Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:50 - 15 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
არჩევნები 2017: ყოველკვირეული მიმოხილვა №2
Civil Georgia, Tbilisi / 18 სექ.'17 / 17:37


საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა, 11 სექტემბერი, 2017. ფოტო: ცესკო

2017 წლის 21 ოქტომბერს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს პირდაპირი წესით აირჩევენ.

არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, Civil.ge გთავაზობთ ყოველკვირეულ მიმოხილვებს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და საინიციატივო ჯგუფების საქმიანობის, მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატების, საარჩევნო პროცედურებისა და საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

მიმოხილვის მეორე გამოცემაში გაგაცნობთ 11-17 სექტემბრის კვირაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს.

ბრძოლა თბილისის მერობისთვის: დედაქალაქის მერის არჩევნებში ლეიბორისტული პარტია ერთვება.

  • ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, 14 სექტემბერს თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა, დაასახელა. წარდგენაზე, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, რეზიდენციასთან გაიმართა, ნათელაშვილმა განაცხადა: „თბილისს უნდა ისეთი მერი, რომელიც არ დაუშვებს აი ამ მილიარდერების ბატონობას დედაქალაქსა და ქვეყანაზე“.

საარჩევნო პროგრამების პრეზენტაცია: ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია დაიწყო, კახა კალაძემ ურბანული განვითარების პოლიტიკა წარმოადგინა.

  • ალეკო ელისაშვილმა, რომლის საარჩევნო პროგრამა სამ პრიორიტეტს - ტრანსპორტს, გარემოს დაცვას და განაშენიანებას - მოიცავს, პროგრამის პირველი კომპონენტის - სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია 14 სექტემბერს, მეტრო ახმეტელთან გამართა. ელისაშვილის თქმით, მეტრო უნდა გახდეს თბილისის სატრანსპორტო სისტემის ხერხემალი, ხოლო იქ სადაც მიწისქვეშა ტრანსპორტი არ დადის, ტრამვაის ხაზები უნდა განვითარდეს. ელისაშვილმა ყურადღება პარკინგის პრობლემაც გაამახვილა. მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა პირობა დადო, რომ გაწყვეტს კონტრაქტს კომპანია CT-Park-თან, რომელმაც 2007 წელს თბილისში პარკირების მართვის ექსკლუზიური უფლება 15 წლის ვადით მოიპოვა. 
     
  • გასულ კვირას, მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ურბანული განვითარების პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა.  პრეზენტაციის ფარგლებში, მან ძველი თბილისის რეაბილიტაციის გეგმა წარმოადგინა, ასევე - დედაქალაქში მოქმედ სამშენებლო კომპანიებს მიმართა. „ჩემი მერობის პერიოდში, მშენებლობის არც ერთი ნებართვა არ გაიცემა, არც ერთი პროექტი არ განხორციელდება მწვანე სივრცეების, სკვერების, პარკების, სათამაშო მოედნების, კულტურული მემკვიდრეობის და საზოგადოებრივი სივრცეების შეზღუდვების ხარჯზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კანდიდატთა წარდგენა: პრემიერ-მინისტრი რეგიონებში მმართველი პარტიის მერობის კანდიდატთა წარდგენას განაგრძობს, ევროპულმა საქართველომ  მერობის 13 ახალი კანდიდატი დაასახელა, რესპუბლიკური პარტიის სიაში ლესბოსელი კანდიდატი შევიდა.

  • პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ქართული ოცნების მერობის კანდიდატები დაასახელა. 
      
  • კანდიდატების წარდგენას  ევროპული საქართველოც განაგრძობს. გასულ კვირას, პარტიამ მერობის კანდიდატები თვითმმართველ ქალაქებში ქუთაისსა და რუსთავში,  ასევე იმერეთის კიდევ სამ, კახეთის ექვს, ქვემო ქართლისა  და სამეგრელოს თითო მუნიციპალიტეტში წარადგინა. 
     
  • შენების მოძრაობამ დიდ დიღომსა და თემქაზე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრობის კანდიდატები დაასახელა. 
     
  • რესპუბლიკურმა პარტიამ 15 სექტემბერს თბილისის საკრებულოში პარტიული სიის მეორე ხუთეული წარადგინა. კანდიდატებს შორის დასახელებულია ნინო ბოლქვაძე, ლგბტ პირთა უფლებების დამცველი და სამოქალაქო აქტივისტია. აღსანიშნავია, რომ ბოლქვაძე ღიად ლესბოსელი კანდიდატია.


საპროტესო აქციები წინასაარჩევნო კამპანიის პარალელურად: ულტრანაციონალისტები კალაძის საარჩევნო შტაბთან შეიკრიბნენ, პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლებმა პარლამენტთან უვადო შიმშილობა დაიწყეს. 

  • „ქართველთა მარშის“ სახელით გაერთიანებულმა ულტრანაციონალისტურმა ორგანიზაციებმა 12 სექტემბერს თბილისში მორიგი აქცია გამართეს. მარშის მონაწილეებმა პიკეტი ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის, საარჩევნო შტაბთან მოაწყვეს. დემონსტრანტები კალაძისგან მოითხოვდნენ, ღიად დაეფიქსირებინა პოზიცია ქართული ოცნების ინიციატივის შესახებ, რომელიც უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის საკითხზე გარკვეული შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს. აქცია „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლადო სადღობელაშვილის, ადმინისტრაციული დაკავებით დასრულდა. „ქართული მარშის“ მონაწილეებმა შემდგომი აქციებიც დააანონსეს. 
     
  • პატრიოტთა ალიანსმა, თბილისის მერობის კანდიდატის, ირმა ინაშვილის თაოსნობით, საქართველოს მასშტაბით დაგეგმილი საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო. 17 სექტემბერს, პატრიოტთა ალიანსის წევრებმა და მხარდამჭერებმა საპროტესტო მსვლელობით თბილისში, ვარდების მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით ჩაიარეს. იმავე დღეს, უვადო შიმშილობა პატრიოტთა ალიანსის 17-მა მხარდამჭერმა დაიწყო. სხვადასხვა მოთხოვნებთან ერთად, პატრიოტთა ალიანსი საქართველო-ნატო-რუსეთის მოლაპარაკებათა ფორმატის ამოქმედებას, ასევე - აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის დაწყებას მოითხოვს.

არჩევნების მონიტორინგი და აღმოჩენილი დარღვევები: ეუთოს სადამკვირვებლო მისია უკვე საქართველოშია, ISFED-მა საარჩევნო აგიტაციაში საჯარო მოხელეთა მონაწილეობის ფაქტები დააფიქსირა, აუდიტის სამსახური ქართული ოცნებისა და ევროპული საქართველოს შემომწირველებს გამოკითხვაზე იბარებს.

  • 13 სექტემბერს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში საქმიანობა ოფიციალურად დაიწყო. მისია 14 ძირითადი ექსპერტისა და 22 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედგება.  21 ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კი, საქართველოში ეუთოს 350 მოკლევადიანი დამკვირვებელიც ჩამოვა.
     
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) ცესკოს ორი საჩივრით მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია აპროტესტებს საჯარო მოხელეებისა და უწყებების მიერ მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციის წარმოების ორ ფაქტს, რომელიც კახეთში და აჭარაში დაფიქსირდა. 
     
  • აუდიტის სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა ქართული ოცნების რვა და ევროპული საქართველოს ექვსი შემომწირველი, რომელთა შემოსავლების კანონიერების მიმართ კითხვები წინასაარჩევნო პერიოდში პარტიების ფინანსური მონიტორინგის შედეგად გაჩნდა. აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში, 1 ივლისიდან 13 სექტემბერამდე, 11 პარტიისათვის გადარიცხული 7.7 მლნ-ზე მეტი ლარიდან, შემოწირულობის 95% - ქართულმა ოცნებამ, 4% კი ევროპულმა საქართველომ მიიღო. დანარჩენ 9 პარტიას ჯამში შემოწირულობის 1% ერგო.

საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა: პარტიათა და კანდიდატთა რიგითი ნომრები ცნობილია.

  • 11 სექტემბერს, ცესკომ 30 საარჩევნო სუბიექტების, მათ შორის 24 პარტიის, 5 საარჩევნო ბლოკის და ერთი საინიციატივო ჯგუფის, რიგითი ნომრები განსაზღვრა. ცესკოს რიგითი ნომრების განსაზღვრისათვის ვადა 22 სექტემბრამდე ჰქონდა, თუმცა, სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ეს პროცედურა უფრო ადრე დაასრულა.

უახლესი ამბები
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
57