Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:03 - 23 აპრ.'14
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კლინტონი ოპოზიციას შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 ივნ.'12 / 14:37

ბათუმში აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომის გახსნის შემდეგ აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი 5 ივნისს ბათუმში სამი ოპოზიციური სუბიექტის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე; საპარლამენტო უმცირესობისა და ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე, ხოლო ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნებიდან“: ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე მანანა კობახიძე; რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი და ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების პარტიიდან თეა წულუკიანი.

გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას აშშ–ის სახელმწიფო მდივანთან ცალკე შეხვედრის მცდელობა ექნებოდა. თუმცა დაგეგმილი შეხვედრის ფორმატი ხუთ ოპოზიციონერ ლიდერთან ერთობლივ შეხვედრას ითვალისწინებდა.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეხვედრა დაგეგმილზე უფრო დიდხანს გაგრძელდა; მონაწილეთა თქმით, მათ მთელი რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის შიდა პოლიტიკა, მომავალი არჩევნები, საქართველოს ნატოში მისწრაფება და უსაფრთხოების ასპექტები რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში. 

დავით უსუფაშვილის თქმით, სახელმწიფო მდივანმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ „მისთვის ცნობილია ყველა ის პრობლემა, რაც ჩვენ გვაღელვებს დემოკრატიულ ინსტიტუტებთან დაკავშირებით“.

„მისთვის ცნობილია, რომ მედია გარემო არის მონოპოლიზირებული ხელისუფლების მხრიდან, რომ სასამართლოში არის სერიოზული პრობლემები. მისთვის ცნობილია ოპოზიციურ აქტივისტებზე  ზეწოლის ფაქტები და მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატების სტრუქტურები ძალიან სერიოზულ ყურადღებას უთმობენ ამას და გააგრძელებენ ამაზე მუშაობას“, – განაცხადა მან, „ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს დღეიდან არჩევნებამდე, რომ მთავარ მოთამაშეს – ქართველ ხალხს ქონდეს არჩევანის შესაძლებლობა და მან განსაზღვროს ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში. მან ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის თაობაზეც. დაინტერესდა იმითი, თუ რა ხდება მის მოქალაქეობასთან დაკავშირებით. ჩვენ მივაწოდეთ ეს ინფორმაცია, გადავეცით დოკუმენტები და კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ იქნა ნათქვამი, რომ მომავალ არჩევნებში შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს. ამით ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ხელისუფლებას არ და ვერ ექნება შეერთებული შტატების მხარდაჭერა, ეს მხარდაჭერა არც ოპოზიციას ექნება და ჩვენ არც ვითხოვდით ამას არასდროს. ეს ექნება ქართველ ხალხს და ჩვენთვის არის სრულიად მისაღები ფორმულა“. 

„ჩვენ ვისაუბრეთ ნატოში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე“, – განაგრძო უსუფაშვილმა, „აქ იყო სრული ერთსულოვნება. ჩვენ მადლობა გადავუხადეთ შეერთებულ შტატებს საქართველოს უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის საკითხში მათი პოლიტიკის და პოზიციისთვის, მაგრამ ვთქვით ისიც, რომ მეტის გაკეთება შეიძლებოდა ამ წლების განმავლობაში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის თვალსაზრისით, რაც კიდევ უფრო დაგვაახლოვებდა ნატოსთან. ქალბატონი კლინტონი იყო ძალიან კარგად ინფორმირებული და ობიექტურად ინფორმირებული აქაურ სიტუაციაზე, რაც საელჩოს და სხვა აქ მყოფი შეერთებული შტატების წარმომადგენლების დამსახურებაა“. 

ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ „ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო და ფაქტობრივად საათზე მეტხანს გაგრძელდა, არადა დაგეგმილი 45 წუთი იყო. ფაქტობრივად ყველაფერზე მოვასწარით საუბარი, ქალბატონი კლინტონის მოსაზრებების მოსმენა, არამარტო მისი".

„რა თქმა უნდა, ყველასთვის მთავარი იყო, ჩვენი პარტნიორებისთვის, ასევე ჩვენთვის, გვესაუბრა იმ თემებზე, რამაც უნდა მოაგვაროს პრობლემები, რაც პირდაპირ ეხება ჩვენი მოსახლეობის და რიგითი ოჯახების ცხოვრებას. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიები, როგორც მოკლევადიანი, მოდის არჩევნები. გარდა ამისა არის რუსეთის მხრიდან გარკვეული საფრთხის მოლოდინი და ამ თვალსაზრისით, ფაქტობრივად საქართველოს უსაფრთხოების ერთ–ერთი მთავარი გარანტის – ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურობა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ქართულმა საზოგადოებამ და სახელმწიფომ თავი იგრძნოს უფრო უსაფრთხოდ და სტაბილურად“, – განაცხადა თარგამაძემ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ არჩევნებსაც განვიხილავთ ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილად და ძალიან დეტალურად განვიხილეთ საარჩევნო გარემო, რომელიც არის ქვეყანაში“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ მნიშვმელოვანია იყოს „თანაბარი პირობები ყველა ძირითად მოთამაშისთვის, ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის, ყველა ადამიანისთვის მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ კონკურსში, შეჯიბრში, არჩევნებში – ეს უნდა იყოს გარანტირებული“. 

„ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ ამ შეხვედრით და დიდი იმედი გვაქვს, რომ ქალბატონი კლინტონის ვიზიტი პოლიტიკურად აისახება იმ საარჩევნო პროცესზე, რომელიც საქართველოში ნელ–ნელა იკრებს ძალას“, – განაცხადა თარგამაძემ.

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ ის ფაქტი, რომ შეხვედრა დაგეგმილზე უფრო დიდხანს გაგრძელდა იმის მანიშნებელია, რომ სახელმწიფო მდივანი დაინტერესებულია ოპოზიციაში და ქვეყანაში წინასაარჩევნო სიტუაციაში.

„მე ვისაუბრე იმაზე, რომ ამ არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ჩავატაროთ სამართლიან, თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში და ის, რომ ამ არჩევნების შედეგად მივიღოთ მრავალპარტიული სისტემა ერთპარტიული რეჟიმის ნაცვლად; ეს ეხება თანაბრად როგორც დღევანდელ მმართველ პარტიას, ისე "ქართულ ოცნებას", რომლის ლიდერიც აცხადებს, რომ კონსტიტუციური უმრავლესობის აღება სურს“, – განაცხადა გამყრელიძემ. 

„ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა არის გასაკეთებელი, რომ მედია იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი ყველა პოლიტიკური ძალისთვის, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება აღარ მოხდეს ხელისუფლების მხრიდან და რეალურად ამუშავდეს უწყებათაშორისი კომისია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

„მე მქონდა საუბარი ჩიკაგოს სამიტის შედეგებზე, დიდი მადლობა ვუთხარი ქალბატონ კლინტონს მისი მხარდაჭერისთვის, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ შემდეგი გაფართოების სამიტის წინ რა უნდა გააკეთოს საქართველომ – ერთ–ერთი, რა თქმა უნდა, არის თავისუფალი არჩევნები, მაგრამ კიდევ რა ტიპის რეფორმებია საჭირო, რომ ძალიან რეალისტური გახდეს შემდეგ სამიტზე საქართველოს გაწევრიანება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ძალიან სერიოზული საფრთხეა რუსეთის მხრიდან.

„ასევე, მე დავსვი საკითხი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პერსპექტივასთან დაკავშირებით, რამდენად რეალურია, რა ვადა არის განსასაზღვრი“, – განაცხადა გამყრელიძემ. „პრეტენზიები იყო ჩემი და ჩემი კოლეგების მხრიდანაც საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. თუმცა უნდა ითქვას, რომ ძალიან კარგად ინფორმირებული აღმოჩნდა ქალბატონი კლინტონი და მან ზედმიწევნით კარგად იცოდა პრობლემები მედიასთან დაკავშირებით, პრობლემები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით, ზოგადად შიშის ფაქტორი, რომელიც არსებობს ქვეყანაში. ეს ყველაფერი მისთვის ცნობილია, თუმცა მისი მზაობა დაფიქსირდა, რომ ის და ზოგადად ამერიკის ადმინისტრაცია მზად არის კონკრეტული წინადადებებით მიმართოს და რეკომენდაციებით საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტს იმისათვის, რომ უზრუნველყოს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მაგრამ ამავე დროს მან ხაზი გაუსვა, რომ არჩევანი უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა და ქართველი ხალხის არჩევანს უნდა დაემორჩილოს ყველა და უნდა იმოქმედოს ისე, როგორც ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს. ეს არის მათი პოზიცია და ისინი ამ პოზიციიდან არ გადაუხვევენ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ უახლოესი თვეების განმავლობაში ველოდებით უფრო მეტ მხარდაჭერას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ჩავატაროთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები“.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
23 აპრ.'14 19:03
ათენში საქართველოს და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა
მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებზე, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციაზე, ასევე უკრაინაზე იმსჯელეს.
23 აპრ.'14 14:31
ღარიბაშვილი: არანაირი სამთავრობო ცვლილება ან სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდება
მისი თქმით, „6%-იანი“ ნაციონალური მოძრაობა „აგორებს ჭორებს“, რათა „მოსახლეობაში შეიტანონ  დაძაბულობა და არასტაბილურობის განცდა“.
23 აპრ.'14 13:06
საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისს ეწვევიან
ვიზიტი მათი ერთობლივი ტურნეს ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ასევე მოიცავს მოლდოვასა და ტუნისში სტუმრობას. 
23 აპრ.'14 12:31
ფანჯიკიძე ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთს სტუმრობს
საგარეო საქმეთა მინისტრი თავის ბერძენ კოლეგას შეხვდება.
23 აპრ.'14 12:04
ირანის პრეზიდენტი საქართველოს ელჩს შეხვდა და აზერბაიჯანის გავლით სარკინიგზო ხაზის საკითხი წამოწია
ამ რკინიგზით მთელი რეგიონი მიიღებს სარგებელს, განაცხადა პრეზიდენტმა რუჰანიმ.
22 აპრ.'14 20:13
თბილისში სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა გაიხსნა
სააკაშვილმა განაცხადა აშშ-დან პირდაპირი ჩართვის დროს, რომ ის ბევრად უფრო მალე დაბრუნდება, ვიდრე ეს ივანიშვილს წარმოუდგენია.
22 აპრ.'14 19:42
ცესკომ ირაკლი ოქრუაშვილის გორის მერობის კანდიდატად რეგისტრაცია გააუქმა
საოლქო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი გახდა ის, რომ ოქრუაშვილს ბოლო 2 წელი საქართველოში არ უცხოვრია.
22 აპრ.'14 14:54
რუსეთმა ‘ჯაშუშობისთვის’ დაპატიმრებული ქართველი გაათავისუფლა
დღემდე რუსეთმა საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლა, რომლებიც სასჯელს ჯაშუშობისთვის იხდიდნენ.
22 აპრ.'14 14:06
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტს ახალი უფროსი ჰყავს
ბორის ატოევი, რომელიც სეპარატისტული რეგიონის უშიშროების კომიტეტს 2006 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობდა, პენსიაზე გაუშვეს.
21 აპრ.'14 14:58
ღარიბაშვილი ხუდონჰესის პროექტის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს
პროექტის სარგებელი მის უარყოფით ზემოქმედებას გადაწონის, განაცხადა ღარიბაშვილმა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2013, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
40