Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 15:20 - 18 იან.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციას მხარი დაუჭირა
Civil Georgia, Tbilisi / 7 დეკ.'17 / 19:32


პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციას მხარი დაუჭირა, 7 დეკემბერი, 2017. ფოტო: parliament.ge

საქართველოს პარლამენტმა 7 დეკემბერს დაამტკიცა მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც რამდენიმე სამინისტროს და ძალოვანი უწყების შერწყმას და რეორგანიზაციას ითვალისწინებს.

ცვლილებების მიხედვით, ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინიტროს უერთდება, ხოლო გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო იყოფა. ამ უკანასკნელის ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა, ხოლო გარემოს დაცვის მიმართულება სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციაში შევა. შედეგად, ახალ სამინისტროს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეწოდება.

გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მსგავსად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროც იყოფა. ახალგაზრდობის საქმეთა მართვა  განათლების და მეცნიერების სამინისტროს კომპეტენციაში შევა. სპორტის კომპონენტი კი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შევა, ხოლო ახალ სამინისტროს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ეწოდება. 

საკანონმდებლო ცვლილებები ძალოვან სტრუქტურებსაც შეეხება. შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და პრემიერ-მინისტრთან არსებული სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმის შედეგად, მთავრობის მეთაურის დაქვემდებარებაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იქმნება. თავდაპირველი გეგმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სამსახურის გაერთიანებასაც ითვალისწინებდა, თუმცა მმართველ გუნდში, ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორში არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო, მთავრობამ შესაბამისი კანონპროექტები უკან გაიწვია

პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 6-7 დეკემბერს, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, დაჩქარებული წესით განიხილა. საპარლამენტო ოპოზიციამ მთავრობის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს მხარი არ დაუჭირა. ამის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ მთავრობამ სტრუქტურული რეორგანიზაციის პროექტი საკადრო და საბიუჯეტო ოპტიმიზაციის გეგმის გარეშე წარმოადგინა. პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას ოპოზიციიდან მხოლოდ ევროპული საქართველო და პატრიოტთა ალიანსი დაესწრო, თუმცა მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები კი პლენარულ სხდომას არ დასწრებიან. 

მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის გეგმის ზოგიერთ კომპონენტს მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც აკრიტიკებდნენ. კრიტიკა ძირითადად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გაუქმებას შეეხებოდა.

მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესი დღევანდელი საკანონმდებლო ცვლილებებით არ შემოიფარგლება. პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მიერ 13 ნოემბერს წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს საგარეოს საქმეთა სამინისტროს შეუერთდება, რაც საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით დამტკიცდება. 

საბოლოოდ, ცვლილებების შედეგად, საქართველოს მთავრობაში მანამდე არსებული 16 სამინისტროსა და სახელმწიფო მინისტრების ორი აპარატის ნაცვლად, 13 სამინისტრო და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება.

სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში ახალი სამინისტროების შექმნა, ასევე პრემიერ-მინისტრის მიერ რამდენიმე კვირის წინ მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული საკადრო ცვლილებები აჩენს პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საჭიროებას, რაც უახლოეს კვირებში განხორციელდება.

წლის ბოლომდე საქართველოს პარლამენტი ასევე  2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტსაც დაამტკიცებს, რომლის პროექტშიც მთავრობის ახალი სტრუქტურა უკვე ასახულია.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
18 იან.'18 15:20
მედიაორგანიზაციები პარლამენტს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის შენიშვნების გაზიარებისკენ მოუწოდებენ
51 მედიაორგანიზაცია, კანონპროექტის ხელახლა განხილვამდე, პარლამენტის თავმჯდომარესთან და უმრავლესობასთან შეხვედრას ითხოვს. 
18 იან.'18 13:51
პოლიტიკური რეიტინგები NDI–ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში
ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს.  
17 იან.'18 19:27
პანკისის ხეობის სამი მკვიდრი დაიკითხა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამი პირი ტერორიზმში ეჭვმიტანილებთან სავარაუდო კავშირის გამო დაკითხა.
17 იან.'18 16:39
ნატოს სამხედრო კომიტეტმა საქართველოზე იმსჯელა
სამხედრო კომიტეტის სხდომას საქართველოს გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო.
17 იან.'18 13:19
საქართველოს და ლატვიის პარლამენტებმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თავის ლატვიელ კოლეგას, ასევე საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებს შეხვდა.
16 იან.'18 18:13
არასამთავრობოები პარლამენტს მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის შენიშვნების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ კანონპროექტზე განცხადება გამოაქვეყნა.
16 იან.'18 14:15
NDI-ის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა
რესპონდენტების 72% ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 64% - ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს.
16 იან.'18 12:19
Freedom House: საქართველო ‘ნაწილობრივ თავისუფალ’ ქვეყნად რჩება
საქართველოს რეიტინგი მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით უცვლელი დარჩა.
15 იან.'18 18:32
პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ინიცირებულ ცვლილებებს ვეტო დაადო
მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ინიცირებული ცვლილებები ხელს არ უწყობს მედიამრავალფეროვნებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის გამჭვირვალე ხარჯვას.
15 იან.'18 16:16
აფხაზეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 16 საარჩევნო უბანი გაიხსნება
რაულ ხაჯიმბას და სემიონ გრიგორიევის შეხვედრაზე მომავალი არჩევნების საორგანიზაციო დეტალები იქნა განხილული.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
69