Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 17:29 - 24 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტი და PACE-ს თანამომხსენებლები ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურებიან
Civil Georgia, Tbilisi / 28 თებ.'18 / 12:41

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტმა გუდრუნ მოსლერ-ტორსტრომმა შეშფოთება გამოხატა ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო.

„ვუერთდები საერთაშორისო საზოგადოებას და გამოვხატავ ჩემს შეშფოთებას და წუხილს ამ ტრაგიკული ფაქტის გამო“, - წერს ტორსტრომი 27 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

„საჭიროა, სასწრაფად ჩატარდეს გამჭირვალე გამოძიება, რათა დადგინდეს მისი გარდაცვალების გარემოებები და ასევე პასუხისმგებლობა ამგვარი ქმედებისთვის“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირი „დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს და თბილისის კანონიერ ხელისუფლებას გადაეცეს“. 

კონგრესის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა კონგრესის „ხანგრძლივ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“ და სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულის ოჯახს.

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება ასევე დაგმეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა, კერსტინ ლუნდგრენმა და ტიტუს კორლატეანმა, რომელთაც „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს ამ ფაქტის გამო.

„ჩვენ მოვუწოდებთ სეპარატისტ ხელისუფლებას, ასევე რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, როგორც დე-ფაქტო მმართველ ძალას, განახორციელონ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების სრულფასოვანი და გამჭვირვალე გამოძიება და გაასამართლონ პასუხისმგებელი პირები“, - განაცხადეს თანამომხსენებლებმა 26 თებერვალს. 

„გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ ბატონ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და დაბრუნებას თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, - განაცხადეს თანამომხსენებლებმა და კიდევ ერთხელ დაადასტურეს „საქართველოს ტერიტრიული მთლიანობისა და მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობის მხარდაჭერა“. 

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ დაკავებული 35 წლის საქართველოს მოქალაქე, ახალგორის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს დილას გარდაიცვალა.  ცხინვალის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ტატუნაშვილი წინა დღეს ახალგორში დააკავეს და „ცხინვალში გადაიყვანეს დასაკითხად“. ამავე ინფორმაციით, საგამოძიებო იზოლატორში დაბრუნებისას მან სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც დაზიანებები მიიღო, იგი წააქციეს და კიბეზე დაგორდა. მალევე, იგი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის შემდეგაც ორ საათში გარდაიცვალა.

ტატუნაშვილის ოჯახი უარყოფს ამ ვერსიას და აცხადებს, რომ იგი ცხინვალის უშიშროების ძალებმა წამებით მოკლეს.

ტატუნაშვილის ოჯახი, რომელიც დევნილთა წილკნის დასახლებაში ცხოვრობს, ცხედრის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას ითხოვს, თუმცა ცხინვალის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცხედარი ოჯახს მანამდე არ გადაეცემა, სანამ რუსეთში ოსური მხარის მიერ გადაცემული გვამის გაკვეთის მასალების „დამოუკიდებელი ექსპერტიზა“ არ ჩატარდება. 

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, რომლის თქმითაც ტატუნაშვილი უკვე გარდაცვლილი იყო, როდესაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, აცხადებს, რომ „ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება ემსახურება იმ მიზანს, რომ ექსპერტიზამ ვერ დაადგინოს გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები“. 

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება უკვე დაგმეს თბილისმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის ევროკავშირმა, ლიტვამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ლატვიამ, ესტონეთმა, გერმანიამ, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
23 აპრ.'18 18:28
სასამართლომ ბაჩო ახალაია გადამდგარი პოლკოვნიკის საქმეში დამნაშავედ სცნო
საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს საქალაქო სასამართლო 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
23 აპრ.'18 17:59
ფინანსთა მინისტრი ვაშინგტონში საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში 19 აპრილს გაემგზავრა, სადაც თვის ბოლომდე დარჩება.
23 აპრ.'18 15:42
წითელი ჯვარი: აფხაზეთის კონფლიქტისას გაუჩინარებული 22 ადამიანის ნეშტი იდენტიფიცირებულია
იდენტიფიკაცია იმ სააკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც წითელი ჯვრის მხარდაჭერით 2010 წელს ჩამოყალიბდა.
23 აპრ.'18 15:34
რუსეთის საგარეო უწყება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ თბილისის პოლიტიკას აკრიტიკებს
მარია ზახაროვას თქმით, საქართველომ უნდა მიიღოს ახალი პოლიტიკური რეალობა და აღიაროს მათი დამოუკიდებლობა.
20 აპრ.'18 19:09
ევროპის საბჭომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
ანგარიში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს.
20 აპრ.'18 16:04
პარლამენტმა პარტიების დაფინანსების წესში ცვლილებები მიიღო
ცვლილებების შედეგად, მრეწველთა პარტია 600 000 ლარის ოდენობის ყოველწლიურ საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს.
20 აპრ.'18 12:57
ევროკავშირი ‘ღრმა შეშფოთებას’ გამოხატავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გამო
ევროკავშირის დელეგაციამ ევროპის საბჭოში საქართველოს შესახებ გენერალური მდივნის ანგარიშის საპასუხოდ განცხადება გამოაქვეყნა.
19 აპრ.'18 18:12
საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა შიდაპარტიულ დავაზე გადაიდო
მმართველი პარტიის დეპუტატების შეხვედრას, სავარაუდოდ, 21 აპრილს გაიმართება. 
19 აპრ.'18 15:58
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის პირველ კვარტალში
2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.3%-ით გაიზარდა და 2.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.    

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15