Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 17:22 - 1 სექ.'14
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საარჩევნო კოდექსის პროექტი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 სექ.'11 / 12:03

  • ცესკო აღარ იქნება ვალდებული არჩევნებამდე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა განსაზღვროს და გამოაქვეყნოს;
  • მარკირება აღარ განხორციელდება;
  • საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალი აღარ განთავსდება;
  • საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეთა უფლებამოსილებები იზრდება;

მოქმედი საარჩევნო ნორმების აბსოლუტური უმრავლესობა კოდექსის ახალ პროექტში უცვლელად არის გადმოტანილი, თუმცა ის რიგ მნიშვნელოვან ცვლილებებსაც შეიცავს. 

140-გვერდიანი კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა დამოუკიდებლად მოამზადა და 19 სექტემბერს იქნა ოფიციალურად ინიცირებული, მმართველი პარტიის ცნობით, 12 სექტემბერს გაიგზავნა ვენეციის კომისიაში. როგორც მმართველი პარტიის დეპუტატები აცხადებენ, პარლამენტი ამ ორგანული კანონის პროექტს ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე არ მიიღებს, ვიდრე მათ რეკომენდაციებს არ გაეცნობა.

"პროექტის ინიცირების მიუხედავად, მისი განხილვა ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ დაიწყება, მანამ კი, საზოგადოებას, მედიას და არასამთავრობი სექტორს პროექტის კარგად გაცნობის საშუალება ექნება", – განაცხადა  პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ 19 სექტემბერს ბიუროს სხდომაზე.

პროექტში წარმოდგენილია ყველა ის პუნქტი, რომელიც კანონმდებლობაში ასახვას საჭიროებს მმართველ პარტიასა და რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის მიღწეულ შეთანხმებაში, რომელსაც საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკებების მონაწილე ექვსი ოპოზიციური პარტია არ შეუერთდა.

ამ პუნქტებს შორისაა: პარლამენტის წევრთა 150-დან 190-მდე გაზრდა; მილიონი ლარით წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯების ანაზღაურება იმ პარტიებისთვის, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იან ბარიერს გადალახავენ; პარტიათა საარჩევნო ფონდებში შემოწირულობათა ზედა ზღვარის გაორმაგება; და თითო უბანზე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების 50 ლარით, ხოლო ოლქზე - 100 ლარით დაფინანსება. 

შემოთავაზებული სხვა ცვლილებებიდან ზოგიერთი შესაბამისობაშია ვენეციის კომისიის მიერ შარშან წარმოდგენილ რეკომენდაციებთან, მათ შორის გათვალისწინებულია მოწოდება ახალი კოდექსის მიღებაზე, რაც ვენეციის კომისიის თქმით, "დებულებების სისტემატიზირებას და გამარტივებას დაეხმარება და აღმოფხვრის კოდექსის სხვადასხვა მუხლებს შორის არსებულ ბუნდოვანებებს და შეუსაბამობებს, რაც შესაძლოა წინა წლებში ხშირად განხორციელებულმა ცვლილებებმა გამოიწვია"; თუმცა, ახალ პროექტში, ვენეციის კომისიის ყველა რჩევა არ არის ასახული.

ტექნიკური თვალსაზრისით, კანონპროექტი უკეთ არის სტრუქტურირებული და თითქმის აღმოფხვრილია ნორმათა ის გაორებები, რომელიც მრავლად მოიძებნებოდა 2001 წელს მიღებულ საარჩევნო კოდექსში, რომელშიც დღემდე 46-ჯერ განხორციელდა ცვლილებები და დამატებები.

ამოღებულია

პროექტის წარმოდგენილი შინაარსით დამტკიცების შემთხვევაში, მომდევნო არჩევნებზე 2003 წლიდან მოქმედი ამომრჩეველთა მარკირების პროცედურა აღარ განხორციელდება და არჩევნების პროცესის ვიდეოდაკვირვებისა და ჩაწერის მიზნით აღარც ე. წ. ვიდეოთვალის განთავსება იქნება კანონმდებლობით დაშვებული. მოქმედი საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ეს ნორმები ახალი პროექტიდან ამოღებულია.

გასულ წელს ვენეციის კომისიამ  საქართველოს საარჩევნო კოდექსიდან ვიდეოთვალის "პრობლემატური" რეგულაციების ამოღებისკენ მოუწოდა, რადგან "ჩამწერი ხელსაწყოების გამოყენებამ საარჩევნო უბნებზე, თუნდაც ის არ არღვევდეს ხმის მიცემის ფარულობას, შესაძლოა ამას მაინც შეუწყოს ხელი და ასევე ზოგიერთი ამომრჩევლის დაშინება გამოიწვიოს".   

პროექტიდან ასევე ამოღებულია ის მუხლი, რომლითაც მოქმედი საარჩევნო კოდექსი ცესკოს არჩევნებამდე პერიოდში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრასა და მის გამოქვეყნებას ავალდებულებს. თუმცა ცესკო კვლავაც ვალდებული რჩება, რომ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არჩევნების შემაჯამებელ ოქმში მიუთითოს. 

ამასთან, კანონპროექტის თანახმად, კენჭისყრის შემაჯამებელ ოქმში, რომელსაც საოლქო და საუბნო კომისიები ადგენენ, აღარ მიეთითება გამოუყენებელ და  გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობები, რაც მოქმედი კოდექსით სავალდებულოა; ოქმებში აღინიშნება მხოლოდ მიღებული და ბათილად ცნობილი ბიულეტენების ოდენობები. საარჩევნო ბიულეტენები, პროექტის თანახმად,  დამცავი ნიშნების მქონე ქაღალდზე  დაიბეჭდება.  

საარჩევნო ადმინისტრაცია

კანონპროექტში უცვლელად არის დატოვებული 13-წევრიანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების და თანამდებობის პირების არჩევის წესი, თუმცა რიგ შემთხვევებში იზრდება საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეთა უფლებამოსილებები.

კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტებს რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. მოქმედი წესებით, რეგისტრაციაში გატარებაზე გადაწყვეტილებას კოლექტიურად იღებს კომისია და არა ინდივიდუალურად მისი თავმჯდომარე.

ამასთან, პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატებს, პროექტის თანახმად, საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს ან მათ რეგისტრაციას ბლოკავს ცესკოს თავმჯდომარე და არა საოლქო კომისია, როგორც ეს დღეს მოქმედი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.

საარჩევნო ოლქებს, მათ  საზღვრებს, სახელწოდებებსა და ნომრებს ამ კანონით დადგენილი წესით განსაზღვრავს  ცესკო, ნათქვამია კანონპროექტში, სადაც მოქმედი რედაქციისაგან განსხვავებით, აღარ არის კონკრეტულად მითითებული, თუ რამდენი ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქი იქმნება საპარლამენტო არჩევნების დროს, მათ შორის თბილისში. 

კანონპროექტის მიხედვით, ცესკო არჩევნებს აჯამებს კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 19 დღეს, ამჟამად მოქმედი ვადის – 18 დღის ნაცვლად.

საარჩევნო  პერიოდში ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს, ასევე ცესკოს აპარატის თანამშრომლებს ეძლევათ ხელფასის ორმაგი ოდენობა, ნათქვამია საარჩევნო კოდექსის პროექტში.

ამასთან, ცესკოს საარჩევნო პერიოდში შესყიდვების განხორციელება გამარტივებული წესით შეეძლება, კანონპროექტის თანახმად, რომელშიც აღარ ფიგურირებს ცესკოს ვალდებულება, რომ საფინანსო ანგარიში ფინანსთა სამინისტროს წარუდგინოს; და ასევე კონტროლის პალატის უფლებამოსილება, რომ ცესკოს მიერ დახარჯული თანხების შემოწმება განახორციელოს. 

საარჩევნო კამპანია

კანონპროექტში წინასაარჩევნო კამპანიასთან, არჩევნების მედიის მიერ გაშუქებასთან და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან, ისევე როგორც კოდექსის ცალკეული დარღვევებისთვის გათვალისწინებული ფულადი საჯარიმო სანქციების ოდენობები, თითქმის უცვლელად არის გადმოტანილი მოქმედი საარჩევნო კოდექსიდან. 

მცირედი დამატებაა ასახული წინასაარჩევნო კამპანიის დროს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებულ დებულებაში. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ კამპანიის პერიოდში დაუგეგმავი სახელმწიფო ხარჯები იქნება გაწეული ან საბიუჯეტო პროგრამები გაიზრდება, „უფლებამოსილ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხარჯების შეჩერება“, ნათქვამია პროექტში.

საარჩევნო კოდექსის პროექტი, ისევე როგორც ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა, ყველა პარტიისა და კანდიდატის მიერ ადმინისტრაციული რესურსების თანაბარ გამოყენებას ითვალისწინებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს. შარშან გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში, ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ „ერთი შეხედვით, ეს დებულება თითქოსდა უზრუნველყოფს თანაბარი შესაძლებლობის პრინციპს“, მაგრამ პრაქტიკაში ამგვარი თანასწორობა შესაძლოა არ იყოს დაცული, რის გამოც "საარჩევნო კოდექსმა მკაფიოდ უნდა აკრძალოს ყველა ტიპის ადმინისტრაციული რესურსების – ფინანსური, მატერიალური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების პირდაპირი და არაპირდაპირი გამოყენება კამპანიის მიზნებისთვის“.

საჩივრები 

ამ კუთხით ერთადერთ სიახლეს წარმოადგენს დებულება, რომლის მიხედვითაც, საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში (2 დღის ვადაში) ან პირდაპირ სასამართლოში (4 დღის ვადაში)  - ამ უკანასკნელს მოქმედი საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს. 

თუმცა, პროექტის თანახმად, ანალოგიური წესი არ მოქმედებს საოლქო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების დროს, როცა საჩივარი ჯერ ცესკოში განიხილება და მხოლოდ ამის შემდეგ სასამართლოებში.

ამასთან, ძალაში რჩება მოქმედი დებულება, რომლის მიხედვითაც გასაჩივრება არ აჩერებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედებას; ხოლო კანონპროექტიდან ამოღებულია დებულება, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო პერიოდში, გამონაკლისის სახით, სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე არის გახანგრძლივებული.

პარლამენტის არჩევნები

პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის 107 წევრი აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ხოლო 83 წევრი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე 4 წლის ვადით, ნაცვლად დღეს არსებული 75/75–ზე შეფარდებისა 150 წევრიანი პარლამენტის პირობებში.

190 წევრამდე საკანონმდებლო ორგანოს  წევრთა გაზრდას,  საარჩევნო კოდექსში ასახვის გარდა, უპირველეს ყოვლისა, ესაჭიროება კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა. თუმცა ამ სადავო გზით დეპუტატთა რიცხოვნობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების ინიცირება ჯერ არ მომხდარა.

კანონპროექტის თანახმად, ასევე იზრდება პროპორციული წესით წარსადგენი დეპუტატობის კანდიდატთა სიის ოდენობა, რომელშიც მინიმუმი 150 და მაქსიმუმი 250 კანდიდატი უნდა იყოს შეყვანილი. მოქმედი საარჩევნო კოდექსით, პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 100-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი.

პროპორციული წესით ასარჩევ დეპუტატთა რაოდენობის ზრდის გამო იცვლება ასევე 5% ბარიერგადალახული პარტიების მიერ მიღებული მანდატების გამოთვლის ფორმულა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს 107-ზე და გაიყოს ასეთი პარტიების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას.

კანონპროექტის თანახმად, პარლამენტის მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ დამოუკიდებელ კანდიდატებს.  კანდიდატებს მხოლოდ პარტიები და საარჩევნო ბლოკები წარადგენენ, როგორც ეს მოქმედი საარჩევნო კოდექსით არის გათვალისწინებული.

პროექტის თანახმად, პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენის შემთხვევაში, თანამდებობების დატოვება აღარ მოუწევთ აუდიტორული საქმიანობის საბჭოს წევრებს;  ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და სხვა მარეგულირებელი ეროვნული კომისიების წევრებს, რაც მოქმედი კოდექსით, სავალდებულოა. 

საპარლამენტო არჩევნებისას საოლქო კომისია უფლებამოსილია, რომ საჩივრების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება საუბნო კომისიიდან მიღებული ბიულეტენების ხელახლა გადათვლაზე, თუმცა პროექტი უკვე აღარ ითვალისწინებს დღეს მოქმედ ნორმას იმის თაობაზე, რომ საოლქო კომისია ვალდებულია შეასრულოს ზემოაღნიშნული, თუ საარჩევნო უბნის შედეგებს შეუძლია არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენის მოხდენა.

კანონპროექტში გაჩენილი ახალი დებულების თანახმად, პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე არჩევნებს პრეზიდენტი დათხოვნის შესახებ შესაბამისი ბრძანებულების ამოქმედებისთანავე, მე–60 დღეს ნიშნავს.

პრეზიდენტის არჩევნები

საარჩევნო კოდექსის პროექტში პრეზიდენტის ცენზთან დაკავშირებით  შარშან ოქტომბერში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილება არის ასახული. კერძოდ, ამ პოსტზე შეიძლება აირჩეს  35 წლიდან საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 5 წელი მაინც უცხოვრია და არჩევნების დანიშვნის დღისთვის ბოლო 3 წელი ცხოვრობს საქართველოში.

პროექტის თანახმად ცესკო პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს არაუგვიანეს მე–8 დღის ნაცვლად, რაც მოქმედ კოდექსშია გათვალისწინებული, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე–20 დღეს აჯამებს.

პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებული ყველა სხვა დებულება, ისევე როგორც ადგილობრივი არჩევნების მარეგულირებელი ნორმები, თითქმის უცვლელად არის გადმოტანილი მოქმედი კანონმდებლობიდან საარჩევნო კოდექსის ახალ პროექტში.

იმავდროულად, კანონპროექტში დამატებულია რეფერენდუმის შესახებ ორგანულ კანონში ასახული ის ნორმები, რომელიც რეფერენდუმისა და პლებისციტის დანიშვნის, ჩატარებისა და შედეგების დადგომასთან დაკავშირებულ წესებს არეგულირებს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
01 სექ.'14 17:22
ნატოს გენერალური მდივანი იმ პაკეტზე საუბრობს, რომელიც ალიანსს ‘საქართველოს დაუახლოვებს’
ამ წინადადებებს შორისაა თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მისიისა და სამხედრო ტრეინინგ ცენტრის შექმნა საქართველოში.
01 სექ.'14 15:19
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა ამოქმედდა
პროგრამა ფერმერს შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფოს თანადაფინანსებით დააზღვიოს მოსავალი კერძო სადაზღვევო კომპანიებში.
01 სექ.'14 13:55
სამხედრო პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
ამ პოსტზე გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე, პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი დაინიშნა.
01 სექ.'14 12:59
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა
ერკი ტუომიოიას ვიზიტი 1-2 სექტემბერს შედგება.
01 სექ.'14 12:36
საქართველო სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცედურებს ახორციელებს
სააკაშვილმა თურქეთში ნაცმოძრაობის წევრებთან შეხვედრაზე „ახალი აქტიურობისკენ“ მოუწოდა, რათა თავიდან იქნას აცილებული საქართველოს „უკან წასვლა“.
30 აგვ.'14 15:29
დარიალის ხეობაში საავტომობილო გზა გაიხსნა
მეწყერის ჩამოწოლის გამო ათი დღის განმავლობაში შეწყვეტილი საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდულ რეჟიმში აღდგა.
30 აგვ.'14 13:10
დავით ბაქრაძე არადეკლარირებული საბანკო ანგარიშების თაობაზე პროკურატურაში დაკითხეს
„იმედი მაქვს, რომ პროკურატურამ მიიღო საკმარისი ინფორმაცია იმაში დასარწმუნებლად, რომ არანაირი კანონის დარღვევა ჩემი მხრიდან არ ყოფილა“,- განაცხადა მან.
30 აგვ.'14 10:52
აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს ესტუმრება
საქართველო "აშშ-ისა და ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ქმედუნარიანი პარტნიორია", - განაცხადა პენტაგონმა.
29 აგვ.'14 18:48
საქართველო უკრაინას მედიკამენტებით, აღჭურვილობით დაეხმარება
„შემდეგ ეტაპზე ჩამოვლენ ჩვენი ექიმები და შეაფასებენ რამდენად არის საჭიროება გადავიყვანოთ პაციენტები“ საქართველოში სამკურნალოდ, განაცხადა სერგეენკომ კიევში. 
29 აგვ.'14 15:02
ირაკლი ალასანია პარიზში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
„ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდება, გაღრმავდება და ყოვლისმომცველი გახდება“, - განაცხადა ალასანიამ შეხვედრის შემდეგ.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2013, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
51