Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 12:34 - 15 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სამართლებრივი წინააღმდეგობა პარლამენტის რიცხოვნობის ზრდის ირგვლივ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 ივნ.'11 / 20:02

  • საარჩევნო შეთანხმება პარლამენტის რიცხოვნობის 190–მდე გაზრდას ითვალისწინებს;
  • 2003 წლის რეფერენდუმის შედეგები დეპუტატთა რაოდენობას 150–ით განსაზღვრავს;
  • კანონით, რეფერენდუმის შედეგების შეცვლა შეიძლება ისევ რეფერენდუმით;
  • მმართველი პარტიის დეპუტატის თქმით, რეფერენდუმი არაკონსტიტუციური იყო;
  • მისი თქმით, 190–მდე გაზრდას სამართლებრივი წინააღმდეგობა არ ხვდება.

პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას საარჩევნო საკითხებზე, სამართლებრივ წინაღობას აწყდებიან ამ გარიგების ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტის – დეპუტატთა რაოდენობის ამჟამინდელი 150–დან 190–მდე გაზრდის –  შესრულების გზაზე, აცხადებენ ამ გადაწყვეტილების მოწინაღმდეგენი.

პარლამენტში სადეპუტატო მანდატების რაოდენობა 235–დან 150–მდე იმ რეფერენდუმის შედეგების შესაბამისად შემცირდა, რომელიც 2003 წლის 2 ნოემბრის სადავო საპარლამენტო არჩევნებთან ერთად გაიმართა.

რეფერენდუმის შესახებ ორგანული კანონის 28–ე მუხლის მე–4 პუნქტის მიხედვით, "რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება შეიძლება მხოლოდ რეფერენდუმით“.

2003 წლის 2 ნოემბერს გამართულ რეფერენდუმზე შეკითხვას "თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს არა უმეტეს 150 დეპუტატით“, დადებითად ამომრჩეველთა 83.5%–მა უპასუხა.

2005 წლის 23 თებერვალს პარლამენტმა ცვლილება შეიტანა კონსტიტუციაში და დეპუტატთა რაოდენობა 150–მდე შეამცირა. ეს გადაწყვეტილება 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად აღსრულდა.

რეფერენდუმი იმ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდა, რომელსაც 2003 წლის ნოემბრის "ვარდების რევოლუცია“ მოჰყვა. მაშინდელი საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული ნაწილი გამოცხადდა ბათილად უზენაესი სასამართლოს მიერ. თუმცა, მაშინ არც მაჟორიტარული წესით ჩატარებული არჩევნების და არც რეფერენდუმის შედეგები ეჭვქვეშ არ დამდგარა და სასამართლოსთვის მათი ბათილად ცნობის თაობაზე დღემდე არავის მიუმართავს.   

თუმცა რეფერენდუმის ჩატარებიდან შვიდნახევარი წლის გასვლის შემდეგ მისი კონსტიტუციურობა ეჭვქვეშ დადგა.

"2003 წლის რეფერენდუმი იყო არაკონსტიტუციური და მას იურიდიული ძალა არ გააჩნია, რადგან რეფერენდუმის გზით კონსტიტუციის შეცვლა დაუშვებელია. ამდენად, ამ რეფერენდუმის შედეგს, აპრიორი, ძალა არ აქვს“, – განუცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან აკაკი მინაშვილმა Civil.ge-ს.

მას მხედველობაში ჰქონდა კონსტიტუციის 74 მუხლი, რომლის მეორე პუნქტშიც ნათქვამია, რომ "არ შეიძლება რეფერენდუმის მოწყობა კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად“. 2003 წლის რეფერენდუმზე დასმული შეკითხვის შინაარსი ეხებოდა ცვლილების შეტანას და არა კანონის "მიღებას ან გაუქმებას“. თუმცა საკანონმდებლო შესწორება ცვლილებების ან დამატებების შეტანის შესახებ კანონის მიღებით ხორციელდება.

მაშინ როდესაც 2005 წელს კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები პარლამენტის რიცხოვნობის შემცირების თაობაზე, მინაშვილის განცხადებით, "ფორმალურად ეს გადაწყვეტილება რეფერენდუმის შედეგებს არ დაყრდნობია“.

ამდენად, მისი თქმით, საარჩევნო საკითხებზე მიღწეული შეთანხმება რეფერენდუმის შესახებ კანონთან "წინააღმდეგობაში არ მოდის“.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2005 წლის 10 თებერვალს პარლამენტში თავის ყოველწლიურ გამოსვლაში მოუწოდა დეპუტატებს იმ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისკენ, რომელიც რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით შეამცირებდა დეპუტატთა რიცხოვნობას. 

“2 300 000 ამომრჩეველმა განაცხადა [2003 წლის რეფერენდუმის დროს], რომ დეპუტატთა რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს 150-ს, და თუ ჩვენ ამას ვერ შევასრულებთ, ეს იქნება იმ ამომრჩეველთა დამცირება“, – განაცხადა სააკაშვილმა 2005 წლის 10 თებერვალს.

შვიდი დღის შემდეგ, 2005 წლის 17 თებერვალს პარლამენტმა შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო. იმავე დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა: „ის, რომ პარლამენტმა, მისმა უკლებლივ ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა შეძლო პარლამენტის რიცხოვნობის 235-დან 150-მდე შემცირების ისტორიული გადაწყვეტილების მიღება მიუთითებს იმას, რომ საქართველოს ჰყავს პარლამენტი, რომელიც უსმენს ამომრჩევლის ნებას”.

მოგვიანებით, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის მიზნით ქრისტიან–დემოკრატები პარლამენტის რიცხოვნობის ზრდის ინიციატივით გამოვიდნენ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის მზად იყო გადაეხედა რეფერენდუმის შედეგისთვის.

“თქვენ იცით, რომ რეფერენდუმის შედეგი იყო 150 კაციანი პარლამენტი, მაგრამ თუ ეს მოემსახურება ეროვნულ თანხმობას, სხვადასხვა პარტიებს შორის კონსენსუსს, ჩვენ მზად ვართ ასევე, რა თქმა უნდა, ავუხსნათ ჩვენ ხალხს, რომ ამისთვის ღირს 45 თუ 35 ადგილის დამატება, მაგრამ იმ პირობებში, თუ ყველა პოლიტიკური ძალა ამაზე შეთანხმდება“, - განაცხადა სააკაშვილმა 2008 წლის 18 მარტს. თუმცა მაშინ პარლამენტართა რიცხოვნობის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

უახლესი ამბები
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
12 დეკ.'17 18:51
დეპუტატები ქალთა სავალდებულო კვოტირების ინიციატივას მხარს უჭერენ
დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის მიღება 2018 წლის ადრეულ გაზაფხულზე იგეგმება. 
12 დეკ.'17 16:29
ჟენევასა და ბერლინში საქართველოს დიპლომატიურ მისიებს ახალი ელჩები უხელმძღვანელებენ
ვიქტორ დოლიძე და ელგუჯა ხოკრიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 2018 წლის იანვრიდან შეუდგებიან.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
90