Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 15:26 - 8 თებ.'16
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აშშ–ის წარმომადგენელი საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 თებ.'12 / 12:59


თავდაცვის აკადემიის კურსანტები აშშ–ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის სელესტა ვოლანდერის გამოსვლას უსმენენ 22 თებერვალს გორში. 

საქართველო და აშშ თავდაცვის სფეროში ურთიერთობებს აღრმავებენ თანამშრომლობის „ახალი სფეროების“ ათვისების გზით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუშაობა აღარ გაგრძელდება „თავდაცვის სფეროს ინსტიტუციური მშენებლობის საფუძვლებზე“, რაზეც საქართველოს შეიარაღებული ძალების დახმარების პროცესში აშშ აქცენტს აკეთებდა ბოლო წლების განმავლობაში,  განაცხადა აშშ–ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ სელესტა ვოლანდერმა.

22 თებერვალს გორში თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში ქართველი ოფიცრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ვოლანდერმა განაცხადა, რომ ავღანეთის მისიისთვის მომზადების გარდა, აშშ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ასევე ეხმარებოდა „თავდაცვის სფეროს დოქტრინის შემუშავებაში, თავდაცვის სამინისტროში და შეიარაღებულ ძალებში შესაბამისი სტრუქტურების და სისტემების ორგანიზებაში და ეფექტური პროფესიონალური სამხედრო განათლების პროგრამის ჩამოყალიბებაში“.

„მართალია მუშაობა ამ მიმართულებებით არ დაგისრულებიათ, ჩვენი და ასევე ნატოს შეფასებები ცხადყოფს, რომ თქვენი რეფორმების წყალობით დაიწყო ისეთი შეიარაღებული ძალების მშენებლობა, რომელიც არა მხოლოდ უფრო თავსებადია აშშ–სთან და ნატოსთან, არამედ უკვე იწყებს დასავლური და ევრო–ატლანტიკური სტანდარტების შესაბამისი ქცევის დამკვიდრებას“, – განაცხადა ვოლანდერმა, რომლის გამოსვლის სრული ტექსტი აშშ–ის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
 
„საქართველოს შეიარაღებული ძალები თანამედროვე, პროფესიული შეიარაღებული ძალების სულისკვეთების ათვისების პროცესშია, ისეთი [სამხედრო ძალის], რომელიც თქვენი დემოკრატიის მხარდაჭერის საქმეში აპოლიტიკურ როლს თამაშობს. ეს გარდაქმნის პროცესი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვისაც და აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტისთვისაც „ძალიან სასიხარულო იყო ის განცხადება, რომელიც ჩვენმა პრეზიდენტებმა თავდაცვის სფეროში ჩვენი თანამშრომლობის განვითარების შესახებ გააკეთეს.“

„მაგრამ ჩვენი ურთიერთობის განვითარება თანამშრომლობის ახალი სფეროების ათვისების კუთხით არ ნიშნავს, რომ ჩვენ შევწყვეტთ თანამშრომლობას და აქცენტის გაკეთებას თავდაცვითი ინსტიტუციების მშენებლობის საფუძვლებზე, რამაც აქამდე წარმატება მოგიტანათ“, – განაცხადა ვოლანდერმა, თუმცა თანამშრომლობის „ახალი სფეროების“ დეტალებზე არ უსაუბრია.

„პირიქით, ახლა თქვენ უნდა დაიწყოთ ამ საფუძვლების სრულყოფილი ცოდნის დემონსტრირება და პრაქტიკაში გამოიყენოთ ის, სანამ არ მოხდება მათი შეიარაღებულ ძალებში ღრმად ფესვგადგმულ ტრადიციად დანერგვა“, – განაცხადა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ არსებობენ ისეთებით, ვინც ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოს მიერ მიღწეულ "პროგრესს".

„ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ეფექტური ნაბიჯი, რომელიც ამ სკეპტიკოსების დასარწმუნებლად შეიძლება გადადგათ არის ის, რომ ცალსახად დაანახოთ მათ, რომ თქვენ ნათლად გესმით და შეგწევთ უნარი  შესაფერისად მოიქცეთ და დემოკრატიულ სახელმწიფოში შეიარაღებული ძალების შესაბამისი როლი უზრუნველყოთ“, – განაცხადა ვოლანდერმა.

„ეს იმაზე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნებისმიერი იარაღის ან სამხედრო ტექნიკის შეძენა, საბრძოლო უნარჩვევების დაუფლება ან თუნდაც კოალიციის რომელიმე სამხედრო ძალებთან თავსებადობა. ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე თქვენი საბოლოო გამოცდის ჩასაბარებლად თქვენ უნდა აჩვენოთ, რომ საქართველოს სამხედრო ძალებს ესმით საკუთარი როლი სრულად დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოში", – აღნიშნა მან.

„მჯერა, რომ იმაზე მეტად ვერაფერი შეარყევს თქვენი ნატოსკენ მისწრაფებებისადმი მხარდაჭერას და ვერ გააძლიერებს მათ, ვინც ისედაც სკეპტიკურად არიან განწყობილნი თქვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართ, ვიდრე ისეთი საქციელი, ან ქმედებები, რომელიც არ შეესაბამება დემოკრატიულ, თანამედროვე, ევროპულ ქვეყანას“, – განაცხადა მან.

„წელს და მომავალ წელს, მსოფლიო აკვირდება საქართველოს იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, რათა დაინახოს შეუწყობს თუ არა ხელს თქვენი ამჟამინდელი რეფორმები კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას და არჩევნებს, რომლის შედეგადაც ქართველი ხალხის ნების შესაბამისად მოხდება ხელისუფლების თავისუფალი და სამართლიანი დემოკრატიული გადაცემა“, – განაცხადა ვოლანდერმა.

მან ასევე ისაუბრა იმ ძირითად პრინციპებზე, რომლის საფუძველზეც უნდა ჩამოყალიბდეს  შეიარაღებული ძალები დემოკრატიულ საზოგადოებაში, როგორიცაა კონსენსუსი საზოგადოების შიგნით შეიარაღებული ძალების როლსა და მიზანზე; შეიარაღებული ძალების პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე; შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლზე.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
08 თებ.'16 15:26
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი „თიბისი ჰოლდინგისა“ და ამერიკული Conti International–ის კონსორციუმმა მოიგო
ახალი ნავსადგურის პროექტის საერთო ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარად ფასდება.
08 თებ.'16 12:40
პრემიერ-მინისტრი ანაკლიის პორტის მშენებლობაში გამარჯვებულს დაასახელებს
კვირიკაშვილი ბრიფინგს 3 საათზე გამართავს და ორ პრეტენდენტს შორის გამარჯვებულს გამოავლენს.
08 თებ.'16 12:29
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ესტუმრება
ვოლსტრომი სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში თბილისს 8 თებერვალს ეწვევა.
06 თებ.'16 17:29
მესაკუთრეთა ბრძოლა ვალების მქონე ტელეკომპანია „მაესტროს“ კონტროლისთვის
გია გაჩეჩილაძის პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან „მეგობრულმა“ შეხვედრამ პოლიტიკური ჩარევის შესახებ ბრალდებები წარმოშვა.
05 თებ.'16 15:16
პარლამენტის სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ჩაიშალა
სამი მცდელობისას რეგისტრაცია სხდომის დასაწყებად საჭირო დეპუტატების რაოდენობამ არ გაიარა.
05 თებ.'16 14:43
Amnesty International: კანონპროექტი ‘რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის’ შესახებ საფრთხეს შეუქმნის გამოხატვის თავისუფლებას
უფლებადამცველი ორგანიზაციის თქმით, კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან „შეუსაბამო“ იქნება.
04 თებ.'16 18:15
უფლებადამცველები პარლამენტს მოუწოდებენ არ მიიღოს ‘რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან’ დაკავშირებული ცვლილებები
კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, „მნიშვნელოვნად შეზღუდავს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას“, აცხადებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჯგუფი.
04 თებ.'16 18:07
კალაძე სამუშაო ვიზიტით ბაქოს სტუმრობს
ენერგეტიკის მინისტრი SOCAR–ის პრეზიდენტს შეხვდა.
03 თებ.'16 21:03
პრეზიდენტმა პარლამენტს ყოველწლიური მოხსნებით მიმართა
მარგველაშვილმა შესაძლებლობების „ძალიან სწრაფი გამოყენებისკენ“ მოუწოდა, რათა საქართველომ „წინ გადადგას ნაბიჯი უფრო ეფექტური განვითარებისაკენ“.
03 თებ.'16 12:21
წლიურმა ინფლაციამ იანვარში 5.6% შეადგინა
იანვარში, წინა თვესთან შედარებით, 0.9%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2016, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
69