Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:50 - 15 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
არჩევნები 2017: თბილისის მერობის კანდიდატები დასაქმების პრობლემის შესახებ
Civil Georgia, Tbilisi / 6 ოქტ.'17 / 17:14

21 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ. თბილისი, სადაც ამომრჩეველთა მესამედია რეგისტრირებული, მერს და 50-წევრიან საკრებულოს აირჩევს.

Civil.ge განაგრძობს მკითხველის ინფორმირებას 2017 წლის ადგილობრივი არჩვენების მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. ახალი ინიციატივის ფარგლებში, Civil.ge მკითხველს გააცნოს თბილისის მერობის კანდიდატთა ხედვებს დედაქალაქში არსებული პრობლემების მოგვარების შესახებ, რომელიც შეეხება დასაქმებას, სოციალურ დახმარებას, გარემოს დაცვას, ტრანსპორტსა და ქალაქის მართვის საკითხებს.

Civil.ge-მ ხუთი კითხვით მიმართა მერობის 9 კანდიდატს. ჩვენს კითხვებს გამოეხმაურა თბილისის მერობის 7 კანდიდატი, მათ შორის, ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო), კახა კუკავა (დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო), ზაალ უდუმაშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), გიორგი გუგავა (ლეიბორისტული პარტია), თენგიზ შერგელაშვილი (შენების მოძრაობა), კახა კალაძე (ქართული ოცნება) და დამოუკიდებელი კანდიდატი, ალექსანდრე ელისაშვილი.

ქვემოთ გთავაზობთ მათ მოსაზრებებს დასაქმებისა და სამუშაო ადგილების თაობაზე.

კითხვა: NDI-ის მიერ 2017 წლის ივლისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, თბილისში, გამოკითხულთა 43%-მა, ყველაზე მწვავე პრობლემებს შორის, დასაქმება (სამუშაო ადგილები) დაასახელა. როგორ გეგმავთ ამ პრობლემაზე მუშაობას? ეკონომიკის რომელ სექტორ(ებ)ში ხედავთ პოტენციალს ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად?

 

№2 ელენე ხოშტარია, ევროპული საქართველო


ფოტო: facebook.com/tbilisimayor/

დასაქმება ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ცხადია, მერია არ არის ეკონომიკის სამინისტრო და ქვეყნის ეკონომიკას არ განსაზღვრავს, თუმცა სწორი პროექტებით, სწორი ინიციატივების ხელშეწყობით შესაძლებელია სამუშაო ადგილების შექმნა. სამუშაო ადგილების შექმნაში იგულისხმება არა მერიის მხრიდან დასაქმება, არამედ კერძო სექტორის, მცირე ბიზნესის ხელშეწყობა. 

იმ პროექტებიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ამომრჩეველს ვთავაზობთ, ოთხ წელიწადში დაახლოებით 30-35 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას ვფიქრობთ.
სხვა პროექტებთან ერთად, მნიშვნელოვანია ყოფილი საწარმო ტერიტორიების განვითარება, ასეთი საწარმოების უმეტესობა გარე უბნებშია და მათ დედაქალაქის ტერიტორიის 17 % უკავიათ. აქ ჩვენ ევროპულ გამოცდილებას გავიზიარებთ და ინვესტორებთან ერთად ვეცდებით, რომ ეს სივრცეები ვაქციოთ განვითარების ადგილებად, სახელოვნებო ცენტრებად, რაც თავის მხრივ შექმნის სამუშაო ადგილებს. 

გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ ასევე ვგეგმავთ ქონების გადასახადის 10%-ით დაწევას. ეს შეიძლება არ იყოს რადიკალური შვება ბიზნესისთვის, მაგრამ ზოგადად მნიშვნელოვანია გადასახადების შემცირების ტრენდი.

№3 კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო


ფოტო: facebook.com/freegeorgia/

დასაქმება პირდაპირ არის დაკავშირებული ეკონომიკურ ზრდასთან. საყოველთაოდ ცნობილია, რომ როგორც მსხვილი, ისე საშუალო და წვრილი ინვესტიციები მიემართება იქ, სადაც არის ინვესტიციების დაცვის გარანტია. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ინვესტიციები იქნება დაცული.

მეორე მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი ფაქტორი იქნება ის, რომ მოხდება ყველანაირი ბიზნესის დემონოპოლიზაცია. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ სააფთიაქო ქსელები, საწვავის სადგურები, მიკროავტობუსების ბიზნესი, ასევე გარე რეკლამა - თითო-ოროლა კომპანიის ხელშია თავმოყრილი. ჩვენ ვაპირებთ საპრივატიზაციოდ გამოვიტანოთ ახალი მიწის ნაკვეთები, რომელზეც გაიხსნება ახალი სააფთიაქო ქსელები, ახალი საწვავის სადგურები. 

ჩვენ ასევე ვაპირებთ ბიზნესის იმ მიმართულებების სუბსიდირებას, სადაც ნამდვილად ჩანს, რომ სამუშაო ადგილების შექმნისათვის უფრო მეტი რესურსი არსებობს.

№5 ზაალ უდუმაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა


ფოტო: facebook.com/pg/nacionalurimodzraoba/

დასაქმება ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, როგორც ქვეყანაში, ისე - თბილისში. ბუნებრივია, მერიამ თავის წვლილი უნდა შეიტანოს იმაში, რომ უმუშევართა რიცხვი რაც შეიძლება შემცირდეს. ამისთვის აუცილებელია ძალიან მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება. 

აქ არ არის საუბარი გზების დაგებასა და სახლების მშენებლობაზე, ეს არ არის დასაქმების პრობლემის გადაწყვეტა. საუბარია დიდი, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებაზე, სადაც შეიძლება ათასობით ადამიანი დაასაქმო. 

გარდა ამისა, მერიამ გარკვეულწილად უნდა შეასრულოს შუამავლის ფუნქცია ბიზნესკომპანიებთან, რათა ეს პრობლემები მოგვარდეს. ამ მიმართულებით მაქვს გეგმები, მათ შორის, სტუდენტების დასაქმებასთან დაკავშირებითაც.

№10 გიორგი გუგავა, ლეიბორისტული პარტია


ფოტო: facebook.com/GiorgiGugavaOfficial/

მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები იმდენად შეზღუდულია, რომ გლობალური პრობლემის - დასაქმების საკითხის სრულად გადაწყვეტა შეუძლებელი იქნება, თუმცა მუნიციპალიტეტს შეუძლია ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და, ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, მთელი აქცენტები სწორედ ამ მიმართულებით იქნება წარმართული. 

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით, მუნიციპალიტეტიდან პირდაპირ უნდა გაიცეს მცირე სესხები, ასევე შეიძლება იმ მიწის ნაკვეთების გადაცემა, რომელიც მუნიციპალიტეტის მფლობელობაშია, რათა შესაძლებელი იყოს სხვადასხვა ბიზნესის დაწყება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ადამიანების დასაქმებას. 

ამ მიმართულებით სხვა ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებაცაა შესაძლებელი. ჩვენი მხრიდან ამ საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა იქნება. 

დასაქმებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულთა შრომითი უფლებები იყოს დაცული, რაც დღევანდელ რეალობაში ხშირ შემთხვევაში დარღვეულია.

№20 თენგიზ შერგელაშვილი, შენების მოძრაობა


ფოტო: facebook.com/TengizShergelashviliOfficial/

ეკონომიკური განვითარება თბილისში პირდაპირ კავშირშია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან.

ჩვენ თბილისის ბიუჯეტიდან ბიზნესის სტიმულირებისთვის გამოვყოფთ მცირე ბიზნესის განვითარების ფონდს. ფონდი მოხმარდება ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობას, სპეციალური პროგრამების მეშვეობით, ინვესტიციების წახალისებას და ინვესტორთა მხარდაჭერას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. აქცენტი გაკეთდება თბილისის პრიორიტეტულ ტერიტორიებზე კომერციული ობიექტების ხელშეწყობაზე, რაც წაახალისებს მრავალფუნქციური გარემოს შექმნას მოსახლეობისთვის სხვადასხვა უბნებში და თბილისის პოლიცენტრულ განვითარებას. 

ჩვენ უკვე შევიმუშავეთ დედაქალაქში მცირე ბიზნესის განვითარების კომპლექსური პროგრამა, რომელიც მოიცავს: ბიზნესის საკონსულტაციო-საინფორმაციო მხარდაჭერას, მცირე ბიზნესის უნარების მოკლევადიან კურსს, სხვადასხვა სპეციალურ სასწავლო პროგრამებს, ასევე მცირე ბიზნესის საკრედიტო დაწესებულებებთან საგარანტიო უზრუნველყოფისა და სესხის პროცენტის თანადაფინანსების მსხვილ პროგრამასაც.

გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თბილისს გააჩნია საკმარისად დიდი სივრცე (დაახლოებით 700 ჰა) თავისუფალი, გამოუყენებელი მიწის აქტივის სახით, რომელიც განხილული უნდა იქნას როგორც ურბანული ასევე ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად.

 

№41 კახა კალაძე, ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო


ფოტო: facebook.com/kakhakaladzeofficial/

თითოეული ის მიმართულება, ის პოლიტიკები, რაც ჩვენს პროგრამაშია, შესრულების პროცესში თავისთავად გულისხმობს სამუშაო ადგილების შექმნას - იქნება ეს მწვანე თბილისის მენეჯმენტი, დასასვენებელი და საგანმანათლებლო სტრუქტურის მომსახურება, თუ გაძლიერებული საქალაქო სამსახურები, რომლებიც ჩვენი გეგმების შესრულების მონიტორინგს და უწყვეტობას უზრუნველყოფენ. 

გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ვაპირებთ თბილისის ტურისტული მიმართულების წინ წამოწევას, რაც მისი კულტურული და მატერიალური არსენალის კაპიტალიზაციას გულისხმობს. ეს პროცესი თავის მხრივ მოიცავს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტაბილური პლატფორმის შექმნას. ეს კი, მოგეხსენებათ, დასაქმების ერთ-ერთი ძირითადი ადგილია. 

ვგეგმავთ თბილისის ინდუსტრიული ფუნქციის აღდგენას. ვაპირებთ რამდენიმე საწარმოს შექმნას, რაც არა მარტო თბილისს, სავარაუდოდ მიმდებარე რეგიონებსაც მოემსახურება. ეს კი, რასაკვირველია, სამუშაო ადგილების შექმნის კიდევ ერთი შესაძლებლობაა. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი კონცეფცია - „სიცოცხლით სავსე ქალაქი” თავად ნიშნავს დასაქმებას. დაუსაქმებელი, არამოტივირებული თბილისელების ქალაქი სიცოცხლით სავსე ვერ იქნება.

№42 ალექსანდრე ელისაშვილი, დამოუკიდებელი კანდიდატი


ფოტო: facebook.com/AlexanderElisashvili/

უპასუხისმგებლო რომ ვიყო, გეტყოდით, რომ მაქვს დიდი გეგმა მოსახლეობის დასაქმებასთან დაკავშირებით. 

ჩვენ უნდა შევხედოთ ნებისმიერ პოზიციას კანონით განსაზღვრული მიდგომიდან. კანონში წერია ზუსტად, რისი უფლებამოსილება აქვს თბილისის მერს. ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა, რომ ქვეყანაში შექმნას ისეთი გარემო, სადაც წახალისდება ბიზნესი და ბიზნესი შექმნის სამუშაო ადგილებს. 

მერის მხრიდან მიზნობრივი პროექტების წახალისება შეიძლება და ამას აუცილებლად გავაკეთებ. მაგალითად, ისტორიულ ქალაქში დღეს რაც არის, 20 იმდენი სამუშაო ადგილი შეიძლება შეიქმნას. აღმაშენებლის გამზირის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი საფეხმავლო სივრცე იწვევს ბიზნესის განვითარებას, რაც თავის მხრივ სამუშაო ადგილებს ქმნის. ამის პროექტსაც ცალკე წარვადგენ. 

მინდა, რომ ელმავალმშენებელი, ვაგონშემკეთებლი და ტრამვაის საწარმოები ამოქმედდეს. ამისთვის ინტერესთა გამოხატვას გამოვაცხადებდი, რაც სამუშაო ადგილებს შექმნიდა.

უახლესი ამბები
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
93