Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:33 - 25 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტი ქალთა სავალდებულო კვოტირების ინიციატივას განიხილავს
Civil Georgia, Tbilisi / 6 ოქტ.'17 / 12:51

საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, რომელიც პარლამენტსა და საკრებულოებში ქალთათვის სავალდებულო კვოტების დაწესებას ითვალისწინებს. 

კანონპროექტი, რომელიც ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა და პარლამენტს 37 ათასი მოქალაქის ხელმოწერით წარუდგინა, ცვლილებების შეტანას საარჩევნო კოდექსში ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, პარტიული სიების წარდგენისას, პარტიებს და საარჩევნო ბლოკებს დაევალებათ, რომ სიაში ყოველი მეორე იყოს განსხვავებული სქესის კანდიდატი. გარდა ამისა, ინიციატივის მიხედვით, პარლამენტის ან საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული წევრისთვის სადეპუტატო მანდატის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილს დაიკავებს სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის წარმომადგენელი. 

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მომდევნო მოწვევის პარლამენტში პროპორციული სიით არჩეული 77 დეპუტატიდან ნახევარს ქალები შეადგენენ. 

ქალთა სავალდებულო კვოტების ინიციატივას 5 ოქტომბერს მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა. მანამდე კი, ინიციატივა ადამიანის უფლებათა დაცვის და რეგიონული განვითარების კომიტეტებმაც მოიწონეს.

ქართული ოცნების წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, კომიტეტის გადაწყვეტილებას „მნიშვნელოვანი“ უწოდა. 

„მე ვუჭერ მხარს იმ იდეას, რომ მეტი ქალი იყოს საჯარო სივრცეში, პოლიტიკაში და ეს უთანასწორობა აღმოიფხვრას... ვცდილობ, დავარწმუნო მეტი მამაკაცი, რომელიც მოწინააღმდეგეა ამ იდეის, რომ ეს არის კარგი გადაწყვეტილება, ეს სჭირდება პოლიტიკურ სივრცეს“, - განაცხადა კომიტეტის გადაწყვეტილების კომენტირებისას ბესელიამ. 

ქალთათვის სავალდებულო კვოტების დაწესებას მხარი დაუჭირა ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმაც. მისი თქმით, კვოტების დაწესების შემთხვევაში, ქალ პოლიტიკოსებზე მოთხოვნა გაიზრდება. 

„მაშინ როდესაც იქნება მოთხოვნა, რომ მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში, აღმოჩნდება, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ძალიან ბევრი კვალიფიციური ქალი, რომელსაც შეუძლია არჩევითი თანამდებობის დაკავება“, - აღნიშნა სამადაშვილმა.

მეცხრე მოწვევის პარლამენტში, რომელიც 2016 წლის ოქტომბერში იქნა არჩეული, 150 დეპუტატიდან 23 ქალია (15.3%). 

ამჟამად, საქართველოს კანონმდებლობა ფინანსურ წახალისებას ითვალისწინებს იმ პარტიებისთვის, რომლებიც მეტ ქალს შეიყვანენ თავიანთ პარტიულ სიებში.

ქალთა სავალდებულო კვოტების შემოღების ინიციატივები წინა მოწვევის პარლამენტშიც განიხილებოდა

ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივა ქალთათვის 50%-იანი კვოტის დაწესებას მოითხოვდა. ქართული ოცნების დეპუტატთა ჯგუფის მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით კი, პარტიულ სიაში ყოველი მესამე კანდიდატი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო. 

დეპუტატების ნაწილმა ქალთა სავალდებულო კვოტების იდეას მხარი დაუჭირა, თუმცა საბოლოოდ, გენდერული კვოტების შესახებ მსჯელობა საკომიტეტო მოსმენებს ვერ გასცდა.

უახლესი ამბები
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
23 აპრ.'18 18:28
სასამართლომ ბაჩო ახალაია პოლკოვნიკ თეთრაძის საქმეში დამნაშავედ სცნო
საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს საქალაქო სასამართლო 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
23 აპრ.'18 17:59
ფინანსთა მინისტრი ვაშინგტონში საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში 19 აპრილს გაემგზავრა, სადაც თვის ბოლომდე დარჩება.
23 აპრ.'18 15:42
წითელი ჯვარი: აფხაზეთის კონფლიქტისას გაუჩინარებული 22 ადამიანის ნეშტი იდენტიფიცირებულია
იდენტიფიკაცია იმ სააკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც წითელი ჯვრის მხარდაჭერით 2010 წელს ჩამოყალიბდა.
23 აპრ.'18 15:34
რუსეთის საგარეო უწყება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ თბილისის პოლიტიკას აკრიტიკებს
მარია ზახაროვას თქმით, საქართველომ უნდა მიიღოს ახალი პოლიტიკური რეალობა და აღიაროს მათი დამოუკიდებლობა.
20 აპრ.'18 19:09
ევროპის საბჭომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
ანგარიში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
115