Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:23 - 20 დეკ.'14
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრეზიდენტმა პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით მიმართა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 თებ.'11 / 23:55

პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით მიმართა.  

ქვემოთ მოცემულია პრეზიდენტის გამოსვლის ძირითადი პუნქტები:

  • თავის გამოსვლის დაწყებამდე პრეზიდენტმა სააკაშვილმა დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდა დასწრებოდა დებატებს ბოლომდე, მათ შორის ოპოზიციის გამოსვლებსაც, "იმიტომ რომ ქვეყანაში დემოკრატია წყდება აქ... აქ მიიღება მთავარი გადაწყვეტილებები. „ბოლომდე დაესწარით, თუ გინდათ იცოდეთ მართლა რა ხდება ქვეყანაში“. 
  • ათასობით მოქალაქესთან მაქვს შეხვედრა ზოგჯერ ტელეკამერებით, უმეტესად ტელეკამერების გარეშე. ვესაუბრები ყველას. ვხვდები მათ ვისაც პროფესია აქვს, მაგრამ არ აქვს შესაბამისი სამსახური. დღეს ჩვენი ხალხისთვის არ არსებობს იმაზე უფრო მეტი პრობლემა ვიდრე გაზრდილი ფასები. რეალური ხელფასები მცირდება ასევე ინფლაციის გამო.
  • ჩემი ყოველი დღე ამ „სასოწარკვეთილ“ ადამიანებზე ფიქრით იწყება.თუმცა ეს სასოწარკვეთა არ არის მხოლოდ საქართველოში, რადგან მან მთელი მსოფლიო მოიცვა. თუმცა მე არ ვაპირებ, რომ ყველაფერი გლობალურ პროცესებს დავაბრალო. ვიღებთ ყველა საჭირო ზომას, რომ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ ფასების ზრდისგან და საზოგადოება იყოს დაცული. უნდა მოხდეს მინიმიზაცია იმ ინფლაციური დარტყმის, რომელიც გარდაუვალია.
  • ვიწყებთ ელექტროენერგიის 20–ლარიანი ვაუჩერების დარიგებას თითოეული მოქალაქისთვის. 
  • მარტიდან საქართველოს ყველა ოჯახი მიიღებს 30–ლარიანი სასურსათო ვაუჩერს – ფასიან ქაღალდს. ვაუჩერის ყველა მფლობელს ექნება საშუალება, რომ სხვა ოჯახს დაუთმოს ეს დახმარება.
  • ორი გზაა: პირდაპირი დახმარება და მეორე, ეკონომიკაში ფულის ჩადება.
  • ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით ვიწყებთ მარცვლეულის წარმოების ინტენსიფიკაციის პროგრამას. 2010 წელს  2.2 ტონა იყო სიმინდის მოსავალი ერთ ჰექტარზე – ეს არის დაბალი მაჩვენებელი. წელს ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ სიმინდის ექსპორტიორები ახალი ჯიშების დანერგვით.
  • მთლიანობაში სოფლის მეურნეობაში მდგომარეობა არის ძალიან არადამაკმაყოფილებელი, მათ შორის გადამამუშავებელი საწარმოების გახსნის კუთხით, ძნელად ინერგება ახალი ტექნოლოგიები.
  • მივიღეთ გადაწყვეტილება სახელმწიფო უფრო აქტიურად ჩაერთოს ბიზნესთან პარტნიორობით სოფლის მეურნეობის განვითარებაში.  კერძოდ, კი აშენდება სოფლის მეურნეობების სასაწყობო მეურნეობები და ლოგისტიკური ცენტრები. 150 მლნ ლარით ვაპირებთ წელს სოფლის მეურნეობის დაფინანსების გაზრდას –ეს არის ჩვენი პასუხი ინფლაციაზე.
  • 2015 წლისთვის სოფლის მეურნეობა იქნება გაორმაგებული არსებულთან შედარებით.
  • მისი თქმით, უმუშევრობა არის დღეს ჩვენი განვითარების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი და პრობლემის დასაძლევად ვაგრძელებთ ინვესტიციებს დიდ ინფრაქსტრუქტურულ პროექტებში:
  • 2015 წლისთვის საქართველოს ყველა ქალაქს დააკავშირებს საერთაშორისო სტანდარტის გზა; გაგარძელდება სარკინიგზო, მათ შორის თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა და 70%–ზე მეტი მოსახლეობის იქნება გაზიფიცირებული.
  • 2015 წლისთვის იქნება თანამედროვე წყალსადენი და წყალმომარაგება ყველა დიდ დასახლებულ პუნქტში საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.
  • მისი თქმით, ტურიზმი და ენერგეტიკა არის ის დარგები, სადაც საქართველოს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.
  • უპირველესად ჩვენი მოქალაქეებისთვის გვინდა ტურიზმის განვითარება, რაც სწრაფ ეფექტს იძლევა უმუშევრობის დაძლევის თვალსაზრისით. სახელმწიფო პირდაპირ მონაწილეობს კერძო სექტორთან ერთად ტურისტული ინფრაქსტრუქტურის და ახალი კურორტების განვითარებაში.
  • 2015 წელს ვიზიტორების რაოდენობა იქნება 5 მილიონი. ჩვენი ქვეყანა ზამთრის ტურიზმის ერთ–ერთი მთავარი ცენტრი იქნება.
  • 2015 წელს 17 ჰესი აშენდება, ხოლო მშენებლობის პროცესში იქნება 13 ჰესი.
  • ჩვენ ვიწყებთ ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას, რომელიც 2015 წელს დააკმაყოფილებს ქვეყნის მოთხოვნას.
  • საქართველო არის კორუფციის გარეშე – ამას დიდი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მივაღწიეთ. მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი გვერდითი ეფექტი – მივიღეთ არა მოქნილი, მკაცრი სისტემა და გაჩნდა განცდა, რომ სახელმწიფოს მხოლოდ დასჯა შეუძლია და არ შეუძლია თანამშრომლობა.
  • აღარ ვაპირებთ დავკმაყოფილდეთ მხოლოდ იმით, რომ სისტემა არაკორუმპირებულია, ახალი ეკონომიკური კურსით სახელმწიფო უნდა იყოს ბიზნესის დამხმარე და ხელშემწყობი. ამას უნდა გრძნობდეს ყველა მეწარმე, რომელსაც შეხება აქვს სახელმწიფოსთან, რომლის სტრუქტურებსაც უნდა ჰქონდეს "თვითშეზღუდვის" უნარი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მეწარმეს საქართველოში გააჩნდეს ოპტიმიზმი.
  • ახალი საგადასახადო კოდექსის სისუსტეები უნდა გამოსწორდეს.
  • სააკაშვილის თქმით, საქართველოს ეკონომიკა უნდა იყოს მონოპოლიების გარეშე – „ვერავინ საქართველოში ვერაფერს ვერ დააჯდება და ეს არის ჩვენი პრინციპი“. დღეიდან ვებრძვით მონოპოლიების „მანკიერებას“ და თუ ერთად ვიმოქმედებთ ამას არ დავუშვებთ.
  • 2015 წლისთვის ჩვენი ექსპორტი უნდა გაორმაგდეს.
  • სულ მალე საქართველოში ამუშავდება პირველი კომპიუტერული საწარმო – გაიხსნება „ინტელის“ ქარხანა. ჩვენ პროგრამისტებსაც შეუძლიათ მაღალტექნოლოგიური პროდუქტის შექმნა, განაცხადა პრეზიდენტმა და მიესალმა პროგრამისტებს პარლამენტის დარბაზში, რომელთაც ახალი კომპიუტერული თამაში „პოლიცია“ შექმნეს.
  • ჩვენ გვაქვს გარკვეული წინსვლა განათლების სისტემაში, მაგრამ ძალიან ბევრი გვიკლია, რომ განათლების რეფორმა სრულფასოვნად ჩავთვალოთ. სერტიფიცირებული მასწავლებელი მიიღებს 200–ლარიან სახელფასო დანამატს და საუკეთესო შედეგის მაჩვენებელი მასწავლებლების 25%  – 1000 ლარს.
  • 2015 წლისთვის საქართველოში ყველა სკოლა იქნება შვედეთის სტანდარტებზე.
  • სააკაშვილის მიესალმა პარლამენტის დარბაზში მყოფ ინგლისურენოვან მასწავლებელს, რომელიც მის კოლეგებთან ერთად, პრეზიდენტის თქმით, გზას უხსნის ქართველ ახალგაზრდებს მსოფლიო მოქალაქეობისკენ.
  • მთავრობა ხშირად მაკროეკონომიკური პრობლემებითაა დაკავებული და ავიწყდება მიკრო, თითოეული ადამიანის ეკონომიკა. უბრალო მოქალაქეების უნდა გრძნობდნენ, რომ მათი პრობლემის შესახებ კარგად იციან მთავრობაში, განაცხადა მან.
  • ეკონომიკურმა კრიზისმა და ომმა მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია 100 საავადმყოფოს მშენებლობის პროექტზე, განაცხადა პრეზიდენტმა და აქვე დასძინა, რომ 2013 წლისთვის საქართველოში იფუნქციონირებს 100–ზე მეტი ახალი კლინიკა. ფსიქიატრია, ტუბერკულოზი, ინფექცია და შიდსი – ეს ის მიმართულებებია, რომელსაც, სააკაშვილის თქმით, მთავრობა კერძო სექტორს არ გადასცემს.
  • იგი მიესალმა ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღებას, რაც მისი თქმით, იქნება დიდი გამოცდა მართლმსაჯულების და ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.
  • გასულ წელს პირდაპირ ავირჩიეთ მერი თბილისში და შევძელით მაღალი პოლიტიკური მოწიფულობის დემონსტრაცია არჩევნებზე, განაცხადა პრეზიდენტმა და ამისთვის მადლობა ყველა ოპოზიციურ პარტიას გადაუხადა.
  • ახალი კონსტიტუცია ნამდვილი მაგალითია ოპონენტებთან თანამშრომლობის და ვინც უარი განაცხადა კონსტიტუციის მიღებაში მონაწილეობაზე, მათი პოზიციებიც ისმოდა მასმედიის საშუალებით, განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ახალი კონტიტუციური მოდელის მიღება იყო "დემოკრატიული წარმატება" და "ნამდვილად ისტორიული პროგრესი დემოკრატიის შენების".
  • სააკაშვილი ასევე მიესალმა დიალოგის პროცესს საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე.
  • "ურყევია ჩვენი კურსი ევროკავშირისკენ და ნატოსკენ".
  • მისი თქმით, გასულ წელს საერთაშორისო დონეზე საქართველოს წარმატებების ფონზე "მთლიანად ჩაფუშულია გეგმები საქართველოს იზოლაციის" და მისი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების.
  • სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას და მთლიანობას უპირისპირდება "ძლიერი მტერი". მიუხედევად იმისა, რომ რუსეთი გვეპყრობა როგორც მტერს, ჩვენ მზად ვართ მათთან დიალოგისთვის. მაგრამ არასდროს შევეგუებით საქართველოს დანაწევრებას, ქართველის ხალხის ევროპულ არჩევანს არასდროს არ დავთმობთ.
  • მისი თქმით, მომავალი არ გააჩნია რუსეთის ხელმძღვანელობის დღევანდელ კურსსაც, რომელიც იმპერიის აღდგენას ისახავს მიზნად. "ჩვენ ახლა ვიმყოფებით იმპერიის მილევის პერიოდში... აუცილებლად ყველანაირი იმპერიული ინსტინქტები დაჩლუნგდება,"– განაცხადა მან და დასძინა: განსაკუთრებული სიფხიზლე გვმართებს გარდაცვლილი საბჭოთა იმპერიის ხელოვნურად გაცოცხლების მცდელობისას.
  • მისი თქმით, უდიდეს პრიორიტეტად რჩება ზრუნვა დევნილ მოსახლეობაზე. „ამ ვალდებულების ფარგლებში მიმდინარეობს დევნილების დროებითი თავშესაფრის ნაცვლად კერძო საკუთრებაში არსებულ ბინებში განსახლება... შედეგად უკვე 25 ათასამდე დევნილი ცხოვრობს საკუთარ ბინაში ან გააჩნიათ საკუთარი კარ–მიდამო,“– განაცხადა პრეზიდენტმა და იქვე აღნიშნა, რომ „ეს პროცესი უდაოდ ძალიან მტკივნეულია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მათ არაერთხელ მოუწიათ ამ ტკივილის განცდა. ჩვენც გვტკივა მათთან ერთად“.
  • მისი თქმით, ფოთში, ბათუმში, წყალტუბოში, ანაკლიაში ჩასახლებული დევნილები უნდა გახდნენ ამ ადგილების "წარმატების ნაწილი". "ეს არის მნიშვნელოვანი პრინციპი, რადგან საქართველოს ოკუპირებული მიწების დაბრუნებას, მხოლოდ წამატებული თვითდაჯერებული მომავალში დარწმუნებული ხალხი შეძლებს,"– განაცხადა მან.
  • "ალბათ შეამჩნიეთ, რომ სხვადასხვა საკითხებზე საუბრისას მე არაერთხელ დავასახელე 2015 წელი, ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს განვითარების გრძელვადიანი გეგმის მიხედვით, რომელიც არ ერგება არავითარ საარჩევნო ვადებს და ცალკეულ პიროვნების პოლიტიკურ კარიერას და თუნდაც ამ პარლამენტის ვადას, არამედ იმას, რაც არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და ხალხმა უნდა იცოდეს საითკენ მივდივართ და კურსი გაგრძელდება, აუცილებლად გაგრძელდება. ყველაფერი იმას რასაც ვლაპარაკობ, ყველაფერი უკვე დაწყებული იქნება 2012–2013 წლებში. ეს არაფერი ახალი არ იქნება, მაგრამ ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში დასრულდება 2015 წელს. და ამიტომ 2015 წელი ამ გეგმის პირველი შედეგების შეჯამების წელიწადი იქნება,"– განაცხადა პრეზიდენტმა.
  • "2015 წელს ჩვენი გათვლებით და დღეს არსებული დინამიკის გათვალისწინებით საქართველოს მოსახლეობა დაუბრუნდება 5 მლნ–იან ნიშნულს. ამ დროისთვის ჩვენი გეგმით საქართველოს ბიუჯეტი იქნება გაორმაგებული, უმუშევრობა იქნება ორჯერ შემცირებული, საშუალო ხელფასი გაზრდილი 50%–ით, ხოლო საქართველო იქნება – ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, მიღწევადი ამოცანა, იმ რეფორმებზე დაფუძნებით, რომელიც გვაქვს, იმ დინამიკაზე დაფუძნებით, რომელიც გვაქვს –ევროპის ყველაზე მზარდი ეკონომიკა და ყველაზე მზარდი ქვეყანა,"– განაცხადა მან.

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, დაახლოებით, ნახევარსაათიანი შესვენების შემდეგ, დებატები დეპუტატების გამოსვლებით გაიხსნა.

გიორგი ახვლედიანმა ქრისტიან–დემოკრატიული ფრაქციიდან განაცხადა, რომ განვლილ წლებში პრეზიდენტის მიერ გაცემული დაპირებების 10%–იც კი არ არის შესრულებული. მან პრეზიდენტს დევნილების პრობლემა შეახსენა და განაცხადა, რომ ხელისუფლება დევნილებს „ატყუებს“. მისი თქმით, ხელისუფლება „უსამართლოდ“ ექცევა ასევე ვეტერანებსაც, რომელთაც კანონით ადრე გათვალისწინებული „მინიმალური შეღავათები“ მოეხსნათ. „თქვენი პასუხი კარგად ვნახეთ გმირთა მოედანზე 3 იანვარს [ვეტერანთა აქციის დაშლისას],“– მიმართა მან პრეზიდენტს. ახვლედიანის თქმით, ხელისუფლება არღვევს საკუთრების უფლებას და ხელვაჩაურის რაიონში მიწების ჩამორთმევის მაგალითი მოიყვანა. იგი მიესალმა დაბალ დონეზე კორუფციის არ არსებობას, თუმცა მიმართა პრეზიდენტს: „თქვენ ელიტარული კორუფცია შექმენით“. მან ასევე გააკრიტიკა ხელისუფლება მთის საზღვრისპირა სოფლების დაცლის პრობლემისადმი უყურადღებობის გამო, რაც „ე.წ. მცოცავი ანექსიის“ საფრთხესთან არის დაკავშირებული.  „ეჭვი მაქვს, რომ თქვენ დიდხანს აპირებთ ხელისუფლებაში დარჩენას, მაგრამ უნდა იმედები გაგიცრუოთ  – თქვენი იმედები არ ემთხვევა ქართველი ერის იმედებს. აპირებთ თუ არა თქვენი ვადის ამოწურვის შემდეგ მშვიდობიანად გადააბაროთ ხელისუფლება, თუ ხელისუფლების უზურპირებას“ გეგმავთ  –  ამ კითხვით მიმართა მან გამოსვლის დასასრულს მიხეილ სააკაშვილს.

გია თორთლაძე, ფრაქცია ძლიერი საქართველოს თავმჯდომარე საპარლამენტო უმცირესობიდან მიესალმა რა თავის გამოსვლაში სოფლის მეურნეობის სფეროში პრეზიდენტის მიერ გახმოვანებულ გეგმებს, ცხინვალის რეგიონის მიმდებარე ქართულ სოფლებში პირდაპირი სახელმწიფო სუბსიდირებისკენ მოუწოდა. მან შესთავაზა პენსიონერებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობის შემოღება.  მან ასევე განაცხადა, რომ სასამართლო რეფორმა „ნელა“ მიმდინარეობს და ეს პროცესი „დასაჩქარებელია“.  მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნები არ მოიწონებენ გარემოს დაცვის სამინისტროში დაგეგმილ რეორგანიზაციას, რასაც მან უწყების „გაუქმება“ უწოდა.

პავლე კუბლაშვილმა ნაციონალური მოძრაობიდან გააკრიტიკა ოპონენტები იმის გამო, რომ მათ დევნილთა პრობლემებზე საუბრისას ხაზი არ გაუსვეს იმას, რაც ამ კუთხით ხელისუფლებამ დადებითი ნაბიჯები გააკეთა. მისი თქმით, რეფორმების რადიკალური კურსი არ უნდა შეჩერდეს.

პაატა დავითაიამ, ვიცე–სპიკერმა და პარტიის ჩვენ თვითონ ლიდერმა დევნილთა პრობლემებს მიუძღვნა თავისი გამოსვლა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული საჯარო რეესტრის მონაცემებით 720 დევნილ ოჯახს აქვს დაკანონებული საკუთრება და არა 25 ათასს, როგორც ამას ხელისუფლება აცხადებს. მისი თქმით, აფხაზებმა და ოსებმა უნდა დაინახონ, რომ ამ რეგიონებიდან დევნილებს ექცევიან კარგად და „იქნებ მათაც მოუბრუნდეთ გული". იგი მიესალმა საქართველოსთან მიმართებაში ტერმინ „ოკუპაციის“ დამკვიდრებას საერთაშორისო დონეზე. 

ლევან ვეფხვაძემ, ვიცე–სპიკერმა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან ქვეყანაში მონოპოლიების არსებობაზე ისაუბრა და ამ მხრივ შაქრის, ასევე ბენზინის სფეროში არსებული ვითარება მოიყვანა მაგალითად. მისი თქმით, მონოპოლიები განაპირობებს იმას, რომ რეგიონში ამ პროდუქტებზე საქართველოში ყველაზე მაღალი ფასია. მან ასევე წამგებიანი უწოდა აზერბაიჯანთან გაზის მოწოდების თაობაზე გაფორმებული შეთანხმების პირობებს, რაზეც პრეზიდენტი შეეკამათა და თხოვა დაესახელებინა, რომელი ევროპული ქვეყანა იღებს გაზს იმაზე იაფად, ვიდრე საქართველო (160 აშშ დოლარად ათას კუბურ მეტრზე).

დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ, ქართული დასის ლიდერმა თავი გამოსვლაში თავისუფალი სასამართლო სისტემის არ არსებობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბიუჯეტის დიდი ნაწილი საპროცესო შეთანხმებით ივსება, "მედიის უდიდესი ნაწილი ხელისუფლების სამსახურშია", "ფეხქვეშ არის გათელილი საკუთრების უფლება". მან ასევე გააკრიტიკა ხელისუფლება ბელორუსის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებული პოზიციის გამო. „ვხედავ თქვენ დაახლოებას ბელორუსის ლიდერთან,“– მიმართა მან პრეზიდენტს, "სად არის დეკლარირებული პროდასავლური კურსი?“ მან ასევე შეახსენა სააკაშვილს მის მიერ დაპირებული „100 დოლარიანი პენსია“. მან  "გაუმართლებელი" ხარჯების შეჩერებისკენ მოუწოდა მაშინ, როცა ხალხი, მისი თქმით, "ნაგავში იქექება“.

აკაკი მინაშვილმა, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ოპონენტების გამოსვლები გააკრიტიკა „უპასუხიმგებლო გამოხატვის თავისუფლების“ გამო, რასაც აკლდა ყოველგვარი "არგუმენტები და დასაბუთება".

დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ ეროვნულ–დემოკრატიული პარტიიდან განაცხადა, რომ ის იმ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს, რომელიც ხელისუფლების როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებს ხედავს. „შეცვალეთ კურსი იმ სფეროებში, სადაც ჩავარდნაა,“– მიმართა მან პრეზიდენტს.  მან მოუწოდა ხელისუფლებას, რომ გამოიჩინოს პოლიტიკური ნება „სოციალური უთანასწორობის და ელიტარული კორუფციის დასამარცხებლად“.  პრეზიდენტმა თხოვა დეპუტატ ჩახვაძეს, რომ დაესახელებინა ის კონკრეტული პირი ქართული პოლიტიკური ელიტიდან, რომელიც პარლამენტის დარბაზში იყო წარმოდგენილი და რომელზეც კორუფციული ეჭვი გააჩნდა. ჩახვაძემ უპასუხა, რომ მას არ აქვს ეჭვი არც პრეზიდენტზე და არც მინისტრებზე ამ კუთხით, მაგრამ დაასახელა ის საშუალო რგოლის თანამდებობის პირები, რომელთაც დროდადრო კორუფციის ბრალდებით აკავებენ. „საშუალო ელიტარულ კორუფციას დავარქმევდი ამას,“– განაცხადა მან. 

“ან არის კორუფცია ყველგან ან არის კორუფცია არსად,“– იყო სააკაშვილის რეპლიკა, "გვაქვს პრეტენზია, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტა მთლიანობაში არის ძალიან სუფთა და ეს არის ჩვენი მთავარი მიღწევა“. 

საპარლამენტო უმცირესობისა და ქრისტიან–დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ თავისი გამოსვლა ტუნისსა და ეგვიპტეში მმართველი რეჟიმების ცვლის მაგალითით დაიწყო და განაცხადა, რომ ლიდერს ხელისუფლებიდან წასვლა უნდა შეეძლოს. მისი თქმით, უნდა შეიქმნას ისეთი პირობები, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელი გახდეს, რაც მისი თქმით, წელსვე საარჩევნო გარემოს რადიკალურ ცვლილებების გატარების მიხედვით გაირკვევა. „მე არასოდეს ვყოფილვარ თქვენი მხარდამჭერი, მაგრამ ჩვენ ან ერთად წავალთ წინ ან ორმოში ჩავარდნა და თქვენი მუბარაქიზაცია გარდაუვალია,“– მიმართა თარგამაძემ პრეზიდენტს. მან ხელისუფლება გააკრიტიკა ქვეყანაში „გენმოდიფიცირებული“ მედიისა და „ნახევარფაბრკატი“ სასამართლოს არსებობის გამო. მან ასევე ჩამოთვალა ხელისუფლების ყველა ის „უტოპიური პროექტები“, მათ შორის ანტიკრიზისული პროგრამა, ეკონომიკის სტიმულირების პროგრამა, 100 საავადმყოფოს, 100 საწარმოს პროგრამები, იაფი დაზღვევის პროგრამა, რომლებიც, მისი თქმით, „ჩავარდა“. თარგამაძის თქმით, ხელისუფლების მტკიცება „საინვესტიციო ბუმსა და რიგში მდგარი ინვესტორების“ შესახებ უბრალოდ „მითია“. თარგამაძემ განაცხადა, რომ „კორუფციის პირამიდის სათავეში“ დგას პრეზიდენტი იმ ფაქტის გამო, რომ მის ოფიციალურ ვებ–გვერდზე ვერ ნახავ შესაბამის ბრძანებულებებს და "ვერ გაიგებ ფული რაში იხარჯება“.

დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობიდან გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, რომ ეგვიპტისა და საქართველოს ერთმანეთთან შედარება „არაადეკვატური“ და „უსამართლოა“, რადგან ეგვიპტეში ამჟამად განვითარებული მოვლენები საქართველოში უკვე მოხდა „ვარდების რევოლუციის“ დროს. მისი თქმით, ამ ორ ქვეყანაში მოდერნიზაციაც სხვადასხვა ტემპებით არის განხორციელებული. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოში არის ორი სახის ოპოზიცია: შეურაცხადი და არაკომპეტენტური. მან ამ უკანასკნელს ქრისტიან–დემოკრატები მიაკუთვნა და განაცხადა, რომ "შეურაცხად ოპოზიციას არ ექნება არანაირი ვარიანტი, რომ ამ ქვეყანაში გაიმარჯვოს“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
20 დეკ.'14 18:23
ღარიბაშვილი საყდრისის შესახებ კომენტარს აკეთებს
მისი თქმით, ამ თემის აქტუალიზაციას ის "ვიწრო ჯგუფი" ახდენს, რომელიც არქეოლოგიური გათხრებისთვის გრანტებს იღებს.
20 დეკ.'14 16:59
ქართველი მოხალისე მებრძოლი უკრაინაში დაიღუპა
32 წლის ქართველი მებრძოლი ლუგანსკის რეგიონის ქალაქ სჩასტიაში მოკლეს.
20 დეკ.'14 13:28
აქტივისტები მოსმენების შესახებ სადავო რეგულაციების წინააღმდეგ კამპანიას აგრძელებენ
კამპანიის მონაწილეებმა 19 დეკემბერს თბილისის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართეს.
19 დეკ.'14 18:53
ლიტველი დიპლომატი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი გახდა
კესტუტის იანკაუსკასი 2011 წლიდან ლიტვის ელჩი იყო ნატოში.
19 დეკ.'14 15:28
პრეზიდენტი საყდრისის თაობაზე განცხადებას ავრცელებს
სასამართლოს დასრულებამდე ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოება „დაუშვებელია.“
19 დეკ.'14 14:23
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს
მას აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების იმედი აქვს.
19 დეკ.'14 11:52
აშშ მიესალმება ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შეთანხების რატიფიცირებას
„კენჭისყრა ცხადყოფს ევროპის მზარდ ნდობას საქართველოს მიმართ“, განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა.
19 დეკ.'14 11:44
ქართველი დიპლომატი მაღალი დონის მოლაპარაკებებზე პუტინის განცხადებას პასუხობს
მოლაპარაკებები მიზნად უნდა ისახავდეს „მთავარი პრობლემური“ საკითხების ეტაპობრივ მოგვარებას, განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
18 დეკ.'14 17:49
პუტინი საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ
მისი თქმით, კრემლი მზადაა ხელი შეუწყოს თბილისის პირდაპირ დიალოგს აფხაზებთან და ოსებთან; ასევე მოსკოვში უმასპინძლოს საქართველოს რომელიმე ლიდერს.
18 დეკ.'14 15:04
ევროპარლამენტმა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
ევროპარლამენტის წევრებმა 18 დეკემბერს 490 ხმით 76–ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს შეთანხმებას.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2013, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
52