Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 12:34 - 15 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 აპრ.'13 / 22:02

პარლამენტმა 4 აპრილს პირველი მოსმენით 80 ხმით მიიღო ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის მიხედვითაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარის თქმა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულისა და პროკურატურის მხარეები ამაზე შეთანხმდებიან.

მოქმედი ნორმის მიხედვით, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს აცილება ბრალდებულის შუამდგომლობის საფუძველზე არის შესაძლებელი. ამ უფლებით უკვე ისარგებლა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი თქვა შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ.

ამავე ნორმის მოქმედ რედაქციაში ასევე ნათქვამია ისიც, რომ თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩატარება „არსებითად დაარღვევს ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს უფლებას“ ან საქმის სიმძიმიდან გამომდინარე შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ნაფიც მსაჯულთა უსაფრთხოებას, მაშინ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, „საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით, საქმეს განიხილავს მოსამართლე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე“.

ეს უკანასკნელი ნორმები ამოღებულია მთავრობის მიერ ინიცირებულ ვარიანტში, რომელსაც დეპუტატებმა ქართული ოცნებიდან დღეს პირველი მოსმენით ერთხმად დაუჭირეს მხარი მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის იურიდიული კომიტეტი მხარს არ უჭერდა მის მიღებას.

„ნაფიც მსაჯულთა მიერ სისხლის სამართლის საქმის განხილვა წარმოადგენს ბრალდებულის უფლებას, შესაბამისად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არჩევანის გაკეთებისას ბრალდებულის შეზღუდვა პროკურორის სავალდებულო თანხმობით, ეწინააღმდეგება მოცემული ინსტიტუტის არსს“, - განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ  წაიკითხა რა ამონარიდი მისი კომიტეტის დასკვნიდან.

მან ასევე განაცხადა, რომ მართალია საერთო ჯამში კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, მაგრამ  ამ საკითხზე გადაწყვეტილება ერთსულოვანი არ ყოფილა დეპუტატებს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ კომიტეტის პოზიციის მიუხედავად, ინიციატორს მაინც ჰქონდა საკითხის განხილვაზე დაყენების უფლება. მან ასევე განაცხადა, რომ ახალი ნორმა, მისი საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, იმ საქმეებს ვეღარ შეეხება, რომლებიც სასამართლოს არსებითი განხილვის სტადიაშია.

დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან მკაცრად გააკრიტიკეს მთავრობის ეს ინიციატივა, როგორც  ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს „პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად“ გადაქცევის მცდელობა.

„როგორც ჩანს, პროკურატურა ვერ აღწევს კონკრეტულ მიზნებს რაღაც საქმეებთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე არის ეს შემოთავაზება ხელახლა წამოწეული“, - განაცხადა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან პავლე კუბლაშვილმა.

ამ თემაზე აქტიური მსჯელობა პირველად იანვარში მიმდინარეობდა იმ სხვა საკანონმდებლო ცვლილების ფარგლებში, რომელიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის გაფართოებას ეხებოდა. მაშინ ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ იმ პირობით უჭერდა მხარს ყოფილი  მაღალჩინოსნების საქმეების ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვის შესაძლებლობის შემოღებას, თუ მათ ექნებოდათ არჩევანის თავისუფლება, რომ პროკურატურის პოზიციის მიუხედავად, უარი ეთქვათ ნაფიც მსაჯულთა მიერ მათი საქმეების განხილვაზე.

ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, იმ პირობებში, როცა შესაძლოა უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი იყოს შექმნილი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ, მათ საქმეებზე ნაფიცმა მსაჯულებმა შეიძლება ობიექტური გადაწყვეტილებები ვერ მიიღონ. 

დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის დროს იქნა შემოღებული ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, მთავრობის ინიციატივაზე კენჭისყრის წინ 5-წუთიანი შესვენება მოითხოვეს. სხდომის განახლების შემდეგ მაშინ, როცა კენჭისყრის პროცედურები მიმდინარეობდა და სხდომის დასრულებამდე რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი, მათ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს. ეს გადაწყვეტილება დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან გოკა გაბაშვილმა ახსნა იმით, რომ მათ კენჭისყრის წინ საბოლოო პოზიციის დაფიქსირების საშუალება არ მიეცათ.

დეპუტატებმა ქართული ოცნებიდან განაცხადეს, რომ ეს იყო მათი ოპონენტების „პროცედურული ომის“ ნაწილი გამიზნული იმისკენ, რომ საკითხზე კენჭისყრის ჩატარება ჩაშლილიყო.

უახლესი ამბები
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
12 დეკ.'17 18:51
დეპუტატები ქალთა სავალდებულო კვოტირების ინიციატივას მხარს უჭერენ
დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის მიღება 2018 წლის ადრეულ გაზაფხულზე იგეგმება. 
12 დეკ.'17 16:29
ჟენევასა და ბერლინში საქართველოს დიპლომატიურ მისიებს ახალი ელჩები უხელმძღვანელებენ
ვიქტორ დოლიძე და ელგუჯა ხოკრიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 2018 წლის იანვრიდან შეუდგებიან.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
21