პარლამენტმა ახალი საარჩევნო კოდექსი დაამტკიცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Dec.'11 / 18:42

პარლამენტმა 27 დეკემბერს მესამე და საბოლოო მოსმენით ახალი საარჩევნო კოდექსი მიიღო.

დღესვე პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პარლამენტის ახლებულ კონფიგურაციას (77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი,  75/75–ზე არსებული შეფარდების ნაცვლად) ითვალისწინებს.

იგივე  საკონსტიტუციო ცვლილებები აწესებს ნორმას, რომლის მიხედვითაც 5%–იან ბარიერგადალახული პარტია ფრაქციის შესაქმნელად საჭირო 6 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში.

კონსტიტუციაში შეტანილ კიდევ ერთ სიახლეს წარმოადგენს ნორმა, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო უმრავლესობა 150–წევრიან პარლამენტში არსებული 2/3–დან გაიზრდება 3/4–მდე. ეს ცვლილება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება. ამ დრომდე 2012 წელს ასარჩევ მომდევნო პარლამენტს, დაახლოებით, ერთი წელი ექნება იმისათვის, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები კვლავ 2/3–ით შეიტანოს.

Civil.Ge © 2001-2018