Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 09:32 - 22 ივლ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სახალხო დამცველი დეპუტატებს ლოპოტას სპეცოპერაციის გამოძიებას სთხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 აპრ.'13 / 14:26

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მოუწოდა პარლამენტს სპეციალური საგამოძიებო კომისია ჩამოაყალიბოს 2012 წლის აგვისტოს ბოლოს ლოპოტას ხეობაში მომხდარი შეიარაღებული შეტაკების გამოძიების მიზნით, რომლის დროსაც ქართული სპეცსამსახურების სამი წარმომადგენელი და შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი დაიღუპა.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ საკითხის მისეული შესწავლის დროს გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც წინა ხელისუფლების მიერ იმ დროს მოწოდებულ მოვლენათა ოფიციალურ ვერსიას ეწინააღმდეგება.

უჩა ნანუაშვილის თქმით, სახალხო დამცველის აპარატის მიერ ინციდენტის შესწავლამ გამოავლინა ფაქტები, რომლებიც მიუთითებენ, რომ შეტაკებაში მონაწილე შეიარაღებული დაჯგუფება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ჩამოაყალიბა, აღჭურვა და გაწვრთნა.

2012 წლის 29 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ლოპოტას ხეობის სოფელ ლაფანყურის მახლობლად შეიარაღებული დაჯგუფების წინააღმდეგ „ანტიტერორისტულ ოპერაციას“ ახორციელებდა. მოგვიანებით იმავე დღეს სამინისტრომ განაცხადა, რომ 11 შეიარაღებული მებრძოლი და ქართული სპეცსამსახურების სამი წარმომადგენელი, მათ შორის სამხედრო ექიმი, დაიღუპნენ შეტაკების დროს, რასაც წინ უძღოდა მძევლად აყვანასთან დაკავშირებული ინციდენტი. 

მართალია მაშინ საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ არ უთქვამს, რომ შეიარაღებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოვიდნენ, მაგრამ მათი საჯარო განცხადებები, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის კომენტარები, მებრძოლების ჩრდილოეთ კავკასიიდან, კერძოდ კი დაღესტნიდან შემოსვლის ვერსიაზე მიანიშნებდნენ. თავდაპირველი უარყოფის შემდეგ, 2 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ შეტაკებაში მოკლულ მებრძოლებს შორის ორი საქართველოს მოქალაქე იყო, კერძოდ კი პანკისის ხეობის მკვიდრები.

ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც ლოპოტას ხეობის ინციდენტის დროს პრემიერ–მინისტრი იყო და 2012 წლის ივლისის დასაწყისამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ სახალხო დამცველის ბრალდება, რომ ყოფილი ხელისუფლება ჩეჩენ მებრძოლებს წვრთნიდა „იდიოტურია“ და მიზნად ისახავს საქართველოს წარმოჩენას ტერორისტულ სახელმწიფოდ, რაც, მისი თქმით, რუსული პროპაგანდის ნაწილია.

„მე მინდა შეგახსენოთ, რომ მსგავსი განცხადება ბოლოს გააკეთა [ნიკოლაი] პატრუშევმა [რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა] და არა ერთგზის“, – განაცხადა მერაბიშვილმა 1 აპრილს, „ეს არის ძალიან იდიოტური, მავნებლური, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები და მე მეცოდება ის ადამიანები, რომლებიც ახმოვანებენ რუსეთის სპეცსამსახურების პირდაპირ დაკვეთას“.

სახალხო დამცველის მიერ ლოპოტას ხეობის ინციდენტის შესწავლის შედეგებს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ მის ყოველწლიურ ანგარიშში ცალკე თავი უკავია. 

სახალხო დამცველის განცხადებით, მისი დასკვნები „კონფიდენციალური წყაროების“ და სპეცოპერაციის დროს მოკლულთა ნათესავების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

ანგარიში თანახმად, საქართველოს შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების მითითებით, 2012 წლის თებერვლიდან დაიწყო მოლაპარაკებები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ჩეჩნეთის ომის ვეტერანებთან, ჩეჩენ დევნილებთან და "ჩეჩენთა წინააღმდეგობის მოძრაობის" წარმომადგენლებთან. ანგარიშის თანახმად საქართველოს ძალოვანი უწყებები ჩეჩენ მეომრებს პირდებოდნენ ე.წ. „კორიდორს“ ჩეჩნეთში გადასასვლელად, საქართველოში წვრთნას, აღჭურვას და ჩეჩნეთში გადასვლისთვის ყოველგვარი პირობების შექმნას.

ამ ძალისხმევის შედეგად, ანგარიშის თანახმად, საქართველოში ევროპიდან, დაახლოებით, 120 ჩეჩენი და სხვა ჩრდილო კავკასიული წარმოშობის მებრძოლი ჩამოვიდა.

„მათთვის თბილისის ზოგიერთ უბანში (ძირითადად საბურთალოს რაიონში) დაიქირავეს ბინები“, – ნათქვამია ანგარიშში, „ჩამოსულ ჩეჩნებს აეროპორტში ხვდებოდნენ და დისლოკაციის ან საცხოვრებელ ადგილებზე გადაჰყავდათ შსს-ს მაღალჩინოსნებს. ჩამოსულ ჩეჩნებს შსს-ს მაღალი თანამდებობის პირები ჩუქნიდნენ და უფორმებდნენ იარაღს, ასევე აძლევდნენ მართვის მოწმობებს და სხვა საჭირო დოკუმენტებსა და ნივთებს“.

ანგარიშის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდეს ლაფანყურის სპეცოპერაციისას გარდაცვლილი ასლან მარგოშვილის სახელზე, საქართველოს შსს-ს მიერ 2012 წლის 23 ივლისს გაცემული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ „ჩეჩენი მებრძოლებისგან ჩამოყალიბებული ჯგუფის წევრები წვრთნას გადიოდნენ თბილისის მახლობლად მდებარე ვაზიანისა და შავნაბადას სამხედრო ბაზებზე... ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფების ინსტრუქტორები იყვნენ საქართველოს ძალოვანი უწყებების თანამშრომლები და ასევე სხვადასხვა ომებში დიდი გამოცდილების მქონე ჩეჩენი მეომრები“. 

„კონფიდენციალურ წყაროზე“ დაყრდნობით ანგარიში აცხადებს, რომ ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფთან უშუალო კავშირი ჰქონდათ და მათთვის საჭირო ყველა საკითხს აგვარებდა შსს-ს მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე.

ლორთქიფანიძემ 1 აპრილს „რუსთავი 2“–ს ტელეფონით განუცხადა, რომ ეს ბრალდება „აბსურდული“ და „ცილისწამებაა“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მებრძოლების მომზადება და მათი საქართველოში ყოფნა უფრო დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე დაგეგმილი იყო, რამაც მებრძოლების იმედგაცრუება გამოიწვია; ისინი მათთან კონტაქტში მყოფ შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებისგან ჩეჩნეთში გადასასვლელად შეპირებული ე.წ. „კორიდორის“ მიცემას ითხოვდნენ.

„ახლოვდებოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, საქართველოში შიდა პოლიტიკური ვითარება თანდათან იძაბებოდა და ჩეჩენ მებრძოლებში გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, დაგეგმილზე მეტი ხნით საქართველოში მათი გაჩერების მიზეზი დაკავშირებული ყოფილიყო არჩევნებთან და საარჩევნო პროცესებში რაიმე სახით მათ გამოყენებასთან“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშშის თანახმად, მებრძოლები ლოპოტას ხეობაში, სოფელ ლაფანყურში ე.წ. სპეცოპერაციამდე „რამდენიმე დღით“ ადრე შევიდნენ. კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ისინი შსს-ს ანტიტერორისტული ცენტრის მიერ გამოყოფილი ე.წ. „პიკაპებით“ მივიდნენ ადგილზე და თან ჰქონდათ  საჭირო შეიარაღება, საკვები და სხვა საჭირო ნივთები. 

„სპეცოპერაციის დაწყებამდე 2 დღით ადრე, საქართველო–რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს სასაზღვრო და სპეციალური დანიშნულების ძალების რაზმები ვერტმფრენებით გადასხეს. გამოკითხულთა ვარაუდით, ამ დესანტის მიზანი იყო ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფის ჩრდილოეთის მიმართულებით გადასვლის აღკვეთა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ლოპოტას ხეობაში განთავსებული მებრძოლები ქართველ ძალოვნებს დაპირების შესრულებას და რუსეთის მიმართულებით მათთვის დერეფნის გაკეთებას სთხოვნდნენ.

„ბოლო მომენტში საქართველოს შსს-მ „კორიდორის“ მიცემაზე უარი განაცხადა და ჩეჩენ მებრძოლებს მოსთხოვა იარაღის ჩაბარება და უკან პანკისში ან სამხედრო ბაზებზე დაბრუნება. შსს წარმომადგენელთა ამ მოთხოვნამ დაძაბა ურთიერთობა ჩეჩენ მებრძოლებსა და საქართველოს შსს-ს თანამშრომლებს შორის“, – ნათქვამია ანგარიში, რომელიც ასევე აცხადებს, რომ დაძაბულობის განტვირთვის მიზნით, შსს–მ შუამავლებს, კერძოდ კი ავტორიტეტულ ჩეჩნებს მიმართეს მებრძოლებთან მოლაპარაკების მიზნით. „ჩეჩენმა მებრძოლებმა ლაფანყურის ხეობაში იარაღის დაყრაზე უარი განაცხადეს, წყაროს ინფორმაციით, ჩეჩენი მებრძოლები უკვე აღარ ენდობოდნენ საქართველოს შსს-ს წარმომადგენლებს და ამის გამო მათ მოითხოვეს პანკისში დაბრუნება და მხოლოდ პანკისში დაბრუნების შემდეგ გამოაცხადებდნენ თანხმობას იარაღის დაყრაზე“.

ანგარიშის თანახმად, უარის შემდეგ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა სპეცოპერაცია დაიწყეს, რომლის დროსაც შვიდი მებრძოლი (ანგარიშის თანახმად, სწორედ ამ რაოდენობის ადამიანი დაიღუპა მებრძოლებს შორის) და ქართული სპეცსამსახურების სამი წარმომადგენელი დაიღუპა.

„კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ლაფანყურის ოპერაციისას გარდაცვლილი საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამშრომლები ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფს ლაფანყურში გადასვლის პირველივე დღიდან ახლდნენ“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, შეტაკების დროს მოკლული პანკისის მკვიდრის, ასლან მარგოშვილის მამა აცხადებს, რომ მისი ვაჟი შავნაბადას ბაზაზე გაწვრთნეს და მის ინსტრუქტორებს შორის იყვნენ არჩილ ჩოხელი და სოლომონ წიკლაური – სპეცსამსახურების ორი წარმომადგენელი, რომლებიც ლოპოტას ხეობაში მოკლეს.  

ანგარიშის თანახმად, შეტაკებას ცხრა მებრძოლი გადაურჩა, რომლებიც სპეცოპერაციიდან რამდენიმე დღეში საქართველოს შსს-ს წარმომადგენლებმა ვალეს სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით თურქეთში გააცილეს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს მთავარ პროკურატურას, რომ 2012 წელს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ჩამოყალიბებაში შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსნების შესაძლო მონაწილეობის საქმეზე გამოძიება დაიწყოს. სახალხო დამცველმა ასევე მოუწოდა პროკურატურას მოკლული მებრძოლების პანკისელი ნათესავების დაშინების საქმეებიც გამოიძიოს. ანგარიშის თანახმად, მოკლული მებრძოლების გვამები თავიანთ ნათესავებს რამდენიმე დღის შემდეგ გადასცეს იმ პირობით, რომ ისინი მათ ტრადიციული წესების გარეშე, მშვიდად დაასაფლავებდნენ, ხალხის დასწრების გარეშე.

ანგარიშის ცალკე თავში, რომელიც სიცოცხლის უფლებას ეხება, სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ქართველი სამართალდამცავების მიერ გადაჭარბებული ძალის შესაძლო გამოყენებაზე არც წინა და არც ახალ ხელისუფლებას არანაირი გამოძიება არ უწარმოებია. ანგარიშში ნათქვამია, რომ ვინაიდან ინციდენტის გარემობები ჯერ დადგენილი არ არის, მიჩნეულია, რომ სახელმწიფოს ვალდებულება, დაიცვას სიცოცხლე, დაირღვა იმ პირების მიმართ, რომლებიც შეტაკებაში დაიღუპნენ.   

2012 წლის 8 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან ახმედ ჩატაევი“ დააკავა, რომელიც სამინისტროს თქმით, ლოპოტას ხეობის შეტაკებაში მონაწილეობდა. ჩატაევს, რომელიც ფეხში იყო დაჭრილი და რის გამოც მოგვიანებით მას ქვედა კიდურის ამპუტაცია გაუკეთდა, საქართველოს ხელისუფლებამ ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შენახვის ბრალდება წაუყენა.

ხელისუფლებაში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ჩატაევი 2012 წლის დეკემბერში გირაოთი გაათავისუფლეს, ხოლო 2013 წლის იანვარში მას ბრალდებები მოეხსნა და იგი სასამართლომ გაამართლა. განთავისუფლების შემდეგ ჩატაევმა, რომელსაც 2003 წელს ავსტრიაში ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა, განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ლოპოტას მოვლენებში იგი მას შემდეგ ჩაერთო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ შუამავლის სახით მიიწვია ჩეჩენ მებრძოლებთან მოლაპარაკებებისთვის, რათა მათ იარაღი დაეყარათ; ჩატაევმა განაცხადა, რომ მებრძოლებთან შეხვედრის შემდეგ იგი ქართული ძალების მიერ დაკავებულ პოზიციებზე დაბრუნდა, რათა მებრძოლების გზავნილი გადაეცა, თუმცა მას ესროლეს და ფეხში დაჭრეს.

ჩატაევს იურიდიულ მომსახურებას ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატი უწევდა. ამ ორგანიზაციას უჩა ნანუაშვილი ხელმძღვანელობდა, ვიდრე დეკემბერში სახალხო დამცველი გახდებოდა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
22 ივლ.'17 09:32
NDI-ს წინასაარჩევნო შეფასება: ორი პარალელული და განსხვავებული საქართველო
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაციამ ადგილობრივი არჩევნების წინ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.
21 ივლ.'17 18:21
პრეზიდენტი ტრამპი ვიქტორია ნულანდის შემცვლელს დაასახელებს
ვეს მიტჩელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გახდება.
21 ივლ.'17 15:11
მარგველაშვილმა თვითმმართველობის კოდექსსა და საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო
პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტებს პარლამენტი ივლისის ბოლომდე განიხილავს.
21 ივლ.'17 13:14
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ადამიანის უფლებათა ანგარიშში
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადამიანის უფლებების შესახებ 2016 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
20 ივლ.'17 19:32
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს
გამოძიების დასრულებამდე, სასაზღვრო პოლიციის და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს.
20 ივლ.'17 19:08
საქართველო ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
დოკუმენტი საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხების სტატუსს აფასებს.
20 ივლ.'17 17:33
უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორობის პირობას დებენ
პეტრო პოროშენკომ საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.
19 ივლ.'17 17:47
ყოველწლიურ ამბასადორიალზე საქართველოს ლიდერები საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრობენ
თბილისი საქართველოს ელჩების ყოველწლიურ შეკრებას 18-21 ივლისს მასპინძლობს.
18 ივლ.'17 19:11
სემეკმა ბუნებრივი აირის მოხმარებაზე ახალი ტარიფები დაადგინა
ბუნებრივი აირის ტარიფი თბილისის და რეგიონების მომხმარებლებისათვის გაიზარდა
18 ივლ.'17 18:03
ვინ არიან თბილისის მერობის კანდიდატები და როგორია მათი საარჩევნო დაპირებები
საქართველოს დედაქალაქი, სადაც ამომრჩეველთა მესამედი ცხოვრობს, 2017 წლის ოქტომბერში ახალ მერს და საკრებულოს აირჩევს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
67