგვარი წინააღმდეგობრიობა რუსი რადიკალების გაცოფებას იწვევს.
პანკისის ხეობაში ჩეჩნების გამო შექმნილი დაძაბულობის გარდა, აფხაზეთშიც არის დაძაბულობის წარმოქმნის შესაძლებლობა. საქართველოსათვის მნიშვნელოვანია მკაცრი ზომები მიიღოს, რათა აფხაზეთის უკონტროლო რეგიონში, ისევე როგორც კოდორის ხეობაში, ჩეჩენი მებრძოლეების გადაყვანა შეწყდეს. საქართველოს ამ ტერიტორიაზე შეზღუდული კონტროლი აქვს და შედეგად იგი შეიძლება უკონტროლო საბრძოლო ოპერაციების ბაზად იქცეს.
რეკომენდაციები:
- წითელი ხაზის გავლება რუსეთისათვის: აშშ-ს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთთან თანამშრომლობა სჭირდება და აშკარაა, რომ ამაში რუსეთი გარკვეულ საფასურს მოითხოვს, მაგრამ ეს არ შეიძლება საქართველოში თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის მიცემაში გამოიხატოს. უფრო მეტიც, ჩეჩნეთში რუსეთის სამხედრო ოპერაციის წარუმატებლობისათვის საქართველო პასუხს არ უნდა აგებდეს. გასულ კვირებში გაკეთებული განცხადებების იძლევა საფუძველს ვიფიქროთ, რომ რუსეთის პოლიტიკურ ელიტა პანკისის ხეობაში სამხედრო ოპერაციაზე შესაძლო რეაქციის მოსინჯვას ცდილობენ. აშშ-ის ადმინისტრაციამ უმაღლეს დონეზე უნდა დააფიქსიროს მტკიცე პოზიცია, რომ ცენტრალურ აზიაში ტერორიზმისა და თალიბების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობა არ აშშ-ს მხრიდან საქართველოსა და საერთოდ კავკასიაში რუსეთის ქმედებებზე თვალის დახუჭვას. უფრო მეტიც, რამდენადაც ევროპის ქვეყნებში არის ტენდენცია კავკასიის რეგიონი რუსეთისადმი ყურადღებას ანაცვალონ, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მ მისი ევროპელი მოკავშირეები კავკასიაში სტაბილურობის განმტკიცების პროცესში უფრო აქტიურად ჩართოს. პრეზიდენტმა ბუშმა პრეზიდენტ პუტინს გასაგებად უნდა აუხსნას კავკასიაში აგრესიის საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური და, შესაძლოა აგრეთვე სამხედრო ღირებულება.
- პრეზიდენტ შევარდნაძისათვის მკაცრი შეტყობინების გადაცემა: პრეზიდენტი ბუში პრეზიდენტ შევარდნაძეს 5 ოქტომბერს შეხვდება. ეს შეხვედრა ბუშს დიდი შესაძლებლობას მისცემს შევარდნაძეს ნათლად აგრძნობინოს, რომ აუცილებელია აღიკვეთოს საქართველოში ტერორისტების ყოფნის მტკიცების ყოველგვარი საფუძველი. საქართველომ უნდა გაამკაცროს სასაზღვრო კონტროლი და თუკი ეს აქამდე არ გაუკეთებია, შეაჩეროს საკუთარ ტერიტორიაზე ჩეჩნების შემოსვლა. პანკისის ხეობა რუსეთ-საქართველოს საზღვართან და კოდორის ხეობა აფხაზეთში მკაცრი კონტროლის ქვეშ უნდა მოექცეს, რათა ისინი ისლამისტი ტერორისტებისათვის ბაზებად არ გადაიქცეს. საზღვრებზე და ამ ორ რეგიონზე კონტროლის გაზრდისათვის, საქართველომ ახალი შესაძლებლობები უნდა ეძიოს, დაწყებული აშშ-სა და თურქეთის, ასევე ნატო-ს “პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის ფარგლებში დახმარების მოთხოვნით, და ისლამურ ტერორიზმთან ბრძოლაში რუსეთთან თანამშრომლობის ახალი გზების მოძიებით დამთავრებული. უფრო მნიშვნელოვანია, რომ შევარდნაძემ აშშ-საგან გაიგოს, რომ მიუხედავად შესაძლო შიდა წინააღმდეგობებისა, აუცილებელია კორუფციასთან ბრძოლის მტკიცე ტაქტიკის შემუშავება და სოციოეკონომიკური და სამართლებრივი ვითარების გაუმჯობესება, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის შიდა ძლიერების ზრდისა და ტერორისტების მხარდამჭერთა რიგების შესათხელებლად. ამ საკითხების გადაწყვეტის გარეშე, სუსტი საქართველო გაწირავს საკუთარ თავს, და შემდგომში კავკასიას, რომელიც განსაკუთრებით მოწყვლადია რეგიონულ კონფლიქტებში ჩათრევის მიმართ.
- კავკასიის სტაბილურობაზე რუსეთთან თანამშრომლობა: არის შესაძლებლობა, რომ ისლამისტი ტერორისტები, ავღანეთის დაბომბვის შემდეგ, კავკასიის მთიან რეგიონში დამალვას შეეცდებიან. მოვლენების მსგავსი განვითარების შედეგი საშინელია: ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე რეგიონული კონფლიქტების გავრცელება და გაზსადენებსა და ნავთობსადენებზე დივერსია. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი და აშშ თანაბრად არიან დაინტერესებული აღკვეთონ მოვლენათა ამგვარი განვითარება, რამდენიმე სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობა იქმნება. თანამშრომლობის ერთ-ერთი ასეთი სფერო ჩეჩნეთში ტერორისტებისათვის საერთაშორისო დაფინანსების მარშრუტის დადგენა და მათ ხელში ნაღდი ფულის შემდგომი მიღების შეჩერებაა.
- აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანში მონაწილეობის გაგრძელება: ყველა იმ მთავრობას, რომელთაც ეკონომიკური წვლილი აქვთ შეტანილი რეგიონში, კორპორაციებს, რომლებიც გრძელვადიან ინვესტიციებს ახორციელებენ და ასევე რეგიონის მოსახლეობას სჭირდებათ აშკარა სიგნალი აშშ-ის ადმინისტრაციისაგნ, რომ აშშ ხელს შეუწყობს კავკასიაში სტაბილურობის მხარდაჭერას და შეაკავებს რუსეთს აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის ძირგამოსათხრელი ნაბიჯებისაგან. გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ გრძელვადიანი ბრძოლის მიზნის დასახვის შემდეგ, აშშ-ს ასევე სჭირდება იმ სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობის ტიპების გადახედვა, რომლითაც ვაშინგტონი კავკასიაში მოქმედებას აპირებს.
- 907 მუხლის გაუქმება: კავკასიის ქვეყნებს შეზღუდული რესურსები აქვთ საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერებისა და იმ ძალოვანი ღონისძიებების განსახორციელებლად, რაც აუცილებლად უნდა გატარდეს. უფრო მეტიც, რეგიონს დასჭირდება დამატებითი დახმარება სამხედრო სფეროში და მილსადენის უსაფრთხოების საკითხებში – ტერორისტთა შეტევის თავიდან ასაცილებლად. კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ეფექტური მხარდაჭერისათვის და საჭირო დახმარების უზრუნველსაყოფად, თავისუფლების მხარდამჭერი აქტის 907-ე მუხლი უნდა გაუქმდეს. ეს კანონი ზღუდავს აშშ-ს შესაძლებლობას აზერბაიჯანსა და სომხეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი ოპერაცია გაატაროს, რაც ტერორიზმთან გრძელვადიანი ბრძოლისთვის მნიშვნელოვანია. 907 მუხლი ასევე ზღუდავს ისეთი სახის დახმარებას, რომელიც შეიძლება მიეწოდოს აზერბაიჯანს მისი ნავთობსადენებისა და გაზსადენების, რომლებიც ამერიკული კომპანიების წარმოებულ ნავთობს გადაზიდავს, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. კავკასის სამივე სახელმწიფოში უფრო პირდაპირი ჩარევის გზით, აშშ ასევე ეფექტურად შეძლებს რეგიონში რუსეთის მზარდი გავლენის შეჩერებას.
- დახმარების პროგრამების სტრუქტურის შეცვლა: დამოუკიდებლობის შემდეგ აშშ-ის დახმარებების მიუხედავად, კავკასიის სამივე სახელმწიფო კვლავ განიცდის სუსტი სამართლებრივი სტრუქტურების, ფართომასშტაბიანი კორუფციის პრობლემას; მთავრობების ლეგიტუმორობის შესუსტებას, გაუარესებულ სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას და დემოკრატიზაციის ნაკლებობას, ისევე როგორც, მომავლისადმი მზარდი იმედგაცრუების გრძნობასა და უიმედობის შეგრძნებას. ყველაფერი ეს ტერორიზმისათვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის. აშშ-ის ადმინისტრაციასა და კონგრესს სჭირდებათ გადახედონ დახმარების სტრატეგიას ამ ქვეყნებისათვის მათი შიდა პრობლემების უკეთ მოსაგვარებლად.